Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 17 ივლისი


მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობის საქმეზე დღეს არაერთი გაზეთი წერს. თემის კვლავ გააქტიურებას ხელი შსს-ს 16 ივლისის განცხადებამ შეუწყო. „ვინ მიიყვანა თვითმკვლელობამდე მამუკა მიქაუტაძე“ - ეს „ვერსიის“ სათაურია. ავტორი სტატიას კითხვებით ასრულებს: „პირველი და მთავარი - ვინ არის გელა მანჯავიძე და რატომ შეცვალა პირველი ჩვენება, რატომ სთავაზობდა ასე ჯიუტად ნარკოტიკს აწ გარდაცვლილ მიქაუტაძეს, რა წარსული აქვს მას და რა ურთიერთობა იმ წრესთან, სადაც მიქაუტაძე ტრიალებდა?“.

ამ თემაზე „ალიაც“ წერს: „გავარკვიეთ, რომ მანჯავიძეს აქვს კრიმინალური წარსული, არის ნასამართლევი ყაჩაღობისთვის, ის დაკავებული იყო 1995 წელს, ხოლო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სააკაშვილმა შეიწყალა. ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ მიქაუტაძე კრიმინალური სამყაროს მსხვერპლი აღმოჩნდა და მათ ის თვითმკვლელობამდე მიიყვანეს“, - წერს „ალიას“ ავტორი სტატიაში, სათაურით „როგორ კლავენ შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკურად“. ავტორი აგრეთვე წერს: „ის არის ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მარგალიტი, რომელსაც პრემიერი ამ ბრძოლაში ყველაზე მეტად ენდობა. ივანიშვილი სწორედ მასზე ამყარებს იმედებს და ამიტომაც „ნაციონალების“ მთავარი ამოცანა სწორედ მისი ჩამოცილებაა. ასევე „ოცნების“ გუნდშიც არიან ძალები, რომლებიც მის განეიტრალებას ცდილობენ“.

„ახალი თაობა“ წერს: „როგორც ბოლო მოვლენებმა ცხადყო და ეს მოსალოდნელიც იყო, წინა ხელისუფლების კუდები აღმასრულებელ ხელისუფლებაში და განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში ჯერ კიდევ მრავლად არიან, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში თავის კარიერას სასწორზე შეაგდებენ და ნებისმიერ დავალებას, მათ შორის საბოტაჟის შესახებ დავალებასაც უყოყმანოდ შეასრულებენ. ამის მცდელობის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება რასმუსენის ვიზიტის დროს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ სამართლიანობის აღდგენის ნიღაბქვეშ ჩატარებული მასობრივი სპეცოპერაცია იყო“.

„საქართველოს რესპუბლიკა“ ზურაბ ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილი რაულ უსუპოვის მამასთან - იაშა უსუპოვთან - ინტერვიუს აქვეყნებს. რესპონდენტი ამბობს: „მესამე დღეს უკვე გამოვიტანე დასკვნა, რომ ისინი მოკლულები იყვნენ. გამოძიება მიმდინარეობს იმ მიმართულებით, როგორ და რითი არიან მოკლულები. გაზით გაგუდვის ვერსია საერთოდ უნდა გამოვრიცხოთ“, - ამბობს იაშა უსუპოვი. ამავე ინტერვიუში წაიკითხავთ: „ისეთი ფაქტები დაიდება, რომ მერე ხმის ამოღებას ვერ გაბედავენ, შვილო, ნაციონალები. რა თქმა უნდა, მაღალი თანამდებობის პირების გარეშე მათ ვერ დახოცავდნენ“.

სისხლის სამართლის კიდევ ერთ საქმეზე წერს „რეზონანსი“: „2008 წლის 13 აგვისტოს გაუჩინარებული დავით ცინდელიანის საქმის გამოძიება ჩიხშია შესული. როგორც ადვოკატი ამბობს, მანაც და გამოძიებამაც დეტალურად იციან რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ ვინაიდან საქმის მთავარი მტკიცებულება - ცხედარი - არ არსებობს, საქმე მკვლელობის მუხლით ვერ აღიძვრება“. - „რეზონანსისთვის“ცინდელიანების ოჯახის ადვოკატ მანანა ჩხეტიანს უთქვამს, „ეს დათა ახალაიას ბრძანებით მოხდაო“. ჩხეტიანისავე თანახმად, ქუთაისიდან ბათუმში ჩაყვანილი დავით ცინდელიანი კუდის თანამშრომელმა კატერით ზღვაში გაიყვანა და წყალში ჩააგდო.

„ყველა სიახლის“ მთავარი სტატია პროსტიტუციაზეა - „ინტერნაციონალური პროსტიტუცია საქართველოში“. ავტორი წერს: „ჩვენმა რესპონდენტმა, რომელმაც გასაგები მიზეზების გამო ვინაობა არ დაასახელა, გვითხრა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სექსმომსახურების ადგილების მომრავლების შესახებ სულაც არ არის გადაჭარბებული: „განსაკუთრებით ეს თბილისსა და ბათუმზე ითქმის. „ბაზარს“ ძირითადად რაიონიდან ჩამოსულები ამარაგებენ“. „ყველა სიახლე“ სექსტურიზმის ზრდაზეც წერს, განსაკუთრებით კი თურქეთიდან და ირანიდან ნაკადს უსვამს ხაზს. გარდა ამისა, ავტორი შენიშნავს: „ბოლო პერიოდში უზბეკი მეძავებისთვის საქართველო დასაქმების პოპულარული ადგილი გახდა“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG