Accessibility links

logo-print
„რა ფასად გაყიდა ივანიშვილმა რუსული აქტივები“ - სტატიას ამ თემაზე დღეს გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს. გაზეთის თანახმად, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ბრალდება, თითქოს პუტინს ივანიშვილისთვის რუსულ აქტივებში 2 მილიარდი დოლარით მეტი აქვს მიცემული, „ყურით მოთრეული ამბავი“ და „კიდევ ერთი ტყუილია“. პრესცენტრი აზუსტებს, რომ ივანიშვილმა რუსული აქტივები საბაზროზე 10-15 პროცენტით ნაკლებ ფასად გაყიდა. ეკონომიკური ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი კი ამავე თემაზე „რეზონანსთან“ საუბარში ამბობს, რომ 2 მილიარდის ამბავი სააკაშვილის მხრიდან ახალი შავი პიარია.

„ხელისუფლების ორი არჩევანი, ანუ რა კატეგორიული მოთხოვნა წაუყენა დასავლეთმა უმრავლესობას“ - სტატიაში, რომელსაც გაზეთ „ალიაში“ წაიკითხავთ, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აღნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაციის ალტერნატივა ვერ მოინახა. „ ბევრმა არ იცის, არ იყო გამორიცხული, რომ არჩევნების შემდეგ საქმე მისულიყო სისხლისღვრამდე, იმდენად დაძაბული იყო სიტუაცია, აფეთქებამდე ცოტაღა აკლდა. ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა აღგვექვა როგორც მტერი, რომელიც უნდა გაგვენადგურებინა და ამ განადგურების ფორმები ძალიან მძიმე იქნებოდა. აქ უკვე აღარ იქნებოდა ხელკეტები და ქვები. დასავლეთმა გვითხრა - კეთილი ინებეთ, არჩევნებიდან არჩევნებამდე თავი მიიტანეთ მშვიდობიანად. მოგწონთ თუ არ მოგწონთ, ეს არის თქვენი ოპოზიცია,- ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო, - ეს არის თქვენი მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალა და უნდა აიტანოთო“, - უთხრა „ალიას“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.

„ბოკერიამ სასულიერო პირებს პროვოკაცია მოუწყო“, აღნიშნავს, თავის მხრივ, გაზეთ „ახალი თაობის“ ფურცლებზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე და სოლიდარობას უცხადებს სასულიერო პირებს, რომლებსაც 17 მაისის მოვლენების გამო ასამართლებენ. „ გაოცებული ვარ იმით, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნებიდან 10 თვის თავზე კვლავ კუბლაშვილის სასამართლოში ვართ და ვართ იმის მომსწრენი, რომ, ბოკერიასა და „ნაცმოძრაობის“ პროვოკაციის შედეგად, ეკლესიის მსახურებს ასამართლებენ. „ნაცმოძრაობა“ და მათი წარმომადგენლები ხალხს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ციხეებში აუპატიურებდნენ. ამ სისტემის შემქმნელები გარეთ თავისუფლად დადიან და ვიდრე ეს ასე იქნება, ყოველთვის იქნება უსამართლობის განცდა. სოლიდარობას ვუცხადებ სასულიერო პირებს, რომლებმაც 17 მაისს შესაძლოა ზედმეტი ემოცია გამოხატეს, მაგრამ მათი მხრიდან იმის მეასედიც არ ყოფილა, რაც 26 მაისს ხალხის წინააღმდეგ მოხდა“, - წაიკითხავთ გაზეთ „ახალ თაობაში.“

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ფურცლებზე კი ნინო ბურჯანაძის შანსებს პრეზიდენტის კანდიდატის პოსტზე „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერი, „თეთრების“ თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილი შემდეგნაირად აფასებს: „ პირველ ტურში, ვიცი, ქალბატონ ნინოს გამარჯვება გაუჭირდება. თუკი პირველივე ტურში გაიმარჯვებს მარგველაშვილი, ესე იგი არჩევნები გაყალბდა. მაგრამ მეორე ტურში თუ დარჩებიან მარგველაშვილი და ის, ვინც „ქართულმა ოცნებამ“ მის დასაპირისპირებლად შეარჩია, ეს ნიშნავს, რომ შეთქმულება მზადდება“. გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ფურცლებზე თემურ შაშიაშვილი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
XS
SM
MD
LG