Accessibility links

logo-print
„როგორც იქნა, ვადამდელი არჩევნების ჩატარება გადაწყდა!!!“ – „ალიას“ პირველ გვერდზე ნახავთ ამ სათაურს. სტატიაში კი წაიკითხავთ: „“ალიას“ სკანდალური ინფორმაცია ჩაუვარდა ხელში... გინდა დაიჯერეთ, გინდ - არა, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასა და საპარლამენტო უმრავლესობის კულუარებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება თითქმის გადაწყვეტილი ყოფილა. როგორც სანდო წყარო ამტკიცებს, „ალიასთან“ საუბარში ივანიშვილი უმრავლესობიდან დაახლოებით 50 ადამიანს დაიტოვებს და უკვე ცნობილია სავარაუდო სიაც კი“, - წერს „ალიას“ ავტორი და სტატიაში 50 დეპუტატის სახელებსაც ჩამოთვლის. „რატომ გახდა აუცილებელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ? ამის მთავარ მიზეზად კოალიციის წევრები „ნაციონალების“ მოშორებას კი ასახელებენ, მაგრამ ბოლო დროს ვეღარც იმას მალავენ, რომ თვით უმრავლესობაშიც გაჩნდა ბზარი“, - წერს „ალია“.

„რეზონანსს“ კი უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი ეუბნება, კოალიციაში შემავალი პარტიები „ადგილობრივ არჩევნებზეც ისევ ერთად ვიქნებითო“. ამავე ინტერვიუში ცაგარეიშვილს ჟურნალისტი ეკითხება, „თქვენ რას თვლით, რომ ვერ გააკეთეთო“. უმრავლესობის წევრის პასუხი: „კითხვები მაქვს პროკურატურის მუშაობასთან, ბიზნესის განვითარებასთან. არ მომწონს ის, თუ როგორ დასრულდა სასამართლოს რეფორმა. არ მომწონს ხშირ შემთხვევაში ჩვენი სიჩქარე, მაგრამ ვთვლი, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მოუმწიფებლობის ბრალია, თუმცა ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ“.

„ახალ თაობაში“ ინტერვიუა სოსო ცისკარიშვილთან. ის ამბობს: „სააკაშვილის მიზანი არცთუ ძნელი გამოსაცნობია. უკანასკნელი თვეების განმავლობაში ის ცდილობს რაც შეიძლება ფართო ნეგატივიზმი დანერგოს ჩვენს მოსახლეობაში ევროპისა და ამერიკის მიმართ, ხოლო შემდგომი გამოკითხვების საფუძველზე დააჯეროს საკუთარი დასავლელი გზაკვალაბნეული მეგობრები, რომ, დიახ, სწორედ მისი წასვლა აქტიური პოლიტიკიდან იყო მიზეზი იმისა, რომ საქართველომ შეიცვალა ორიენტაცია“.

„საქართველოს რესპუბლიკის“ ერთ-ერთი სტატიის ავტორი სვამს კითხვას და თვითონვე პასუხობს: „რატომ ხდება, რომ საქართველოს ხელმძღვანელებად უმეტესწილად ევლინებიან ისეთი ინდივიდები და პარტიები, რომელთაც არ ძალუძთ ქვეყანა სწორი გზით ატარონ? ამის მიზეზი უსასრულო ფაქტორებია, მაგრამ ერთი კი ცხადია - ქართულ წიაღში ძნელად წარმოიშობა საღი აზრი. დღემდე მიდის კამათი იმის შესახებ,1989 წლის აპრილის აქციებმა დადებითი შედეგი მოგვიტანა თუ უარყოფითი. რა თქმა უნდა - უარყოფითი! დავუპირისპირდით უზარმაზარ რუსეთს და ისიც მყისვე სეპარატისტების მხარეზე დადგა. სწორედ აქედან იწყება საქართველოს ტერიტორიის რღვევა და ზოგ რეგიონში პატრიოტული სულისკვეთების შესუსტება“, - ასე ფიქრობს „საქართველოს რესპუბლიკის“ სტატიის ავტორი.

ისევ „რეზონანსს“ მივუბრუნდები. გაზეთი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აცნობს მკითხველს. მარკეტინგული კვლევების ცენტრ „ეი-სი-თის“ ჩაუტარებია კვლევა აბორტის აკრძალვაზე. ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 56% აბორტის აკრძალვის მომხრეა, 31% თვლის, რომ აბორტი არ უნდა აიკრძალოს, ხოლო 13 პროცენტს აღნიშნულ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია ჯერ არ აქვს. „რეზონანსი“ წერს: „“ეი-სი-თის“ კვლევაში საინტერესოა მამაკაცების და ქალების დამოკიდებულება აბორტის მიმართ. კვლევის მიხედვით, გამოკითხულ ქალთა 50% და მამაკაცთა 64% აბორტის აკრძალვის მომხრეა, ხოლო 13-13%-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა“.
XS
SM
MD
LG