Accessibility links

„სად მიდის პრემიერი“ - ამოსავალი სტატიისა, რომელსაც დღეს გაზეთ „რეზონანსში“ წაიკითხავთ, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებაა იმის შესახებ, რომ პრემიერი რეალურად მიდის არა პოლიტიკიდან, არამედ თანამდებობიდან. „პრემიერ-მინისტრის მანდატი ოთხი წლით გაცემული არ ყოფილა. მანამდე თქვა ივანიშვილმა, რომ ის წავიდოდა. რეალურად ყველაზე დიდწონიანი ფიგურა სტატუსით ჩვეულებრივი მოქალაქე ხდება. ყველაზე წონიანი პოლიტიკოსი არ იქნება თანამდებობის პირი“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა. გაზეთი „რეზონანსი“ კი შენიშნავს, რომ მარგველაშვილის ბოლო ნათქვამის შემდეგ ცხადი ხდება, რომ შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ივანიშვილმა მართლაც დატოვოს თანამდებობა. ასეთ შემთხვევაში, გაზეთისთვის აქტუალობას იძენს მეორე საკითხი: ვინ დაიკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას.

სააკაშვილის ორ საიდუმლო სცენარზე ლაპარაკობს გაზეთი „ალია“, რომლის რესპონდენტი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პეტრე მამრაძე, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა რანგის დიპლომატებთან ცდილობს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღოს. სააკაშვილს აქვს ორი სცენარი, ამბობს პეტრე მამრაძე. პირველი სცენარით, იგი ბოლომდე იბრძოლებს, რომ ხელი არავინ ახლოს და საქართველოში დარჩეს, მეორე სცენარი კი, საფრთხის შემთხვევაში, მისი ქვეყნიდან გასვლას და უცხოეთში დარჩენას ითვალისწინებს. დანამდვილებით ვიცი, ამბობს პეტრე მამრაძე, რომ დასავლეთის მხრიდან არაერთგზის განხორციელდა ძალიან დიდი ზეწოლა ივანიშვილზე, რომ სააკაშვილი არ დააპატიმრონ“.

„ამერიკელებმა ირაკლი ალასანია გვერდზე გასწიეს“, - ამბობს, თავის მხრივ, გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბარში მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი. მისი ინფორმაციით, ამერიკელებს უნდათ ნაციონალები რესპუბლიკელებით ჩაანაცვლონ. „ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს ამისთვის. ალასანიაც ამერიკელების კაცად ითვლებოდა, მაგრამ ბოლო დროს აღარ მოსწონთ და ტექნიკურად გასწიეს გვერდზე. „ფორუმსაც“ კი ფერი დააკარგვინეს. რიგითი ფორუმელები და კონსერვატორები უკვე ხმამაღლა ჩივიან, ამას რას გვიშვრებიან, ფაქტობრივად გაგვარესპუბლიკელესო. მძიმე განწყობაა კოალიციაშიც - არ უნდათ, რომ ყველას თავზე რესპუბლიკური პარტია დააჯდეს“, - უთხრა გაზეთ „ახალ თაობას“ თემურ შაშიაშვილმა. იგი ამბობს, რომ ივანიშვილიც ამერიკის მითითებებით მოქმედებს.

”ურჩობა სამშობლოსათვის, ანუ როგორი პრეზიდენტი იქნებოდა სალომე ზურაბიშვილი“-გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებულ ამ სტატიაში ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იქნებოდა მორჩილი პრეზიდენტი, პრინციპულ საკითხებში მისი ურჩობა კი სამშობლოს ინტერესით იქნებოდა ნაკარნახევი და არა პირადული ზრახვებით. ამავე სტატიის თანახმად, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა ქვეყანას აარიდებდა პოლიტიკურ სნობიზმსა და პროვინციალიზმს და, ამავდროულად, გულწრფელი იქნებოდა. სალომე ზურაბიშვილის დიპლომატიური გამოცდილება, საერთაშორისო ცნობადობა და კონტაქტები დიდად წაადგებოდა დასავლეთისაკენ ჩვენს სწრაფვას. ჩვენს დიდ მეზობელსაც კვლავაც ბევრჯერ აღმოუჩენდა „დეტალებში დამალულ ეშმაკს“, რითაც დათმობებზე წასვლას აიძულებდა“, - წაიკითხავთ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“.
XS
SM
MD
LG