Accessibility links

logo-print
„რეზონანსი“ წერს: „სპეციალისტები ამბობენ, რომ აგვისტოს ომიდან 5 წლის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული დანაკარგი მიადგა ქვეყანას, ჯერ კიდევ არაა ცნობილი. ასევე არ ვიცით, შეივსო თუ არა ქვეყანამ დანაკლისი, რა მდგომარეობაა თავდაცვის კუთხით ახლა და რა ბედი ეწევა მთლიანად ქვეყანას და თბილისს კონფლიქტის განმეორების შემთხვევაში“. „რეზონანსის“ დღევანდელ სტატიაში აგრეთვე წაიკითხავთ: „აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ თბილისის უსაფრთხოებისთვის სხვადასხვა ადგილებში თავდაცვითი სიმაგრეების მშენებლობა დაიწყო“. ამ საკითხზე „რეზონანსისთვის“ „არსენალის“ მთავარ რედაქტორს ირაკლი ალადაშვილს უთქვამს: „ვინც მცხეთის, წითელი ხიდისკენ მოძრაობს, შეუძლია ეს სიმაგრეები დაინახოს. ეს გუგლის რუკის მეშვეობითაც ჩანს. სტაციონარული და მუდმივი ადგილი საიდუმლოს არ წარმოადგენს. რუსული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავები ახალგორის ოკუპაციის შემდეგ თბილისის თავზე მუდმივად დაფრინავენ. შეიძლება ასეთი სიმაგრეები გაკეთდეს, მაგრამ მთავარი ისაა, თუ რამდენად სწორად და ტაქტიკური თვალსაზრისით ეფექტურად კეთდება. მე უფრო მგონია, რომ მათ მშენებლობაზე დიდი რაოდენობით თანხის „მოტეხასთან“ გვაქვს საქმე“..

„ეს თვალების ამხელი ინტერვიუ უნდა ყოფილიყო“ - ამ სტატიით „24 საათი“ რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის 6 აგვისტოს სატელევიზიო ინტერვიუს ეხმაურება. სტატიაში სხვადასხვა მოსაზრებას გაეცნობით. „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებელს, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს სერგი კაპანაძეს უთქვამს: „მედვედევმა ძალიან ნათლად გაიმეორა ის, რომ ეს იყო ომი, რომელიც რეალურად რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარეობდა. ის, რომ დევნილების დაბრუნება, თურმე, არ ეხება რუსეთის ფედერაციას, მათ შორის ის, რომ ჯარების გაყვანა აღარ არის მისი ვალდებულება, რადგან საქართველოს საზღვრები შეიცვალა, ცინიკური პოზიციაა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართალთან. აქედან გამომდინარე, ეს უფრო, ალბათ, თვალების ამხელი ინტერვიუ უნდა ყოფილიყო“.

„ალიაში“ უშიშროების ყოფილ მინისტრ ვალერი ხაბურძანიასთან ინტერვიუ ქვეყნდება. „ქვეყანაში არის სამი სახის პოლიტიკური ვექტორი. ესენია: დასავლური ვექტორი, ეროვნული და რუსული ვექტორები. თუ ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ იმუშაოს პოლიტიკურმა სისტემამ, უნდა დააბალანსოს ეს სამივე ვექტორი, ამის შემდეგ თვითონ უნდა გავიდეს პოლიტიკიდან. ამწუთას ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია ეროვნული ვექტორი, ის დაშლილია და გასულია პოლიტიკური სივრციდან“, - აცხადებს ვალერი ხაბურძანია „ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში, სადაც ასეთ მოსაზრებასაც გამოთქვამს: „ჩვენ ევრაზიის კავშირთან რეგიონული თვალსაზრისით მაინც გვაერთიანებს რაღაცა. ასევე არსებობს ისტორიული კავშირები. როგორც კი გაახელს თვალს ქართველი კაცი, მაშინვე შეხება აქვს რუსეთთან. გამოაღებთ თუ არა მაცივარს, მაშინვე ამ ქვეყანასთან გაქვთ შეხება, პროდუქტების უმეტესი ნაწილიც კი რუსეთიდანაა შემოტანილი“.

საქართველოს ეკონომიკაში რთული ვითარების შექმნის მიზეზებზე ეუბნება „ახალ თაობას „ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი: „ორხელისუფლებიანობა, რომელიც სრულიად მკაფიოა დღეს ჩვენს ქვეყანაში, განაპირობებს დაბნეულობას, რომელიც ბიზნესწრეებშია. მცირე ბიზნესი და დიდი ბიზნესი დღეს შეიძლება შევადაროთ ლოკოკინასა და კუს. ერთსაც და მეორესაც სისხლში აქვს გამჯდარი თავის შეფარება რაიმე საფრთხის დროს. საკუთარი თავშესაფარი მათ თან დააქვთ. ბიზნესმენებს ამის ფუფუნება არ გააჩნიათ და მათი თავშესაფარი მაშინ, როდესაც გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ლიდერი ამბობს, რომ მივდივარ, ხოლო დამარცხებული პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მე დავბრუნდები, რასაკვირველია, ლოკოკინასაც და კუსაც სპრინტერული ტემპით გააქცევდა მიდამოდან. ამიტომ საუკეთესო სცენარი დღევანდელი ბიზნესისთვის არის ლოდინი ერთხელისუფლებიანობისა, რომ გაიგონ ვისი წესებით უნდა ითამაშონ ქართულ ეკონომიკაში“.
XS
SM
MD
LG