Accessibility links

logo-print
დღევანდელ „ალიაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. კობახიძე აცხადებს: “ჩემი პირადი პოზიცია თუ გაინტერესებთ, მიხეილ სააკაშვილი უნდა იჯდეს გლდანის ციხეში. მე ვფიქრობ, როცა ის აღარ იქნება პრეზიდენტი, პროცედურის განხორციელება უფრო გაადვილდება და ის სამართლებრივი გზით ყველაფერზე პასუხს აგებს. მე ნამდვილად არ მინდა მისი გაცილება უცხოეთში, რათა სადმე ლექციები წაიკითხოს“. ამავე ინტერვიუში პარლამენტის ვიცე-სპიკერი სასამართლოზეც ლაპარაკობს: „სხვათა შორის, ბაჩო ახალაიასთან და ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებული პროცესები გვაჩვენებს, დღეს სასამართლოს მართავს თუ არა კიდევ ვიღაც უხილავი პიროვნება. თუ მოსამართლეები ისევ საეჭვო გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ცხადია, დადგება მათი და ასევე კოტე კუბლაშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ კუბლაშვილი ხელშეუხებელია, ძალიან ცდება“, - განუცხადა მანანა კობახიძემ „ალიას“.

„ივანიშვილი მთვარეზე არ მიდის - არც პოლიტიკიდან მიდის, მიდის თანამდებობიდან და გადადის სამოქალაქო სექტორში. სანამ ივანიშვილი საქართველოში იქნება, პოლიტიკაზე გავლენაც ექნება“, - ეუბნება უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი „ვერსიას“. ამავე ინტერვიუში წაიკითხავთ: „კოალიციის დაშლა ჩვენს ინტერესში არ შედის. ჩვენ უმადური ხალხი არ ვართ და არასოდეს დაგვავიწყდება, რომ ხელისუფლებაში მოსვლაში ივანიშვილი დაგვეხმარა. თუ თავად „ოცნება“ იტყვის, რომ უნდა მეგობრებისგან თავი გაითავისუფლოს, რა პრობლემაა. უბრალოდ, არ მესმის, ეს რატომ უნდა მოხდეს მხოლოდ იმიტომ, რომ „რესპუბლიკელები“ ერთი-ორ დეპუტატს ნერვებს უშლის? მერე რა მოხდა, იცით, რამდენი რამე მიშლის ნერვებს, მაგრამ ვითმენ“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი „ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

„სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი“ - ამ სათაურით „რეზონანსი“ სთავაზობს მკითხველს სტატიას, რომლის ავტორი წერს: „ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა „ნაციონალებს“ გააძლიერებს და, შესაძლოა, მათი ხელისუფლებაში დაბრუნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდანაც კი დაიწყოს. თუმცა ასეთ ვითარებაშიც კი გაცილებით ნაკლებია სააკაშვილის პიროვნული შანსი, მიუხედავად იმისა, რომ მას კონსტიტუციით ხელისუფლებაში ყოფნის ყველანაირი შესაძლებლობა გააჩნია - ასეთია ექსპერტების შეფასება“.

„ახალი თაობა“ ნანა კაკაბაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. რესპონდენტი საპრეზიდენტო არჩევნებზეც ლაპარაკობს: „ძალიან ხშირად მესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს მხარი დაუჭიროს გიორგი მარგველაშვილს - მხარი დაუჭირონ იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, მათი გამარჯვება აბსურდია. ეს არაფერს არ ეფუძნება და ისინი ვერასდროს გაიმარჯვებენ არჩევნებში. ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ ხალხის მეხსიერებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არსებობს, ესენი ვეღარ დაბრუნდებიან. ამიტომ ცდილობენ მხარი დაუჭირონ უკვე კოაბიტირებულ ხელისუფლებას, რომელთანაც უკვე გამონახული აქვთ საერთო ენა. ერთადერთ შიშის ფაქტორს დღეს მათთვის წარმოადგენს ნინო ბურჯანაძე“.

დღეს გამოვიდა სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ სექტემბრის ნომერი. მასში რამდენიმე პუბლიკაცია ეძღვნება აფხაზეთის ომს. ჟურნალი ქართველი და აფხაზი ვეტერანების დღევანდელ მდგომარეობაზეც წერს. 46 წლის სოხუმელი აფხაზის მონათხრობში წაიკითხავთ: „არავითარი იდეალები არ არსებობს, ყველაფერს პოლიტიკა წყვეტს, რასაც გულუბრყვილო ადამიანები ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სწირავენ. ჩვენ ჩვენივე ქვეყანაში ელემენტარული საარსებო პირობებისთვის ხვეწნა გვიწევდა და ასეა ახლაც. პასუხად გვესმის, რომ პატარა, ნაომარი ქვეყანა ვართ და გასაჭირი ღირსეულად უნდა მოვითმინოთ. არადა, ამ გაჭირვებით ბევრმა იხეირა, მათ შორის - მეომრებმაც. პოლიტიკაში წავიდნენ და შეიცვალნენ“. „არსენალის“ პუბლიკაციაში 52 წლის ქართველი ვეტერანის მონათხრობიც არის. ის ტყვეობისა და დაინვალიდების ისტორიას ჰყვება: „რამდენჯერ უკიდურესი ტკივილი მომითმენია იმიტომ, რომ წამლის ფული არ მქონდა. სადაც მივდივარ, წამლები დამაქვს თან. არ იყო ამის გაკეთება საჭირო. ურაპატრიოტიზმი არავის არაფერში წასდგომია, მათ შორის - არც ქვეყანას... იქ უნდა მოვეკალით, ასე ჯობდა“, - წაიკითხავთ „არსენალის“ პუბლიკაციაში.
XS
SM
MD
LG