Accessibility links

რუსეთის პრესა აქტიურად ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს, რომელიც პრემიერ-მინისტრმა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა. სტატია ამ თემას „კომერსანტმა“ მიუძღვნა. ჟურნალისტი გიორგი დვალი წერს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების შესახებ დატოვოს პოსტი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. დვალს ღია წერილიდან შემდეგი ციტატა მოჰყავს: „საზოგადოება არ უნდა იყოს მუდმივად მესიის მოლოდინში, რადგან საზოგადოების ხსნა მის ეფექტურობაში, მაღალი პასუხისმგებლობის უნარსა და პოლიტიკურ სიმწიფეშია და საზოგადოებამ უნდა მონახოს მექანიზმი, რომლითაც გააკონტროლებს და პარტნიორობას გაუწევს ხელისუფლებას”. დვალი განმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრი პოსტის დატოვების შემდეგ აპირებს სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად იმუშაოს „საზოგადოების პოლიტიკური კულტურის ამაღლებაზე“, რომელმაც, როგორც ივანიშვილი ამბობს, „მომავალში კანდიდატს ხმა უნდა მისცეს საარჩევნო პროგრამის და არა მომავალი მესიის მოლოდინის გამო“.

გიორგი დვალი ივანიშვილის გადაწყვეტილების შესახებ კახი კალაძის, დავით ბაქრაძისა და ზურაბ ღოღობერიძის შეფასებებზეც წერს. კალაძე პრემიერ-მინისტრის ნაბიჯში საზოგადოების კულტურის ამაღლების პერსპექტივას ხედავს, მაშინ როცა „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით ბაქრაძე, ივანიშვილის გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ თუ პოსტს ახლანდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს, შეიძლება ქვეყანაში „საჭირო გადაწყვეტილებების მიღების დეფიციტი გაჩნდეს“. პოლიტოლოგი ზურაბ ღოღობერიძე „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებას განაპირობებს მისი სურვილი არ დათმოს საფრანგეთის მოქალაქეობა, ვინაიდან 2014 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობის მეთაურს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა უნდა ჰქონდეს.

სტატიის ბოლოს ერთი აბზაცია გამოყოფილი, ქვესათაურით: „როგორ შეარჩია მემკვიდრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა“. ამ აბზაცში საუბარია გიორგი კვირიკაშვილის შესახებ და მოყვანილია მისი კომენტარიც, რომ შესაძლოა მისი კანდიდატურაც განიხილებოდეს პრემიერის პოსტზე, თუმცა არ სურს, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილმა თანამდებობა დატოვოს.

„რუსეთმა ქართულ ყურძენზე ჯერ არნახული მოთხოვნა გააჩინა“ - სტატიას ასეთი სათაურით „იზვესტია“ აქვეყნებს. მიხაილ ვიგნანსკის სტატიაში საუბარია ყურძნის მოსავლის მოლოდინზე და ასევე საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე მას შემდეგ, რაც ქართული ღვინისთვის რუსეთის ბაზარი კვლავ გაიხსნა. ვიგნანსკი ხაზს უსვამს სტატისტიკურ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, წელს საქართველოში 160 ათას ტონა ყურძენს ელოდებიან, რაც ორჯერ აღემატება შარშანდელ მოსავალს. ასევე ჟურნალისტი ხაზს უსვამს უკვე არსებულ ფასებს ბაზარზე, რომელთა მიხედვითაც, 1 კილოგრამი ყურძენი უკვე 1 ლარი ღირს, რაც ასევე საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ვიგნანსკი ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს ლევან დავითაშვილს ესაუბრა. დავითაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ბაზრის გახსნამ სტიმული მისცა ქართველ მეღვინეებს. დავითაშვილი ამბობს, რომ რუსეთში ქართული ღვინო კვლავ პოპულარულია და ამის დასტურად ექსპორტის მაჩვენებლების ზრდას იშველიებს.

რუსეთის პრესა ასევე აქტიურად გამოეხმაურა რიო-დე-ჟანეიროში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში. გუნდური ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხა. ამ ფაქტს „ნოვაია გაზეტა“ გამოეხმაურა, რომელმაც ამბავი შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: „საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში უსამართლოდ გახდა“. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ქართველმა სპორტსმენმა რუს ძიუდოისტს ჭიდაობის დროს უკბინა, რაც წესებით აკრძალულია. გამოცემას ასევე მოჰყავს დენისოვის განცხადებაც, რომ მსაჯმა, რომელმაც კბენის მომენტი ნათლად დაინახა, უბრალოდ, გაიღიმა და ძიუდოისტებს ორთაბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა. სტატიის დასასრულს აღნიშნულია, რომ ორთაბრძოლის შემდეგ ლიპარტელიანმა დენისოვს მოუბოდიშა.
XS
SM
MD
LG