Accessibility links

logo-print
უცხოეთის პრესის მიმოხილვაში ამჯერად გაგაცნობთ გამოხმაურებას, რომელიც მოჰყვა სომხეთის გადაწყვეტილებას საბაჟო კავშირში შესვლის შესახებ.

„წინადადება, რომელზეც სარქსიანი უარს ვერ იტყოდა“ - ასეა დასათაურებული კარნეგის ფონდის მოსკოვის ცენტრის ვებსაიტზე გამოქვეყნებული სტატია. მისი ავტორი, კავკასიის საკითხების ექსპერტი, თომას დე ვაალი დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სრქისიანის გადაწყვეტილება საბაჟო კავშირში შესვლის შესახებ მოულოდნელი იყო. ამ გადაწყვეტილების შესახებ სარქსიანმა სამშაბათს, მოსკოვში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას გამოაცხადა. საბაჟო კავშირი, მოსკოვის ინიციატივით შექმნილი გაერთიანებაა. რუსეთთან ერთად მასში ყაზახეთი და ბელორუსია აწევრიანებს.

თომას დე ვაალის სტატიაში ვკითხულობთ: „სომხეთის ხელისუფლებისათვის ეს მართლაც გრძელი და ცხელი ზაფხული იყო. ევროკავშირთან მოლაპარაკებების ტემპი სულ უფრო მატულობდა ვილნიუსში აღმოსავლეთის პარნტიორობის ნოემბრის სამიტის მოახლოებასთან ერთად. სომხებს ეუბნებოდნენ, რომ შეძლებენ ასოცირების შეთანხმების ინიცირებას და ამავე დროს, თუ სურთ, შეუძლიათ შეეცადონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცეში შესვლას, რაც გამორიცხავდა საბაჟო კავშირში გაწევრიანებას - პირველ რიგში იმის გამო, ტარიფები ერთმანეთთან შეუთავსებელი იქნებოდა. რუსეთმა ამას პირდაპირ უპასუხა. გამოაქვეყნა ცნობა სომხეთის მოწინააღმდეგე აზერბაიჯანისათვის დიდი რაოდენობით თავდასხმითი იარაღის მიყიდვაზე. პუტინი ბლიც-ვიზიტით ჩავიდა ბაქოში, 10-მდე მაღალი რანგის ოფიციალურ პირთან ერთად“, – წერს სტატიის ავტორი და იმასაც აღნიშნავს, რომ სომეხი ოფიციალური პირები აღიარებენ: რუსეთთან საბაჟო კავშირში შესვლის გადაწყვეტილება ერევანმა მხოლოდ უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო, რადგან ვერ გარისკავდა გაუცხოებას ერთადერთ ძლიერ სამხედრო მოკავშირესთან, რომელსაც შეუძლია, მას თვალის დახამხამებაში მიაყენებდა დიდ ზიანს.

თომას დე ვაალი უყურადღებოდ არ ტოვებს არც პრეზიდენტის სარქსიანის განცხადებას, რომ რუსეთთან საბაჟო კავშირში შესვლაზე გადაწყვეტილება არ ნიშნავს სომხეთის მიერ ევროკავშირის უარყოფას. ექსპერტის შეფასება ასეთია “მართლაც, ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკური ნაწილი ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ შეთანხმებულ იქნეს ვილნიუსში, მაგრამ ეკონომიკური ინტეგრაციის პროექტს უკვე ნამდვილად ბოლო მოეღო“. ვკითხულობთ თომას დე ვაალის სტატიაში.

საბაჟო კავშირში გაწევრიანების შესახებ სომხეთის გადაწყვეტილებას სტატია ეძღვნება გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნალშიც“. „ევროკავშირი გაოცებულია სომხეთის 180 გრადუსით შეტრიალებით“ - ასე ასათაურებენ ნაფტალი ბენდევიდი და ლორენს ნორმანი თავიანთ პუბლიკაციას, რომელშიც ჩამოთვლიან რუსეთის ბერკეტებს სომხეთთან ურთიერთობაში: ბუნებრივი აირით მომარაგებას, საწვავის ფასზე ზეგავლენის უნარს, სომხეთში განთავსებულ ათასობით რუს ჯარისკაცს, მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირსიპირებაზე ზემოქმედების საშუალებას. და მაინც, წერენ ჟურნალისტები,„ინტენსიურობამ იმისა, რასაც ევროპელები რუსეთის მხრიდან ზეწოლის ტაქტიკად მიიჩნევენ და სიჩქარემ, რომლითაც სომხეთი 180 გრადუსით შეტრიალდა - ევროპელებში შეშფოთება გამოიწვია. სულ ექვსი კვირის წინ, 24 ივლისს ევროკავშირმა დაასრულა რამდენიმეწლიანი მოლაპარაკება სომხეთთან ასოცირების შეთანხმებაზე, და სომეხი ოფიციალური პირები თავიანთ ბრიუსელელ კოლეგებს არწმუნებდნენ, რომ უკან დახევაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. მართალია, ბატონმა პუტინმა სამშაბათს განაცხადა, რომ სომხეთის გადაწყვეტილება იყო საბაჟო კავშირთან მიერთება, ბრიუსელში თითქმის არავის ეპარება აჭვი, რომ სომხეთის პოლიტიკურ კურსში მკვეთრი ცვლილება მას შემდეგ მოხდა, რაც მოსკოვმა განუმარტა, რა დაუჯდებოდა ევროკავშირთან დაახლოებისაკენ მისწრაფება“, ვკითხულობთ „უოლ სტრიტ ჯორნალში“.

უცხოეთის პრესის მიმოხილვის ბოლოს, გაგაცნობთ ორ ციტატას სირიის კრიზისზე პრესის გამოხმაურებიდან. დავიწყებთ იტალიის ყოველდღიურ გაზეთ „სტამპაში“ გამოქვეყნებული სტატიით. „ავღანეთმა და ერაყმა გვაჩვენა, რომ ძალის გამოყენება გამოსავალი არ არის - მაშინაც, როცა კეთილშობილური მიზნებისათვის იყენებენ, მაგალითად, ადამიანის უფლებების დასაცავად. ამიტომ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სირიისთვის პაპ ფრანცისკეს სამშვიდობო ინიციატივა ყველას შეახსენებს, რომ ძალადობა ხშირად არის კონტრაპროდუქტიული“.

იტალიის ამ გამოცემისაგან განსხვავებით, საფრანგეთის გაზეთ „მონდის“ პუბლიკაციაში მხარდაჭერას უცხადებენ სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას. „სხვაგვარად როგორ უნდა მოხდეს ახლო აღმოსავლეთში მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაზე რეაგირება? და როგორ უნდა შეეშალოს ხელი სხვა ქვეყნებს ასეთი იარაღის მოპოვებაში? საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ფიქრობს, რომ ამ შეკითხვას პასუხი უნდა გაეცეს. ის მზად არის, მონაწილეობა მიიღოს სირიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ სამხედრო ოპერაციაში. ეს პოზიცია ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ის პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე მოწმობს და ვითარების შესაბამისი რეაქციაა“.
XS
SM
MD
LG