Accessibility links

დღევანდელ პრესაში გრძელდება ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის პერსპექტივის განხილვა. კვლავაც იწერება საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო სცენარებზე. დღევანდელ გაზეთებში წაიკითხავთ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიების პროცესზეც.

„კვირის პალიტრას“ ეუბნება ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი: „თუ ბიძინა ივანიშვილს სუპერმენის თვისებები აქვს და 2-3 წლის საქმე 2 თვეში გააკეთა, ღმერთმა ხელი მოუმართოს. მე დავეყრდნობი ივანიშვილის წერილს და ვიტყვი, რომ იმ შედეგის მისაღწევად, რომლის შემდეგაც ის პოლიტიკიდან წავა, 2-3 თვე საკმარისი არ არის“. - ცისკარიშვილი იქვე ამატებს: „ივანიშვილს არ დაუზუსტებია, რომელ ახალ წლამდე წავა პოლიტიკიდანო“. ამავე ინტერვიუში მიმდინარე წლის დეკემბერში ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის ვერსიას კი ცისკარიშვილი იმით ხსნის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყოფილი თანამდებობის პირების „პასუხისგებაში მიცემის ხანა“ დაიწყება და „დასავლეთი ივანიშვილს ვეღარ უსაყვედურებს, რადგან ის თანამდებობაზე აღარ იქნება“.

ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე „კვირის ქრონიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მსჯელობს მამუკა არეშიძე. „დღეს მიდის გავეშებული ბრძოლა დასავლეთსა და რუსეთს შორის ივანიშვილზე გავლენის მოსაპოვებლად. სხვანაირად რომ ვთქვათ, ბრძოლა მიდის საქართველოს ხვალინდელ კურსზეო“, ამბობს არეშიძე და ამავე ინტერვიუში დასძენს: „ფაქტი ერთია, ივანიშვილს არ უნდა პასუხისმგებლობის აღება“, „მას შემთხვევით არ წამოსცდენია ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით არაფერი. ეს განცხადება იყო ერთგვარი ზონდაჟი მათთვის, ვინც მასზე ზეწოლას ცდილობს სხვადასხვა მექანიზმებით“. მამუკა არეშიძე ვარაუდობს, რომ ვინც უნდა გახდეს პრეზიდენტი (და ის მხოლოდ მარგველაშვილისა და ბურჯანაძის კანდიდატურებს განიხილავს), „ივანიშვილის წასვლა გამოიწვევს ღია ქაოსს“.

ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სექტორში გადასვლის გადაწყვეტილებას აფასებს „პრაიმ-ტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი: „ეს არაფერს ნიშნავს. ეს არის პასუხისმგებლობის მოხსნა. ჩემთვის ეს უფრო სცენარია სხვა ძალებისთვის ძალაუფლების გადაბარებისა... მართალია, ჩემთვის მიუღებელია გამუდმებით კონსპირაციული შეთქმულებების არსებობა, თუმცა ეჭვები თავიდანვე მქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვიყავი მათთვის მიუღებელი და ეს არ მესმოდა“.

ეკონომიკის ექსპერტი გია მაისაშვილი „ახალ თაობას“ ეუბნება, რომ „ყველაზე დიდი პრობლემა ამ ხელისუფლების წინაშე არის ჩართული დრო - დროის ფაქტორი, რომ ამ ხელისუფლებას დარჩა ძალიან ცოტა დრო, რომ ქვეყანაში სიტუაცია შემოაბრუნოს“.

„ვერსია“ წერს: „სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის შემთხვევაში სავსებით შესაძლებელი იყო მეორე ტური მართლაც დანიშნულიყო და საარჩევნო რინგზე ერთმანეთის პირისპირ ბურჯანაძე და ზურაბიშვილი აღმოჩენილიყვნენ, რაც „ანზოროვნასთვის“ [ასე მოიხსენიებს „ვერსიის“ ავტორი ნინო ბურჯანაძეს - ნ.გ.] სრული ფიასკო იქნებოდა - „ოცნების“ ამომრჩეველი, ქვეყანაც რომ დაიქცეს, ნინოს, ცხადია, ხმას არ მისცემს“.

„საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა კახიშვილი „ასავალ-დასავალს“ უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების ნაწილის განადგურების შესახებ ელაპარაკება. „წარმოიდგინეთ, განადგურდა ის ფაქტობრივი მასალა, რომლის საფუძველზეც შეიძლებოდა დამნაშავეები გასამართლებულიყვნენ!“, - ეუბნება ის გაზეთის კორესპონდენტს. კახიშვილის აზრით, „სრულყოფილი გამოძიება რომ ჩატარებულიყო, შესაძლოა, დანაშაულის კვალი თავისუფლად მისულიყო სააკაშვილამდე“. კახიშვილი მადლობას უხდის კომისიის დანარჩენ წევრებს იმისათვის, რომ ნაწილობრივ გაიზიარეს მისი პოზიცია და ყველა ჩანაწერის განადგურებას არ დაუჭირეს მხარი.

დღეს „პრაიმ-ტაიმი“ და „ვერსია“ წერენ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ახალი გამოძიების შესახებ. „პრაიმ-ტაიმი“ წერს, რომ „წინა ხელისუფლების დროს გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები დღეს ბრალდების მთავარ მოწმეებად ფიგურირებენ და ჩვენებებს დათა ახალაიას წინააღმდეგ აძლევენ“. „პრაიმ-ტაიმი“ ალექსანდრე ღაჭავას ჩვენების ტექსტს აქვეყნებს. ავტორი წერს, რომ ჩვენებებიდან კვლავაც გაურკვეველი რჩება უშუალოდ ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა სანდრო გირგვლიანს.
XS
SM
MD
LG