Accessibility links

logo-print
„პირველად საქართველოში: პოლიტიკური შეხედულებების გამო ცემის ფაქტზე საქმე აღიძრა“ - აღნიშნულია გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის თანახმადაც, ამ ეტაპზე საპრეზიდენტო არჩევნების მოსამზადებელი პერიოდისათვის დამახასიათებელი სურათია: პოლიტიკური სიმპათების გამო ნაცემი ადამიანები, ზეწოლა თვითმმართველობებზე და თავმჯდომარის გარეშე დარჩენილი ცესკო. გაზეთში ვკითხულობთ, რომ წინასაარჩევნოდ სოფელ საყუნეთში ერთ-ერთ ქალბატონს იმის გამო სცემეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. ამ ფაქტის გარდა, „რეზონანსის“ მიხედვით, პროკურატურა კიდევ ერთ საქმეზე მუშაობს, რომელიც ასევე ეხება პოლიტიკური სიმპათიის გამო ადამიანის ცემას.

გაზეთი „ალია“ კი დღეს მკითხველს ვანო მერაბიშვილის გადარჩენის საიდუმლო გეგმას ანდობს და იმაზე მსჯელობს, როგორ აპირებენ „ნაციონალები“ მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას. გაზეთის რესპონდენტია ევროპაში მოღვაწე ქართველი ჟრნალისტი გიორგი ფოფხაძე. ის „ალიას“ უმხელს ინფორმაციას, რომელსაც, მისი თქმით, გარკვეული პოლიტიკური ძალები ამუშავებენ ევროპაში. გეგმის თანახმად, აღნიშნავს გიორგი ფოფხაძე, დიდ ევროპულ ორგანიზაციებში მუშაობენ ლობისტები, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მძიმე სურათი შექმნან. კამპანიის გაგრძელება, ამ გეგმის თანახმად, იქნება ვანო მერაბიშვილის რომელიმე ევროპულ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა და მოგვიანებით მოხდება ის, რაც უკრაინის პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს შემთხვევაში მოხდა, როდესაც გერმანიაში გადაყვანილი ტიმოშენკოს საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება შესაძლოა გერმანიის მთავრობამ აღარ დაუშვას. ასე გამოიყურება ვანო მერაბიშვილის გადარჩენის საიდუმლო გეგმა, რომელსაც დღეს გაზეთ „ალიაში“ გაეცნობით.

გაზეთ „ახალი თაობის“ ერთ-ერთი რესპონდენტი, „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია, თავის მხრივ, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ქვეყნის მთავრობას - პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრს - არ აქვს გაცნობიერებული საფრთხეები, რომელიც სირიის კრიზისს შეიძლება მოჰყვეს. ჯონდი ბაღათურია ამბობს, რომ თურქულმა სპეცსამსახურებმა საქართველოში შექმნეს ყველაზე დიდი აგენტურული ქსელი და აქტიურად, აგრესიულად მოქმედებენ. ჯონდი ბაღათურიას თანახმად, მათ ახალციხეზე გავლენის აღდგენა სურთ.

რაში დახარჯავს ბიძინა ივანიშვილი თავისი კაპიტალის 90 პროცენტს? ამ საკითხის გარკვევას დღეს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ ცდილობს. გაზეთის ერთ-ერთი რესპონდენტი - ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე - ამბობს, რომ კაპიტალის 90 პროცენტი ის თემაა, რომელიც პიარისთვის კარგად გაიყიდება, თუმცა რეალურად რა ხარჯების 90 პროცენტია ეს, ექსპერტისთვის უცნობია: „ ასევე ხელმისაწვდომი არ არის ინფორმაცია შემოსავლების მიღებისას ბიძინა ივანიშვილის საშემოსავლო გადასახადის შესახებ. რეალურად არ ვიცით, სად იხდის ბიძინა ივანიშვილი საშემოსავლო გადასახადს - საქართველოში, როგორც საქართველოს მოქალაქე, თუ საფრანგეთში, როგორც საფრანგეთის მოქალაქე. ასე რომ, მის ფინანსებთან დაკავშირებით თემები დახურულია“, აღნიშნა ლევან კალანდაძემ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკასთან“ საუბარში. რაც შეეხება პრიორიტეტებს, ლევან კალანდაძე არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი 90 პროცენტის ჩადებას სწორედ საინვესტიციო ფონდებში მოიაზრებს.
XS
SM
MD
LG