Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 10 სექტემბერი


„საქართველო ცდილობს სარგებელი ნახოს სომხეთის დემარშიდან“ - ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი „იზვესტია“ სტატიას, რომელშიც საუბარია სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებაზე შევიდეს საბაჟო კავშირში. სტატიის მიხედვით, სიახლემ იმდენად შეაშფოთა ევროკავშირი, რომ ბრიუსელმა საჭიროდ ჩათვალა, თავის დაზღვევის მიზნით, დააჩქაროს საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, რის შესახებაც ცნობილი გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ლატვიასა და ესტონეთში ვიზიტის დროს. სწორედ რიგაში გაიმართა ივანიშვილისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ შიკორსკის მოლაპარაკება, რომლის დასრულების შემდეგაც პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება არა მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებისა, არამედ ხელმოწერის პროცესის დაჩქარებისაც. რამდენიმე დღით ადრე ბრიუსელმა განაცხადა, რომ აღარ აპირებს ერევანთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებასა და სომხეთთან თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნას, რადგანაც ერევანი ემზადება საბაჟო კავშირში შესვლისათვის. რაც შეეხება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას, ბოლო დროს ამ ურთიერთობაში ხინჯი გააჩინა რამდენიმე გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადებამ საქართველოში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების პოლიტიკურ დევნასთან დაკავშიებით. „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ასევე მოტანილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის პოზიცია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის შესაახებ: „რადგანაც ჩვენ უკვე შევასრულეთ საშინაო დავალება, ველოდებით მკაფიო ნიშანს ევროკავშირის მხრიდან, რომ ჩვენ ისევე მნიშვნელოვანი ვართ მისთვის, როგორც ევროკავშირი - საქართველოსთვის. სწორედ ამას ველოდებით ვილნიუსში ნოემბრის სამიტისგან“.

„კომერსანტი“ კი აფხაზეთში რუსი დიპლომატის დმიტრი ვიშერნიოვის მკვლელობის შესახებ წერს. ინტერვიუში დესეთეს ქვეყნების ინსტიტუტის ექსპერტი მიხაილ ალექსანდროვი აყალიბებს მკვლელობის ორ ვერსიას. პირველის თანახმად, ვიშერნიოვი წარმოადგენდა რუსეთის სპეცსამსახურს აფხაზეთში. თე ეს ასეა, მაშინ მისი მკვლელობა უნდა ატარებდეს პოლიტიკურ ხასიათს და დაკავშირებული უნდა იყოს სპეცსამსახურების მოქმედებასთან, რადგანაც შესაძლოა ის გავიდა აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა საჩოთირო საქმეებზე ან თურქეთისა და საქართველოს აგენტურულ ქსელზე აფხაზეთში, რის გამოც მოკლეს კიდეც. მეორე ვერსიის თანახმად, თუ დმიტრი ვიშერნიოვი იყო კარიერული დიპლომატი, მაშინ, სავარაუდ, მკვლელობა ატარებს ყოფით ხასიათს, რადგანაც აფხაზეთში მაღალია ბანდიტიზმის დონე. თანაც, ყველაზე ხშირად თავს ესხმიან უცხოელებს, ანუ ტურისტებს, უცხოური ორგანიზაციების თანამშრომლებს, ფირმებსა და ასე შემდეგ.

„სურკოვი დაბრუნდება პუტინთან“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული „ვედომოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიას. გაზეთის რედაქცია რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, ვლადისლავ სურკოვის ხელისუფლებაში შესაძლო დაბრუნების შესახებ წერს. სტატიის მიხედვით, სურკოვი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიკავებს აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის სოციალ-ეკონომიკური საკითხების კურატორის თანამდებობას. მისი პასუხისმგებლობის სფეროში ასევე შევა უკრაინა და საქართველო. „ვედომოსტის“ რედაქცია, ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით, წერს, რომ „საბაჟო ომი“ უკრაინასთან, ხელისუფლების შეცვლა საქართველოში და სამხრეთ ოსეთის გაპარტახება საჭიროებს კრემლის განსაკუთრებულ ყურადღებასა და ძალისხმევას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG