Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 11 სექტემბერი


„რეზონანსი“ წერს, რომ „საზოგადოების ინტერესის მიუხედავად, ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელებას ჯერ არ აპირებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ სიტყვაზე უნდა ვენდოთ. დემოკრატიულ სახელმწიფოებში კი მთავრობის მომავალი ხელმძღვანელის ვინაობა საარჩევნო პროგრამების პარალელურად განიხილება და მოსახლეობა ამა თუ იმ პარტიის სასარგებლოდ არჩევანს ამ ფაქტორის გათვალისწინებითაც აკეთებს. ივანიშვილის დუმილს ექსპერტები იმით ხსნიან, რომ მარგველაშვილმა მხარდამჭერები არ დაკარგოს. თუმცა ეს მიზეზიც იქამდე მიდის, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის და საზოგადოებასაც ამიტომ არ თვლიან იმის ღირსად, რომ სრულყოფილი არჩევანის საშუალება ჰქონდეს“.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს საქართველოსთვის, მე ვფიქრობ, არის ის, რომ მითი ხელისუფლების უძლეველობის შესახებ არის დანგრეული. არანაირი უძლეველი ხელისუფლებები საქართველოში არ არის და არც იქნება არასოდეს. ივარგებენ, ხომ კარგი, არ ივარგებენ და შევცვლით და ეგ იქნება“, - ეუბნება გოგა ხაინდრავა „ახალ თაობას“.

„ალია“ წერს, რომ, გაზეთის წყაროს თანახმად, „ბიძინა ივანიშვილის არაერთი ნათქვამის მიუხედავად, თუ სააკაშვილი დამნაშავეა, უნდა დაისაჯოსო, „ქართულ ოცნებაში“ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას აღარ განიხილავენ. კოალიციაში შემავალი პარტიების წევრები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრი შეწუხებულია დასავლეთის ზეწოლით და ამიტომაც ჩაუქნევია ხელი სააკაშვილის დაპატიმრებაზე“.

წინასაარჩევნო პროცესებსა და პრეზიდენტობის კანდიდატებზე წერს „საქართველოს რესპუბლიკის“ ერთ-ერთი ავტორი. სტატიის ქვესათაურები ასეთია: „წესიერი მარგველაშვილი“, „უწესო ბაქრაძე“ და „პოლიტიკოსი ბურჯანაძე“. „საქართველოს რესპუბლიკის“ ავტორი თვლის, რომ „მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევით სააკაშვილის თავხედური რეჟიმის ნაცვლად მივიღებთ „ქართული ოცნების“ „კარგ დიქტატურას“ იმის მიუხედავად, წავა თუ არა პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილი და იმის მიუხედავადაც, ექნება თუ არა ამის სურვილი თვითონ „ოცნების“ შემოქმედს“. სტატიის ავტორი წერს, რომ „ბაქრაძის გაპრეზიდენტება საქართველოში დღემდე არსებული ორხელისუფლებიანობის ვადის გაჭიანურებას და დროებით მაინც „ოჯახის“ გადარჩენის გარანტიას იძლევა“. რაც შეეხება ბურჯანაძეს, „საქართველოს რესპუბლიკის“ ავტორს ასეთი დამოკიდებულება აქვს: „ნინო ბურჯანაძეს პრეზიდენტობაზე ხმას ნამდვილად არ მივცემდი, სხვა უკეთესი კანდიდატი რომ გვყავდეს, მაგალითად, მარგარეტ თეთჩერი“.

„ვერსია“ აქვეყნებს ინტერვიუს აშშ-ის მოქალაქე ბიზნესმენ მალხაზ ალავიძესთან, რომელიც ინფრასტრუქტურის მინისტრის წინააღმდეგ სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს. მალხაზ ალავიძე კომპანია „არტესის“ ახალი მფლობელია და ეს კომპანია პრეზიდენტის ახალ რეზიდენციას არემონტებდა. მალხაზ ალავიძე „ვერსიას“ ეუბნება: „1 ნოემბრამდე მაგ პროექტს, თავის დამატებებით, დედამიწის ზურგზე მაინც ვერავინ მოასწრებდა. ნარმანიას სიტყვა ჰქონდა ნათქვამი, რომ რეზიდენციას 1 ნოემბერს დაასრულებდა, მაგრამ მე რა შანსიც მაქვს, ახლა ქალად ვიქცე, ისეთივეა ამ შენობის დასრულების შანსიც“.

„სასკოლო დილემა. რჩევები მშობლებს“ – „ყველა სიახლის“ მთავარი სტატიაა ასე დასათაურებული. სკოლის მოწაფეთა მშობლები „ყველა სიახლის“ კორესპონდენტს უზიარებენ წუხილს სკოლებში მათი შვილების დაუცველობის გამო. პუბლიკაციაში, ქვესათაურით - „სკოლაში შვილი რომ არ დაგიჩაგრონ“, რამდენიმე რჩევა ქვეყნდება. ერთ-ერთი ასეთია: „თქვას „არა“ თავდაჯერებულად, როდესაც „მოწინააღმდეგე“ ესაუბრება, ხმა უნდა ჰქონდეს მკაცრი და არა გაწვრილებული ან შეშინებული. პოტენციურ მჩაგვრელს თვალებში უყუროს იმის დასამტკიცებლად, რომ არ ეშინია“.
XS
SM
MD
LG