Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 9 ოქტომბერი


„რეზონანსის“ მთავარი პუბლიკაცია დღევანდელ ნომერში სოფელ ჭორვილას ეძღვნება. სტატიის სათაურია - „ჭორვილაში ივანიშვილის პრემიერობიდან წასვლას სიხარულით ელოდებიან“. სტატიის ავტორი წერს: „სოფელი ორ ნაწილადაა გაყოფილი, ზემო და ქვემო უბნებად. ზემო უბანი ივანაშვილის მიერ გალამაზებული და ნაპატრონებია. ქვემოში - ალაგ-ალაგ არის ახალი სახლები, რომელსაც თვალს უმალვე მოჰკრავ ახალი წითელ-მწვანე სახურავის გამო. ყველა ივანიშვილის მიერაა აშენებული. სოფლის მცხოვრებთა ის ერთეული ნაწილი, რომელიც უკმაყოფილოა, სწორედ ამ ქვემო უბანში ცხოვრობს. უკმაყოფილონი არიან, თუმცა ხმამაღლა ამის თქმას ერიდებიან. იმედი აქვთ, რომ მათი დახმარების დროც მოვა. „ივანიშვილი ახლა ჩინოვნიკია და დახმარების უფლება არ აქვს, მოსყიდვაში ეთვლებაო, - ასე ამბობენ. ალბათ, ამიტომაც მიდის პრემიერობიდან, რომ თავის სოფელს, ხალხს დაეხმაროს. აქ, ჭორვილაში, ყველას ასე სჯერაო“, - უთქვამს ჭორვილელ ქალს „რეზონანსისთვის“.

დღევანდელ პრესაში ერთ-ერთი თემა სოჭის ოლიმპიადაა. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „რეზონანსს“ ეუბნება: „მე არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთი შეგნებულად მიდის ამ პროვოკაციულ ნაბიჯებზე, რათა ჩვენი ემოციური, კეთილშობილური საპასუხო ნაბიჯი გამოიყენოს შემდგომში აგრესიული პროვოკაციებისთვის, რომელთა აღსაკვეთად საქართველოს არც ძალა აქვს და არც თავისი უცხოელი მეგობრების ადეკვატური მხარდაჭერა. შეიძლება, საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღოთ მავთულხლართების პოლიტიკის ახალი სეანსი, დასავლეთიდან შეშფოთება-აღშფოთება-შეწუხება-მოწოდების ფონზე“.

„ყველა სიახლე“ სოჭის ოლიმპიადის მიმართ ქართველი სპორტსმენების დამოკიდებულებით დაინტერესდა. ერთ-ერთი რესპონდენტი მოციგურავე ელენე გედევანიშვილია, რომელიც გაზეთს ეუბნება, ოლიმპიადაში მონაწილეობაზე „უარს ვიტყვი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საქართველოს მონაწილეობას სოჭის ოლიმპიადაში. ამიტომ დაველოდები კომიტეტის გადაწყვეტილებას. მანამდე კი ჩემს მოვალეობას შევასრულებ და ვარჯიშს განვაგრძობ“.

„ყველა სიახლეში“ დღეს უშიშროების ყოფილ მინისტრ ვახტანგ ქუთათელაძესთან ვრცელი ინტერვიუ ქვეყნდება, სათაურით „ვახტანგ ქუთათელაძე დუმილს არღვევს“. ის ამბობს, რომ სამართალდამცავ ორგანოებში „80% ისევ ძველი ხალხია დარჩენილი და ვფიქრობ, რომ ეს არის ახალი ხელისუფლების ყველაზე დიდი პრობლემაო“. ამავე ინტერვიუს დასასრულს ვახტანგ ქუთათელაძე ამბობს: „თუ ვინმეს რამე უნდა მოვკითხოთ, პირველი სააკაშვილია. ბოლო 10 წლის განმავლობაში მივიღეთ ის, რომ საქართველოში გვყავს ერთი მილიარდერი სააკაშვილი (მას ივანიშვილზე მეტი ქონება აქვს), ხუთი მულტიმილიონერი მისი უახლოესი გარემოცვიდან არის და დაახლოებით 50 მილიონერი. ისინი იმ პროექტების ლეგალიზაციით გამდიდრნენ, რაც საქართველოში კეთდებოდა. ვფიქრობ, ამ ხალხმა უნდა დააბრუნოს, რაც ქვეყანას მოჰპარა“.

„ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია მიხეილ სააკაშვილზე ამბობს: „აუცილებლად უნდა მისცენ პასუხისგებაში. პირადი ანგარიშსწორება არ მალაპარაკებს. ეს ადამიანი სახელმწიფოს უსაფრთხოების ნომერ პირველი მტერია. უნდა დააპატიმრონ, თუ მანამდე არ მოუღეს ბოლო იმ ადამიანებმა, რომლებიც მის უკან იდგნენ. თუნდაც, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის გამო უნდა აგოს პასუხი“.

„გლობალური კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი „ალიას“ კორესპონდენტს არჩევნების სცენარებზე ელაპარაკება: „დღეს ძალის ცენტრი არის „ოცნება“, „ნაციონალები“ გადადიან „ოცნებაში“, მაგრამ თუ მეორე ადგილზე გავა ბაქრაძე და ადგილობრივ არჩევნებს „ნაციონალები“ მოიგებენ, ძალის ცენტრი გახდება ეს პარტია და „ოცნებიდან“ გადმოვლენ „ნაციონალებში“. იმიტომ აქვთ დასახული ამოცანა, რომ მეორე ადგილზე არავითარ შემთხვევაში არ გავიდეს ბურჯანაძე“.

„ვერსიის“ კორესპონდენტი საპარლამენტო უმცირესობის წევრ გოგა ხაჩიძეს ესაუბრა. ხაჩიძე აცხადებს: „არავის ჰქონდეს ილუზია, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ის პოლიტიკიდან წავა. პირიქით, მისი ლიდერობით უახლოეს მომავალში ჩვენ ხელისუფლებაში დავბრუნდებით“.

„24 საათში“ ნიკა ვაჩეიშვილის წერილი ქვეყნდება. ის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე წერს და ამ საქმეში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უწინდელ მუშაობაზე ჰყვება. ვაჩეიშვილი სტატიას ასე ასრულებს: „მგონი, არსებობდა ყველა პირობა სამუშოს გაგრძელებისა და მიზნის წარმატებით მიღწევისა. ამ გზის გაგრძელების ნაცვლად, საპირისპიროს ვადევნებთ თვალს. დაგეგმილია სააგენტოსა და მემკვიდრეობის დაცვის სისტემის ერთიანი ქსელის რღვევა, ამ ქსელში მონაწილე სუბიექტების სტატუსის შეცვლისა და სისტემიდან ამოთიშვის გზით. რეგიონული მუზეუმების პრობლემატიკის გადაჭრის ნაცვლად, მათი დაქუცმაცება კვლავ მათ უფუნქციობას და „ძილს“ გამოიწვევს“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG