Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 6 ნოემბერი


„ვერსია“ ცდილობს გაარკვიოს, გაძვირდება თუ არა პური საქართველოს ბაზარზე. გაზეთი წერს, რომ „საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 90% რუსეთიდან შემოდის“. კომპანია „აგრიკომის“ დირექტორს ქეთევან კუბლაშვილს „ვერსიისთვის“ უთქვამს, რომ „წელს რუსეთში ხორბლის დიდ მოსავალს ელოდნენ, მაგრამ პროგნოზი არ გამართლდა, რასაც პროდუქტის გაძვირება მოჰყვა“. მეორე მხრივ, „ვერსიას“ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროში განუცხადეს, რომ „1 ტონა ხორბლის ფასის 25 აშშ დოლარით ზრდას ფქვილის უმნიშვნელო გაძვირება მოჰყვება, მაგრამ ეს პურის ფასზე გავლენას ვერ მოახდენს. სამინისტროს ინფორმაციით, მართალია, რუსული ხორბალი გაძვირდა, მაგრამ საქართველო ხორბლის იმპორტს უკრაინიდან და ყაზახეთიდანაც ახორციელებს, ამას ადგილობრივი ხორბალიც ემატება და, შესაბამისად, სახელმწიფოს ხორბლის საკმარისი მარაგი გააჩნია, რათა ქვეყანაში პურის ფასმა არ მოიმატოს“.

„ვერსიაშივე“ წაიკითხავთ ინტერვიუს გენერალ კობა კობალაძესთან, რომელიც ინტერვიუს დასასრულს ამბობს: „რეალურად 2008 წლის მოვლენებმა ცხადყო, რა ვალდებულებები ჰქონდათ ამ ბავშვებს 2003 წელს. თუ არ ჰქონდათ ვალდებულებები, სულ მცირე, გულგრილობაზე უნდა დაინტერესდეს ვიღაც. არაერთხელ მოვითხოვეთ 2008 წლის მოვლენების გამოძიება,რადგან ეს პირადად მე კი არა, ქვეყანას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს სჭირდება, რათა დაინახოს, რასთან ჰქონდა საქმე!“

„ახალ თაობაში“ ქვეყნდება ინტერვიუ დოდო აფრასიძესთან. ის 2004 წელს სვანეთში ჩატარებული ცნობილი სპეცოპერაციის დეტალებს იხსენებს. დოდო აფრასიძე მიხეილ სააკაშვილსა და გიორგი ბარამიძეს მიმართავს: „იცოდეს ორივემ, რომ სამართალი პურსაც შეჭამს და კუბდარსაც. სააკაშვილმა თავის წინააღმდეგ უკვე მისცა ჩვენებაო“, ეუბნება დოდო აფრასიძე „ახალ თაობას“ და სააკაშვილის ერთ-ერთ საჯარო განცხადებას იხსენებს, როცა მან დაადასტურა სპეცოპერაციის ჩატარებაზე ბრძანების გაცემა.

„რეზონანსს“ ჩავლილ არჩევნებზე ეუბნება დიმიტრი შაშკინი: „ივანიშვილმა ამ არჩევნებით დაინახა, რომ „ნაცმოძრაობის“ დიდი წნეხის მიუხედავად და იმ ფონზე, რომ ერთ-ერთი მთავარი ფიგურა - პარტიის გენერალური მდივანი - ციხეშია და პარტიის ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ მონაწილეობს, პარტიამ თავისი ელექტორატი მაინც შეინარჩუნა. ივანიშვილი კარგად ხედავს, რომ ბრძოლა არ დასრულებულა და უფრო მძაფრად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაგრძელდება“.

„ალია“ კვლავ საფრანგეთში მყოფ გიორგი ფოფხაძეზე დაყრდნობით წერს მიხეილ სააკაშვილის საფრანგეთში ვიზიტზე. ფოფხაძე ეუბნება „ალიას“: „ჩემი ინფორმაციით, საფრანგეთში მიხეილ სააკაშვილი ძალიან სერიოზულ ადვოკატს ეძებს, რომელიც კეზერაშვილს დაიცავს. წარმოიდგინეთ, ორი სასამართლო პროცესი გაიმართა და თავდებით კეზერაშვილი არ გაათავისუფლეს. ეს ნიშნავს, რომ მას ძალიან სერიოზული დანაშაული აქვს ჩადენილი“.

„ყველა სიახლეში“ სტატიაა პრეზიდენტის სასახლის შესახებ. „შენობების ომი“ - ასეთია სათაური. არქიტექტორ გიგა ბათიაშვილს „ყველა სიახლისთვის“ უთქვამს: „ამ შენობის ავტორი, არქიტექტორი ვარ. თავიდანვე დაპროექტებული მქონდა, როგორც „საქართველოს სახლი“. ის პრეზიდენტის რეზიდენციად თანდათან, პროექტირების პროცესში იქცა“, - ამბობს გიგა ბათიაშვილი და თვლის, რომ შენობას პირვანდელი ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს: „ტყვიაგაუმტარი შუშა შეიცვლება, კარებიც მოიხსნება. პრეზიდენტს რომ ჰქონდა დიდი აბაზანა, იქ საზოგადოებრივი დანიშნულების სველი წერტილი იქნება, სადაც ყველა სტუმარი შევა. შენობის ფუნქციის შეცვლასთან ერთად, ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. ამ სასახლის თითოეული კედელი, კოლონა ხუთი თითივით ვიცი, ისიც, რისი ხელის ხლება შეიძლება და რისი - არა. პირდაპირ გეტყვით, ავლაბრის რეზიდენციის შენობა უნივერსიტეტისთვის, სასწავლო დაწესებულებისთვის ნამდვილად გამოუსადეგარია, ამის საშუალებას არც სატრანსპორტო ქსელი იძლევა“, - ეუბნება არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი „ყველა სიახლეს“ და პოლიტიკოსებს იდეების წამოყენებამდე სპეციალისტებთან კონსულტაციის გავლას ურჩევს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG