Accessibility links

logo-print
ორშაბათს, 4 ნოემბერს, დასავლეთის პრესის ყურადღების ცენტრში იყო ცნობები აშშ-ის მიერ წარმოებული სათვალთვალო პროგრამის შესახებ, კერძოდ, ინფორმაცია, რომ აშშ-ის უშიშროების სამსახური უსმენდა ესპანეთისა და საფრანგეთის მილიონობით სატელეფონო საუბარს და ასევე გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს. პარიზს და ბერლინს სურთ აშშ-თან გააფორმონ ორმხრივი შეთანხმებები თვალთვალის შეწყვეტის შესახებ, ხოლო გერმანიამ და ბრაზილიამ ერთი კვირის წინ გაეროს წარუდგინეს ანტიჯაშუშური რეზოლუციის პროექტი. ევროპამ ახლა აშშ-ზე ზეწოლა უნდა გააძლიეროსო, წერდა ზოგიერთი ჟურნალისტი, სხვები კი აღნიშნავდნენ, რომ ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტში ევროპის პოლიტიკოსებიც გასცემდნენ თვალთვალზე ნებართვას. იტალიაში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული გამოცემის, „კორიერე დელა სერას“ ავტორი, კლაუდიო მაგრისი წერილში იხსენებს ვაცლავ ჰაველის სიტყვებს, თვალთვალი საზოგადოების სიკვდილს ნიშნავსო, და აცხადებს, რომ ეს სიტყვები დასავლეთმა გაფრთხილებად უნდა მიიღოს:

„პრაღაში კომუნისტების ციხიდან ჰაველი წერდა, რომ აღმოსავლეთის ბლოკში მიმდინარე მოვლენები დასავლეთისთვის გაფრთხილება უნდა ყოფილიყო, როგორც მისი შესაძლო ბედის სურათი. ... იმედი ვიქონიოთ, რომ ეს თავისუფლებისთვის გაუტეხელი მებრძოლი ცდებოდა და დასავლეთი აღმოსავლეთის მაგალითს არ მისდევს წარწყმედის გზაზე. ... ვინაიდან, როცა კომუნისტური რეჟიმი დაინგრა, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ მისი მოქალაქეების ნახევარი მეორე ნახევარზე ჯაშუშობით იყო დაკავებული - მათი ცხოვრების ყველაზე ტრივიალური დეტალების გულმოდგინედ დასმენით. ხოლო თუ მიწას არ ამუშავებთ, ძროხებს არ წველით და მატარებლებს არ ტვირთავთ, მაშინ პური, რძე და სხვა პროდუქტები არ მიაღწევს მაღაზიებამდე ან ადამიანთა სახლებამდე თუ კუჭებამდე“.

სამშაბათს, 5 ნოემბერს, დასავლეთის პრესის ყურადღების ქვეშ მოექცა ეგვიპტის დამხობილი პრეზიდენტის, მუჰამედ მურსის, სასამართლო პროცესი, რომელიც ორშაბათს დაიწყო და, დაცვის ქვეშ მყოფის პროტესტის გამო, მაშინვე იანვრამდე გადაიდო. ზოგიერთი ჟურნალისტი წერდა, რომ არმია ამ სასამართლოს ეგვიპტეში საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად იყენებს, სხვები კი აღნიშნავდნენ, რომ პოლიტიკური ისლამის თაობაზე მუსლიმთა საბჭოს ექსპერიმენტმა მარცხი განიცადა. ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო მოწმობს, რომ ეგვიპტე სახიფათო გზას დაადგაო, წერდა შვედეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „დაგენს ნიჰეტერი“:

„მურსის მმართველობის პირობებშიც გენერლებმა დაიცვეს თავიანთი პრივილეგიები და ეკონომიკური იმპერია. მათ შეუძლიათ მშვენივრად იცხოვრონ შარიათთან ერთად. მათი მთავარი საზრუნავი ისაა, რომ კონსტიტუცია წინააღმდეგობაში არ მოვიდეს მათ კერძო საქმიანობასთან. ისინი კონტროლს ამყარებენ სასამართლო სისტემით, რომელშიც დასაშვებია სამოქალაქო პირების სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარდგომა, ხოლო დემონსტრაციები და შემაწუხებელი მოსაზრებები შეიძლება აიკრძალოს. ამას ისიც ემატება, რომ თავდაცვის მინისტრი და არმიის ძლიერი ფიგურა აბდელ ფატა ელ-სისი აპირებს ეგვიპტის შემდეგი პრეზიდენტი გახდეს. რაც გინდათ, ამას ის უწოდეთ, მაგრამ დემოკრატია სულ სხვა რამაა“.

ოთხშაბათს, 6 ნოემბერს, ევროპის პრესა ბევრს წერდა იმ ეკონომიკურ პროგნოზზე, რომელიც წინა დღეს, სამშაბათს, წარმოადგინა ოლი რენმა, ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა. ამ პროგნოზის თანახმად, ევროს მოქმედების ზონაში 2014 წელს გაუმჯობესება იქნება, თუმცა უმუშევრობა და საბიუჯეტო დავალიანება მაინც პრობლემებად დარჩება. ჟურნალისტები წერდნენ, რომ კრიზისით მოცულმა ქვეყნებმა საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის პოლიტიკა უნდა დაიცვან, და დასძენდნენ, რომ მთელი ევროპის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის ერთიანი პოლიტიკის გატარებაა საჭირო. ესპანეთში გამომავალი კონსერვატიული ბიზნესგამოცემა „ექპანსიონი“ დაეთანხმა ევროკომისიის დასკვნას, რომ თუ რეფორმებს არ დააჩქარებს, ესპანეთმა შეიძლება ვერ შეძლოს დეფიციტის დროული შემცირება:

„ახლა, როცა, როგორც იქნა, დავძლიეთ რეცესია, მთავარი საფრთხე, რომელიც ესპანეთს, იაპონიის მსგავსად, ემუქრება, არის გამოჯანმრთელების ხანგრძლივ და მომთხოვნ ფაზაში გაჭედვა, მაშინ როცა მოხმარება და დასაქმება ძალიან ნელი ტემპით გაიზრდება. ევროკომისიის აზრით, ამ სცენარის თავიდან აცილება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ მთავრობა გააგრძელებს თავის რეფორმების კურსს და ახალ ინიციატივებსაც შემოიღებს (მაგალითად, წამახალისებელ ზომებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის სანაცვლოდ). ... მესიჯი მკაფიოა - ესპანეთი თავს უფლებას ვერ მისცემს დაჯდეს და დაიჯეროს, რომ მსხვერპლი, რომელიც აქამდე გაიღო, საკმარისი იყო ეკონომიკის ძლიერი ზრდისთვის ნიადაგის შესაქმნელად“.

ხუთშაბათს, 7 ნოემბერს, პრესა აქტიურად გამოეხმაურა ნიუ-იორკში ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე პირველი დემოკრატი მერის არჩევას, ისევე როგორც ნიუ-ჯერსიში ზომიერი შეხედულებებით ცნობილი რესპუბლიკელი გუბერნატორის ხელახალ არჩევას, ვირჯინიის შტატში კი რესპუბლიკელი გუბერნატორის დემოკრატით შეცვლას. ჟურნალისტები წერდნენ, რომ ამერიკელმა ამომრჩეველმა ამ არჩევანით რადიკალურ ჩაის პარტიას უთხრა უარი და გამოთქვამდნენ იმედს, რომ კომპრომისი აშშ-ის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. დანიაში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური „პოლიტიკენი“ წერდა:

„ეს გამარჯვებები ნათლად აჩვენებს, რომ ჩაის პარტიის ევანგელიზმი არ წარმოადგენს რესპუბლიკელების გზას თეთრი სახლისკენ. ... ნიუ-იორკელებმა მემარცხენე ორიენტაციას დაუჭირეს მხარი, თავიანთი ახალი მერის, ბილ დე ბლასიოს სახით. ის არჩევნებში ჩაერთო სოციალურად უფრო დაბალანსებული გადასახადების პოლიტიკის პროგრამით. შეიძლება დავუშვათ, რომ საბიუჯეტო უთანხმოების სამარცხვინო შედეგმა ამომრჩეველს ახალი და კონსტრუქციული მიმართულებისკენ უბიძგა. შეიძლება ისიც დავუშვათ, და იმედი გვქონდეს, რომ ეს ამით არ დამთავრდება და რომ, როგორც იქნა, იმედის ჭეშმარიტი სხივი გამოჩნდა“.
XS
SM
MD
LG