Accessibility links

logo-print
პარლამენტში ძალთა გადანაწილება დაიწყო-სტატიაში, რომელსაც დღეს გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს აღნიშნულია, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცედურები გართულდა, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ მმართველ კოალიციას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოგროვების პრობლემა აქამდეც ჰქონდა. ამ ფონზე გაზეთი აღნიშნავს, რომ პარლამენტში ფრაქციებს შორის გადაჯგუფების პროცესი აქტიურად დაიწყო. ამავდროულად, ორშაბათს ფრაქცია დატოვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ბეჟუაშვილმა. „ძნელი სათქმელია, ვკითხულობთ გაზეთში, ის და მარიკა ვერულაშვილი ერთად შექმნიან თუ არა ფრაქციას, მაგრამ ფაქტია, რომ არც ერთი მათგანი ნაციონალებთან აღარ მოიაზრება. ამიტომაც დიდი ალბათობით, აღნიშნავს „რეზონანსი“, ისინი გადამწყვეტ საკითხებთან დაკავშირებით მმართველი ძალის პოზიციას გაიზიარებენ. ამის პარალელურად, გაზეთ „რეზონანსის“ თანახმად, ამის პარალელურად საუბარი მიდის იმაზეც, რომ საკუთარი რიგების გაცხრილვას „ქართული ოცნებაც“ იწყებს. საბოლოოდ როგორ გადაჯგუფდებიან პარლამენტში ძალები, რეზონანსის მიხედვით, ძნელი სათქმელია, და ამაზე კომენტარს ჯერ-ჯერობით ვერავინ აკეთებს.

„რა წერილი გაუგზავნა „ქართული ოცნების“ 14-მა დეპუტატმა ბიძინა ივანიშვილს?-სტატიაში, რომელსაც ამ სათაურით დღეს გაზეთი „ალია“ აქვეყნებს, ნათქვამია ციტატა „ რა ეწერა და სრული სიმართლე დავით საგანელიძის მოღვაწეობის შესახებ და იმაზეც, როგორ ურიგდებოდა რეგიონებში ის „ნაციონალებს.“ სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი არ დადგა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხარეს“-ვკითხულობთ სტატიაში, სადაც ნათქვამია, რომ ამ დეპუტატებთან მან მიუშვა დავით საგანელიძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ გაზეთების „ალიასა“ და „ქრონიკის“ ინკოგნიტო წყაროები დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე და სხვანი არიან. „ალია“ აღნიშნავს იმასაც, რომ ეს „ქართული ოცნების“ აღნიშნული 14 დეპუტატი ფიქრობს, რომ მათი ტელეფონები ისმინება.

გაზეთ „ვერსიის“ კითხვებს კი დღეს ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე პასუხობდა-„ პარლამენტში ჯდომა და სახელმწიფო პოლიტიკის წარმოება მღვდლის საქმე არ არის. ამისათვის ვერც ერთ სასულიერო პირს ვერ გავიმეტებ. თანაც სასულიერო პირების მოვალეობა ადამიანების ქრისტესთან მიყვანაა, ამბობს დეკანოზი და აზუსტებს, რომ წარმოუდგენელი ფაქტი იქნებოდა პეტრე და პავლე მოციქულები რომის სენატში პოლიტიკურ დებატებში ეხილათ. ასე რომ, მისი შეფასებით, იმას, ვინც პარლამენტში სასულიერო პირთა ფრაქციის შექმნაზე საუბრობს, ქრისტიანობაზე წარმოდგენა არ აქვს.


ახალ მინისტრებს გაზაფხულიდან ვიხილავთ-ასეთ პროგნოზს კი გაზეთ „ახალი თაობის“ ფურცლებზე ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აკეთებს. იგი ამბობს, რომ ახალ პრემიერს გარკვეული დრო დასჭირდება იმისთვის, რომ თავად შეაფასოს ამა თუ იმ მინისტრის ეფექტურობა და ცვლილება შეიტანოს მთავრობის შემადგენლობაში. იგი შესაბამისად, მთავრობის ძველი შემადგენლობით წარდგენას გამართლებულად მიიჩნევს. „არ არის გამორიცხული, რომელიმე მინისტრმა თავადვე შესთავაზოს მთავრობას გარკვეული ცვლილება-შენიშნავს სოსო ცისკარიშვილი, რომლის თანახმადაც მინისტრების მხრიდან ეს ხელოვნური გადადგომის მცდელობა კი არა, მოტივირებული ნაბიჯი იქნება.
XS
SM
MD
LG