Accessibility links

logo-print
„როსიისკაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა კანონი „რუსეთის ფედერაციასა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ერთიანი რეგიონალური ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ“, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ასტანაში ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა. გაზეთის ცნობით, აღნიშნული დოკუმენტი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ შესაძლებელს ხდის სამხედრო თვითმფრინავებისათვის რუსეთ-ყაზახეთის საზღვრის გადაკვეთას სპეციალური პოლიტიკური გადაწყვეტილების გარეშე. თუ რუსეთის ან ყაზახეთის საჰაერო სივრცეში საზღვრის დამრღვევი შეიჭრება, ან თუ შეიქმნება სხვა ფორსმაჟორული ვითარება, მაშინ საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელი იქნება მოსკოვიდან ან ასტანიდან დანიშნული სამხედრო ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე. „როსიისკაია გაზეტას“ ცნობით, რუსეთი და ყაზახეთი ისედაც იმყოფებიან დესეთეს გაერთიანებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მფარველობის ქვეშ. მათი საჰაერო სივრცის დაცვაზე ზრუნავენ საავიაციო, საზენიტო ნაწილები, რადიოტექნიკური ქვედანაყოფები, რომლებიც კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის ფარგლებში მოქმედებენ.

„მაშ რაღა საჭიროა ახალი სტრუქტურების შექმნა?“ - კითხულობს რუსული გამოცემა, რომელიც იქვე აქვეყნებს სამხედრო უწყებიდან მიღებულ პასუხს: „არავინ აპირებს ახალი სამხედრო ნაწილების შექმნას. ლაპარაკია მხოლოდ ერთობლივ საბრძოლო მორიგეობაზე, ინფორმაციის გაცვლაზე, მართვის ორგანოებისა და ეკიპაჟების ერთობლივ წვრთნასა და ვარჯიშზე“.

„კომერსანტი“ კი სოჭის ოლიმპიადის სამზადისზე წერს. გაზეთის ცნობით, თამაშების მსვლელობისას, პუტინის განკარგულებით, გამოიყოფა სპეციალური ადგილი საჯარო აქციების გასამართად, თუმცა ამგვარი გადაწყვეტილების მიღებამდე მოქმედებდა აკრძალვა 7 იანვრიდან 21 მარტამდე. პოლიტოლოგ დმიტრი ორეშკინის თქმით, პრეზიდენტმა პუტინმა იმიჯის გამოსასწორებლად გააზრებული პიარნაბიჯი გადადგა: „ვლადიმირ პუტინმა ძალიან ბევრი ჩადო ოლიმპიადაში, როგორც პიარპროექტსა და იმიჯპროექტში, იმისათვის, რომ არ გაახუნოს ეფექტი მიტინგების აკრძალვითა და სხვა სახის შეზღუდვებით. მეორე მხრივ, ოლიამპიადის დღეებში იქ იქნება ძალოვანი სტრუქტურების იმდენი წარმომადგენელი, რომ მიტინგის თითოეულ მონაწილეზე სპეცსამსახურის ორ-ნახევარი აგენტი მაინც მოვა და მათი განეიტრალება შესაძლებელი იქნება ყოველგვარი საჯარო განცხადებების გარეშე, როგორც ეს იყო მოსკოვში, 1980 წლის ოლიმპიადაზე“.

გაზეთის თანახმად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაც აჩვენებს, რომ მოსახლეობაში განელებულია საპროტესტო მუხტი. მათ დიდ ნაწილში ოლიმპიადა ასოცირდება ზეიმთან და საერთაშორისო არენაზე ქვეყნის სტატუსის ამაღლებასთან.

გაზეთმა „იზვესტიამ“ თავის მკითხველს სტალინის ძეგლის აღების შესახებ ამცნო. ლაპარაკია თელავში ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვის გარეშე 2013 წლის 1 სექტემბერს დადგმული ბრინჯაოს ორმეტრიანი ძეგლის დემონტაჟზე, რაც, სტატიის მიხედვით, ქართველმა სტალინისტებმა ვანდალიზმად მონათლეს. „იზვესტიამ“ ასევე გამოაქვეყნა საერთაშორისო საზოგადოება „სტალინის“ ხელმძღვანელის გრიგოლ ონიანის კომენტარი: „ძეგლი თელაველებმა დაუდგეს იოსებ ბესარიონის ძეს ფაშიზმზე გამარჯვებისათვის. ის, რაც ახლა ხდება, ისტორიაზე თავდასხმაა, მაგრამ არაფერია: დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. საქართველოში სტალინისადმი სიყვარულსა და პატივისცემას ვერ ჩაკლავენ“.

სტატია სრულდება სტალინის შვიდმეტრიანი ძეგლის თავგადასავლით გორში. 2013 წლის 21 დეკემბერს, ანუ საბჭოთა ბელადის დაბადების დღეს, იგეგმებოდა ძეგლის დაბრუნება არა ქალაქის ცენტრში, არამედ მუზეუმის შენობის წინ, მაგრამ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ შესაბამისი ნებართვა არ გასცა. გორელთა ნაწილი იმედოვნებს, რომ დასახულ მიზანს 2014 წლის 5 მარტს, სტალინის გარდაცალებიდან 61-ე წლისთავზე, მიაღწევს.
XS
SM
MD
LG