Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოზე


გასულ კვირაში დასავლეთის პრესაში, კერძოდ, ჟურნალ „ნიუზვიკში“ გამოქვეყნდა წერილი საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთის შესახებ. ამავე დროს, შვეიცარიის რეგიონალური პრესა გამოეხმაურა ქართველი პიანისტის მონაწილეობით ჩატარებულ კონცერტს.

გაზეთი „სანკტ გალერ ტაგბლატი“ გერმანულენოვან შვეიცარიაში გამოდის. გაზეთი ვრცლად გამოეხმაურა 11 იანვარს ჰერიზაუში ჩატარებულ კონცერტს, რომელზეც შვეიცარიელმა ბარიტონმა მანუელ ვალზერმა და ქართველმა პიანისტმა ანანო გოკიელმა შეასრულეს სიმღერები ფრანც შუბერტის ვოკალური ციკლიდან "მშვენიერი მეწისქვილე ქალი". სტატიის ავტორი შესავალშივე წერს, მუსიკოსებმა იმ დღეს მსმენელი „აღაფრთოვანეს... ნატიფი ხელოვნებით ტკბობა“ შესთავაზესო. სტატიის ქვეთავში, სათაურით „შესანიშნავი ინტერპრეტაცია“, წაიკითხავთ: „მანუელ ვალზერმა თავის პიანისტ პარტნიორთან ოპტიმალური ჰარმონიით მიაღწია დამოუკიდებელ, სრულყოფილ ინტერპრეტაციას, რომელმაც გამოხატვის სიცოცხლისუნარიანობით და გრძნობების სიღრმით მსმენელი დაარწმუნა“. ამავე სტატიის ქვეთავში ვკითხულობთ: გამორჩეული ანანო გოკიელი კონცენტრირებული და მგრძნობიარე პარტნიორი იყო, რომელიც ყურადღებით, თანაგრძნობით იყო ჩართული და „ჯადოსნურ პიანისტურ აქცენტებს სვამდა“. სტატიის ავტორი ფანტასტიკურს უწოდებს მომღერლისა და პიანისტის შეთანხმებულ შესრულებას.

სიმღერის აღმაფრთოვანებელი საღამო ორიგინალურად დასრულდაო, წაიკითხავთ ამ სტატიაში. ბისზე დაკვრის ნაცვლად, მანუელ ვალზერმა მსმენელები წარმატებით აიყოლია ერთად ემღერათ ციკლის შესავალი სიმღერა „ვანდერნ ისტ დეს მიულერს ლუსტი“.

საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთის თემაზე დაწერილ სტატიაში ლაპარაკია აფხაზეთის მცხოვრებთა უკმაყოფილებაზე იმის გამო, რომ ისინი, არაერთი თვალსაზრისით, სოჭის ოლიმპიური თამაშების მიღმა დარჩნენ. სტატიის დასაწყისშივე ავტორი განმარტავს, ეს მხარე ასევე „აფსნის“ სახელით არის ცნობილი, რაც „სამშვინველის მიწას“ ნიშნავსო და ამბობს, აქ ბევრია განაწყენებულიო. მათი განაწყენების მიზეზია ის, რომ თვით რუსეთმაც გარიყა აფხაზეთი ათწლეულის თამაშიდან, რომელიც მათ კართან ხდება, ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან. სტატიის ავტორი აფხაზებს „კონკიას“ ადარებს: როცა მთელი მსოფლიო ზეიმობს მშვიდობას და ურთიერთგაგებას სპორტის გზით, აფხაზები განზე დატოვეს მინაზე ცხვირმიჭყლეტილი, არ დაპატიჟეს, არ ჩააბეს თამაშში, არ ისურვეს ისინი. მეტიც: აფხაზები რუსეთმა არც ოლიმპიური ობიექტების მშენებლობას მიაკარა. ოლიმპიურმა უწყებებმა აფხაზ სპორტსმენებს აუკრძალეს თავიანთი დროშის ფერებით გამოსვლა. სტატიის თანახმად, რუსებმა მათ საზღვარი გადაუკეტეს. აფხაზებს ასპარეზობის ყურება უიაფესი ადგილებიდანაც კი არ შეუძლიათ. ამასთან, სტატის ავტორის თანახმად, აფხაზთა ძიუდოისტების გუნდს სამარცხვინოდ არ დართეს ნება მონაწილეობა მიეღო საერთაშორისო შეჯიბრში რუსეთში, კრასნოდარში. საუკეთესო აფხაზ სპორტსმენებს რუსეთის რეგიონალური როსტოვის გუნდის სახელით გამოსვლა შესთავაზეს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG