Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 27 იანვარი


ორშაბათის პრესა უკრაინაში სამოქალაქო ომის დაწყების საფრთხესა და თანმდევ რისკებზე წერს. „რეზონანს/მთელ კვირას“ პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ეუბნება: „უკრაინის დესტაბილიზაცია საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და შავიზღვისპირა რეგიონის უსაფრთხოებას. ევრაზიულ კავშირში შესული უკრაინა საქართველოს ინტერესებში არ შედის, თუმცა საქართველოს არა აქვს რეალური ბერკეტები ზეგავლენა მოახდინოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე“. პოლიტიკის მარკეტოლოგი კახაბერ ჯაყელი კი თვლის, რომ „სამოქალაქო ომი უკიდურესი ნაბიჯი იქნება იანუკოვიჩის მხრიდან და იგი ამ ომს დროთა განმავლობაში მაინც წააგებს“.

„რეზონანს/მთელ კვირაშივე“ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძესთან ვრცელი ინტერვიუც ქვეყნდება: „უკრაინაში უმძიმესი სიტუაციაა. სოლიდარულები ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ იქ ჩასვლა შესაძლოა ამ დაძაბულობის კიდევ უფრო გამძაფრებად ჩაითვალოს. როგორც კი შესაბამისი დღე და სოლიდარობის გამოცხადების ფორმა გამოჩნდება, საპარლამენტო უმცირესობის რამდენიმე დეპუტატი უკრაინაში ისევ ჩავა“.

„პრაიმ-ტაიმი“, ინტერვიუ უმრავლესობის წევრ თინა ხიდაშელთან: „უკრაინაში არ მომხდარა ცვლილება ერთ ღამეში, ანუ უკრაინას არ დაუძინია დასავლური ორიენტაციით და არ გაუღვიძია შეცვლილი ორიენტაციით. იქ დროთა განმავლობაში შეიქმნა ფაქტების ერთობლიობა, რომელმაც ეს შედეგი მოიტანა“.

„ვერსიას“ პირველ გვერდზე აქვს გამოტანილი ჟურნალისტ ოლეგ პანფილოვთან ინტერვიუს სათაური. ოლეგ პანფილოვი ამბობს: „აბობოქრებულ უკრაინელებს ვერავინ შეაჩერებს - ამ ერს ბევრის მოთმენა შეუძლია, მაგრამ როცა ბრძოლას იწყებს, მიზანს აუცილებლად აღწევს“. ამავე ინტერვიუში პანფილოვი ხელისუფლებაზეც ლაპარაკობს: „ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლება პრორუსულია. ეს ადამიანები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ამიტომ კოალიციას „ქართული ოცნების“ ნაცვლად „ქართულ შურისძიებას“ ვუწოდებდი. ისიც უნდა ვთქვა, რომ 2008 წელს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მაშინდელი ოპოზიციაც იბრძოდა“.

„კვირის ქრონიკა“ ბევრს წერს მთავარ პროკურატურაზე. გაზეთში ქვეყნდება ინტერვიუ პროკურორთან, რომელიც, „კვირის ქრონიკის“ თანახმად, ვინაობის გამხელისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს. რესპონდენტი ამბობს: „უამრავი საჩივარია შემოსული უკანონო ბრალდებებზე, რომელიც „შეეტენათ“ ამ პროკურორებს, ანუ იმ ადამიანებს, ვინც ადეიშვილის დროინდელია. არავინ არ არის ახალი, რადგან ვინც არჩილმა მიიყვანა, ყველა გაუშვეს. ახლა პროკურატურას სრულად აკონტროლებს ადეიშვილი. ამიტომ თუ ვსაუბრობთ სამართლიანობის აღდგენაზე, ჯერ პროკურატურაში უნდა აღდგეს სამართლიანობა“.

„ასავალ-დასავალს“ სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაჭიანურებაზე ელაპარაკება 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე: „მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ჩვენ, ეს გამწარებული ხალხი - რობაქიძეები, გირგვლიანები და ვაზაგაშვილები ისევ შევიკრიბებით და რაც დავიწყეთ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, იმაზე უარეს ამბავს დავიწყებთ! ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ „ქართული ოცნება“ რაღაცას გააკეთებს. იმედი გვაქვს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შეცვლის სიტუაციას. მას გაზაფხულამდე აქვს დრო და თუ სამართლიანობის აღდგენას რეალურად არ დაიწყებენ, ჩვენ წინ ვეღარავინ და ვეღარაფერი დაგვიდგება!“

„კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, სხვა საკითხების გარდა, ბიძინა ივანიშვილის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნას ეხმაურება ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი: „მე მართლაც ველი, რომ „მოქალაქის“ ხელმძღვანელი არ დააკლებს მთავრობას კრიტიკას და ხელისუფლებაც ყურადღებით მოუსმენს მას“.

„კვირის პალიტრაშივე“ გიგა ბოკერიასთან ინტერვიუ ქვეყნდება. ჟურნალისტი მას დავით კეზერაშვილის შესახებაც ეკითხება: „კეზერაშვილი ჩემი მეგობარი და პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ამის გამო მე მის საქმეში ობიექტური ვერ ვიქნები. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, მტკიცებულებებით უნდა ესაუბრო და არა დაუსაბუთებელი ბრალდებებით. კეზერაშვილი ექვსი წელია ბიზნესშია და, როგორც მისმა ადვოკატმაც განაცხადა, არაერთი მსხვილი ბიზნესპარტნიორი ჰყავს. ის ფაქტი, რომ ექვსი წლის თავზე ძალიან წარმატებული ბიზნესმენი გახდა, იმას არ ნიშნავს, რომ ფული დანაშაულებრივი გზით იშოვა“.

„კვირის პალიტრას“ პროფესორ გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე მამის მკვლელობის ვერსიაზე ელაპარაკება: „მამაჩემის მკვლელობის საქმეში მნიშვნელოვანი მოწმე გამოჩნდა - პოლიციელი გურიკა ქადარია, რომელიც ამბობს, რომ მამაჩემის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მეგის ქარდავამ დაიბარა და გურამ შარაძის მკვლელობის ორგანიზება დაავალა - ქადარია ზუგდიდიდან თბილისში ორ სპეცრაზმელთან ერთად უნდა ჩამოსულიყო, მითითებები მიეღო კუდ-ის მაღალჩინოსან გია დგებუაძისგან და შესაბამისად ემოქმედა“.

„ახალი თაობის“ პირველ გვერდზე მთავარი სათაურია - „სირიელი სომხები სამცხე-ჯავახეთში ჩასახლებას ითხოვენ!“. გაზეთი წერს: „რუსეთში მცხოვრებმა ჯავახურმა დიასპორამ ახალი მოთხოვნა წამოგვიყენა. ეს მოთხოვნა სირიაში მიმდინარე პროცესებთან არის კავშირში. ამ ქვეყანაში სომხებიც ბლომად ცხოვრობენ, რომლებსაც სერიოზული პრობლემები შეექმნათ. „ჯავახკმა“ გადაწყვიტა, რომ სირიელი სომხები საქართველოში დააბინაოს. ისინი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ ხელი არ შეუშალოს სირიიდან ჯავახეთში სომხების შესაძლო იმიგრაციას“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG