Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 28 იანვარი


მიმოხილვა დავიწყოთ რუსეთის მედიასივრცეში გამოჩენილი პუბლიკაციით, რომელიც ქართული მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა. სტატიაში, რომელიც 27 იანვარს დაბეჭდა გამოცემამ ”რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში”, ავტორი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - წერს, რომ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება არ იყო იოლი საქართველოსთვის, რადგანაც ღონისძიება ტარდება საქართველო-რუსეთის საზღვრის, აფხაზეთის სიახლოვეს. ”ამ რეგიონის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი - ქართველები - ამ დრომდე განდევნილები არიან და ისინი ტრაგიკული კონფლიქტის დასრულებიდან 20 წლის შემდეგაც ვერ ახერხებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას”, - ვკითხულობთ სტატიაში, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ”2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ყველა საერთაშორისო ნორმისა და ხელშეკრულების დარღვევით, რუსეთს არ გაჰყავს თავისი ჯარი ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. ამ ტერიტორიებზე ვრცელდება საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ამ ტერიტორიების სიახლოვეს შენდება მავთულხლართები”.

მიუხედავად ამისა, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი მაინც სწორ, მშვიდობაზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს მონაწილეობას სოჭის ოლიმპიადაში, რომელთან დაკავშირებითაც საქართველო აპირებს უსაფრთხოების დამატებითი ზომების ამოქმედებას - მათ შორის, აეროპორტებსა და საზღვრისპირა რეგიონებში. მართალია, გარკვეული პროგრესი მიღწეულია ვაჭრობისა თუ ტურიზმის სფეროებში, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი სამწუხაროდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ არანაირი წინსვლა არ შეინიშნება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატში; არადა, მისი აზრით, სწორედ ამ ფორმატში უნდა იქნეს ნაპოვნი გამოსავალი ”სამართლებრივი თვალსაზრისით მოჯადოებული წრიდან”, რომელიც რუსეთმა შექმნა საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებით. აქვე ხაზგასმულია ის ფაქტიც, რომ, რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოს დადებული აქვს ძალის არგამოყენების ცალმხრივი დაპირება და რომ ახლა იგივე მოეთხოვება რუსეთსაც. პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი წერს ასევე, რომ საქართველო მზად არის აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის ”პრაქტიკული და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად”, ხოლო ”ჩვენს შორის ნდობის აღდგენამდე, შესაძლოა გვერდზე გადავდოთ სტატუსის გარშემო მოლაპარაკებები”.

ამავე სტატიაში საგანგებო ადგილი ეთმობა საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ. ნათქვამია, რომ ეს პროცესი შეუქცევადია და რომ ევროპული არჩევანი არა ცალკეული პოლიტიკოსებისა თუ მთავრობების არჩევანია, არამედ ეს არის ქართველი ხალხის”ისტორიული მისწრაფება”, რაც ხელსაყრელი იქნება რუსეთისთვისაც. პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მისი სეგმენტის - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის - ამოქმედების შემდეგ საქართველოს მიეცემა დამატებითი შესაძლებლობები უფრო წარმატებით ითანამშრომლოს რუსეთთან.

”საქართველოში უკრაინის მსგავსი მოვლენების განმეორების ეშინიათ” - ამ სათაურის სტატიას 23 იანვრის გაზეთი ”იზვესტია” ბეჭდავს და აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი უკრაინაში არასასურველ სტუმრად გამოაცხადეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო თბილისში უკრაინის მხარდამჭერი მიტინგების ორგანიზება, ხოლო მისი ლიდერები აღნიშნავენ, რომ პროგრესული ძალები უკრაინაში ახლა საქართველოს ინტერესების დასაცავადაც იბრძვიან. ამ კონტექსტში სტატიაში მოყვანილია დავით ბაქრაძის სიტყვები, რომ ”ახლა უკრაინაში წყდება საკითხი - შეძლებს თუ არა რუსეთი საბჭოთა კავშირის აღდგენას” და რომ, თუკი რუსეთის ინტერესები გაიმარჯვებს უკრაინაში, ცოტა ხანში ეს საქართველოზეც აისახება.

გაზეთში მოყვანილი მოსაზრების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს შიში, რომ, უკრაინის მსგავსად, ოპოზიციამ იმავე სცენარით საქართველოშიც არ დაიწყოს მოქმედება. ამგვარი მოსაზრების ერთგვარ დასტურად არის გამოყენებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის კვლევის ინსტიტუტის დირექტორის ვახტანგ მაიასაიას სიტყვები. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება გახლიჩოს საზოგადოება იმ მოტივით, თითქოს ახლანდელ ხელისუფლებას არ სურს ევროინტეგრაცია. ”რეგიონებში ნაციონალური მოძრაობის მომხრეები უკვე გარკვეულწილად მუშაობენ ამ მიმართულებით საზოგადოებრივი აზრის მობილიზების მიზნით”, - აღნიშნავს გაზეთ ”იზვესტიასთან” საუბრისას ვახტანგ მაისაია, რომლის აზრითაც, ამგვარი პროვოკაციული ქმედებებით წინა ხელისუფლების წარმომადგენლები შეეცდებიან დაავიწყონ ხალხს თავიანთი ”ცოდვები, ჩადენილი 2004-2012 წლებში”.

გაზეთი ”იზვესტია” ამავე სტატიაში აღნიშნავს, რომ უკრაინის სცენარის გათამაშების შიშის დასაძლევად, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირისგან უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს და, როგორც ჩანს, ეს მოთხოვნა სრულდება. ამ ვერისიის დასტურად სტატიაში მოყვანილია საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის ივანე მაჭავარიანის კომენტარი, რომლის თანახმადაც უახლოეს მომავალში გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივი მისიით ესტუმრებიან საქართველოსა და მოლდავეთს - ქვეყნებს, რომლებმაც ნოემბერში, ვილნიუსის სამიტზე, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოახდინეს. დაჩქარებული ტემპით, რამდენიმე თვეში, იგეგმება პარაფირებული დოკუმენტის ხელმოწერაც.

რუსულენოვანი პრესის ყურადღების ცენტრშია ასევე კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საქართველოს და, კერძოდ, მის მოქალაქე გივი თარგამაძეს უკავშირდება. მედია იტყობინება, რომ მოსკოვის საქალაქო სასამართლო 4 თებერვალს დაიწყებს სისხლის სამართლის საქმის განხილვას ”მემარცხენე ფრონტის” კოორდინატორის სერგეი უდალცოვისა და მისი რამდენიმე თანამოაზრის გარშემო. როგორც პრესსამსახურმა აცნობა რუსულენოვან მედიას, საქმე სასამართლოში ხელმეორედ შევიდა მას შემდეგ, რაც ის დაბრუნებულ იქნა პროკურატურაში ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით. როგორც, მაგალითად, 28 იანვრის გამოცემა ”ვედომოსტი” იტყობინება, საქმის მასალების თანახმად, სერგეი უდალცოვი, ლეონიდ რაზვოზჟაევი, ასევე ”მემარცხენე ფრონტის” აქტივისტი კონსტანტინ ლებედევი და საქართველოს მოქალაქე გივი თარგამაძე იყვნენ არეულობის ორგანიზატორები მოსკოვში, ბალოტნაიას მოედანზე, 2012 წლის 6 მაისს. პროკურატურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, გაზეთი აღნიშნავს, რომ ამ ოთხი ადამიანის მიზანს ”საზოგადოებაში ვითარების დესტაბილიზება” წარმოადგენდა და რომ ისინი სხვა მსგავს ღონისძიებებს მთელი 2012 წლის განმავლობაში გეგმავდნენ. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია ” НТВ”-მ აჩვენა ფილმი ”პროტესტის ანატომია - 2”.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG