Accessibility links

logo-print

უკრაინის კრიზისი და საბერძნეთის ფინანსური პრობლემები მიმდინარე კვირაში იმ საკითხებს შორის იყო, რომლებსაც პრესა ყველაზე აქტიურად ეხმაურებოდა.

უკრაინა გაყოფილი დარჩებაო, წერდა ავსტრიაში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური „შტანდარდი“ 24 თებერვალს: „მიუხედავად ეკონომიკური სირთულეებისა, რომლებიც გამოიწვია ნავთობის ფასების კლებამ და დასავლეთის სანქციებმა, და, ცხადია, მედიის ტოტალურად გაკონტროლების შედეგად, პუტინის პოპულარობის რეიტინგი 80 პროცენტს სცდება. ამ კონტექსტში ისიც კი საეჭვოდ რჩება, პუტინს უკან დახევას თუ აიძულებდა დისკუსიის საგნად ქცეული საკითხი - უკრაინისთვის აშშ-ის იარაღის მიწოდება. ანგელა მერკელს და ევროპელების უმრავლესობას რუსეთის ზეწოლის გაძლიერების ეშინიათ, რასაც შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. უკრაინის გაყოფის უკუქცევა იმ იმედებსაც კი არ შეუძლია, რომლებიც უკავშირდება რუსეთის გარდაუვალ ეკონომიკურ კოლაფსს და დასავლეთის კეთილდღეობის უპირატესობას“.

ჰოლანდიაში გამომავალი ლიბერალური ყოველდღიური გაზეთი ენერსე ჰანდელსბლადი 24 თებერვლის ნომერში წერდა, დასავლეთს უჭირს უკრაინელი სეპარატისტების მიზნების განჭვრეტაო: „სეპარატისტები და მათი პარტნიორები რუსეთში განაგრძობენ სახიფათო თამაშის თამაშს. მათი ქცევა აშკარად წინააღმდეგობაში მოდის მინსკის შეთანხმებასთან. მეორე მხრივ, ისინი ისე იქცევიან, რომ დასავლეთს საბოლოოდ არ გაუქრეს იმედის ბოლო ნაპერწკალი. შედგა პატიმართა გაცვლა და სეპარატისტებმა განაცხადეს, რომ დაიწყეს მძიმე შეიარაღების გატანა. ასეთ ფონზე, დასავლეთში აზრთა სხვადასხვაობაა იმის თაობაზე, საზავო შეთანხმებას აქვს თუ არა რაიმე რეალური მნიშვნელობა და უნდა შეეცადოს თუ არა იმის გადარჩენას, რაც შესაძლებელია“.

ჩეხეთში გამომავალი ლიბერალური ბიზნესგამოცემა „ჰოსპოდარსკე ნოვინი“ 27 თებერვალს წერდა, ომის ბედს მარიუპოლის საკითხი გადაწყვეტსო: „დღევანდელი ვითარებით, ზავი მხოლოდ ქაღალდზე აღარ არსებობს. უკვე მეორე დღეა არც ერთი სამხედრო არ მოუკლავთ და უკრაინის არმიამ დაიწყო მძიმე შეიარაღების გატანა, მინსკის შეთანხმების გათვალისწინებით. ... მაგრამ გაცილებით ნაკლებად ოპტიმისტურად ჟღერს თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის სიტყვები, რომ აზოვის ზღვაზე მდებარე მარიუპოლისეპარატისტების ტერიტორიას ეკუთვნის. მარიუპოლის საკითხი გამოაჩენს, შეგვეძლება თუ არა ზავს ვუწოდოთ მშვიდობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი, თუ ის ბრძოლაში, უბრალოდ, პაუზაა“.

ევროს მოქმედების ზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა სამშაბათს დაამტკიცეს ათენის მიერ შეთავაზებული რეფორმების პროგრამა. ამის შემდეგ ქვეყნის კრედიტორებმა განაცხადეს, რომ საბერძნეთის დახმარების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ივნისამდე, თუმცა წარმოდგენილი წინადადებების გაუმჯობესება მოითხოვეს. ჟურნალისტთა ნაწილი წერდა, საბერძნეთმა კაპიტულაცია გამოაცხადაო, სხვები კი ამბობდნენ, რომ მთავრობას ქვეყნის რეფორმირების უნიკალური შანსი მიეცა.

საბერძნეთში გამომავალი კონსერვატორული ორიენტაციის „დიმოკრატია“ 24 თებერვლის ნომერში წერდა: „ის ხალხი, ვინც მთავრობას აკრიტიკებს, ვერ ხედავს, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობას არ სურს მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდეს. პირიქით, მათი დიდი სურვილია გაუმჯობესება იყოს. ეს ხალხი არ აღიარებს, რომ ისინი, ვინც ხმა „სირიზას“ მისცა, არც სტალინისტები არიან, არც მაოისტები და არც შენიღბული აგიტატორები. ... ეს ამომრჩეველი ყოფილ საშუალო ფენას წარმოადგენს. ... მთავრობამ პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს ერთობლივი ვალუტის შესანარჩუნებლად, ბევრი მიზეზის გამო. ევროზონისგან გამოყოფას შესაძლოა ნამდვილი ტრაგედია მოჰყოლოდა“.

პრესა აქტიურად გამოეხმაურა „ოსკარების“ გადაცემის ცერემონიასაც, რომელიც 22 თებერვალს გაიმართა. პოლონეთში გამომავალ ლიბერალური ორიენტაციის „გაზეტა ვიბორჩაში“ 23 თებერვალს სტატია გამოაქვეყნა საუკეთესო უცხოურ ფილმად მიჩნეული სურათის, „იდას“ შემქმნელი კომპანიის, „ოპუსის“, წარმომადგენელმა, ლუკაშ ძინჩაუმ: „ჩვენს თვალწინ დაიწერა პოლონური კინოს ისტორიის მნიშვნელოვანი თავი. ვის შეეძლო ეს ეწინასწარმეტყველა? ჩვენ მხოლოდ ის ვიცოდით, რომ „იდა“ თავიდანვე იყო ფავორიტებს შორის, მაგრამ ამავე ჯგუფში იყო ხუთი არაჩვეულებრივი ფილმი. და ბოლო მომენტამდე, ფავორიტად რჩებოდა [რუსული] ფილმი „ლევიათანი“ - თუნდაც იმ წარმატების გამო, რომელიც მან „ოქროს გლობუსების“ ცერემონიაზე მოიპოვა. მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ აკადემიაზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება პაველ პავლიკოვსკის სურათმა მოახდინა. პოლონური კინოს ყველა მოყვარულს დღეს მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს ზეიმისთვის“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG