Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოზე


მიმდინარე კვირაში დასავლეთის პრესამ საქართველოს შესახებ რამდენიმე საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.
18 აგვისტოს ირლანდიაში გამომავალ გაზეთ „აირიშ ტაიმსში“ დაიბეჭდა სტატია „საბჭოთა კავშირის მემკვიდრე ქვეყნებს არართგვაროვანი შედეგები აქვთ“. სტატიის ავტორი, სიმუს მარტინი, იმ რთულ და განსხვავებულ გზას აღწერს, რომელიც 15-მა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკამ გამოიარა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც, დასავლეთის ბევრი ქვეყნის თვალში, არც არასოდეს ყოფილან საბჭოთა კავშირის წევრები, ახლა ევროკავშირის და ნატოს წევრები არიან და, ისევე როგორც საბჭოთა პერიოდში, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით, უფრო მაღალი ცხოვრების სტანდარტით გამოირჩევიან. მოლდავეთი ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, „გაყინული კონფლიქტის“ პრობლემით - დნესტრისპირეთის სახით. ავტორი წერს უკრაინაზეც, რომელიც, მისი თქმით, „უიმედოდაა“ დაყოფილი დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებად. ბელორუსიას ავტორი საბჭოთა კავშირის თემაზე შექმნილ ერთგვარ პარკად თუ მუზეუმად მოიხსენიებს - არჩეული დიქტატორის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პირობებში. შუა აზიაში კი, ავტორის თქმით, დემოკრატიისკენ სვლა შენელებული ფაზიდან არარსებულ ფაზაში გადავიდა. რაც შეეხება საქართველოს: პოსტსაბჭოთა პერიოდის ისტორიის მოკლე მიმოხილვის შემდეგ - გამსახურდიადან სააკაშვილამდე - ავტორი წერს: „სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ყველაზე დრამატული მოვლენა 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომი იყო. იმის შესახებ, თუ ვის ეკისრება ამ კონფლიქტზე პასუხისმგებლობა, არაერთი განცხადება თუ კონტრგანცხადება გაკეთდა. ყველაზე სანდო და დამოუკიდებელი ვერსია ევროკავშირის სპონსორობით ჩატარებულმა გამოძიებამ შეიმუშავა. გამოძიებას შვეიცარიელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა, რომლის გუნდში შვეიცარიელი და ბრიტანელი სამხედრო მაღალჩინოსნებიც შედიოდნენ. ტალიავინის დასკვნამ აჩვენა, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო სამხრეთ ოსეთზე თავდასხმით, თუმცა პროვოკაციებს ყველა მხარე აწყობდა (რუსებიც, ოსებიც და ქართველებიც). ამასთან, ანგარიშმა რუსეთიც გააკრიტიკა რეაგირებისთვის, რომლის მასშტაბიც არ იყო ქართული მხარის მიერ მიტანილი იერიშის პროპორციული“. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ გარკვეული ვარაუდების მიუხედავად, სააკაშვილი კვლავაც ხელისუფლებაში რჩება. ავტორი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტოგრაფების ფაქტსაც ახსენებს, რაც, მისი თქმით, ქვეყანაში ხშირად შემხვედრი შეშფოთების მაგალითია. „იკვეთება პიროვნების კულტის ნიშნებიც - სააკაშვილი ხელმძღვანელობს ფეშენებელური საპრეზიდენტო სასახლის მშენებლობას ქვეყანაში, რომლის ინფრასტრუქტურა ომამდეც საშინელ მდგომარეობაში იყოო“, - წერს სიმუს მარტინი.
ამავე გაზეთში – „აირიშ ტაიმსში“ – 15 აგვისტოს გამოქვეყნდა სტატია, სახელწოდებით „რუსეთსა და საქართველოს შორის გაყინული კონფლიქტი გრძელდება“. სტატია 2008 წლის აგვისტოს ომის მესამე წლისთავს ეძღვნება და ძირითადად ამ ომის გარემოებების და ისტორიის მოკლე მონათხრობს წარმოადგენს. „ომი ტრიუმფი იყო რუსეთისთვის - განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის - ხშირად კონფლიქტური - ნაციონალიზმისთვის, ისევე როგორც მიზნისთვის, რომელიც მას დიდი ხნის განმავლობაში ამოძრავებდა - ძირი გამოეთხარა საქართველოს დასავლეთთან დაახლოებისთვის და რუსეთის გავლენა გაეზარდა სტრატეგიულ კავკასიის რეგიონში. კონფლიქტი კატასტროფა იყო სააკაშვილისთვის, რომელიც კვლავაც აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთში ჯარისკაცები მხოლოდ იმ მიზნით გაგზავნა, რომ ჩაეხშო ეთნიკურად ქართულ სოფლებზე სეპარატისტი შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან თავდასხმები და გზა გადაეჭრა რუსეთის ტანკებისთვის, რომლებიც სამხრეთ ოსეთში რუსეთთან დამაკავშირებელი სამთო გვირაბით შედიოდნენ“. სრულად სტატიას, რომლის ავტორია დანიელ მაკლაფლინი, „აირიშ ტაიმსის“ 15 აგვისტოს ნომერში ნახავთ.
17 აგვისტოს ჟურნალმა „ფორინ პოლისიმ“ გამოაქვეყნა ჯოშუა კიტინგის სტატია, სახელწოდებით „განათება, კამერა, საქართველო“. სტატია რეცენზიაა რენი ჰარლინის ფილმზე „აგვისტოს 5 დღე“, რომლის პრემიერაც აშშ-ში ამ კვირაში გაიმართა. „ამ ფილმის რეკლამა ძირითადად კონცენტრირებული იყო მისი დაფინანსების წყაროზე, - ყველაზე მსხვილი სპონსორი ოქროს საბადოს ქართველი მაგნატია, რომელიც ამასთან ქვეყნის პარლამენტის წევრიც არის, - ასევე იმ ფაქტზე, რომ ფილმის შექმნის პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ჯარმა, და მის რეჟისორზე, რენი ჰარლინზე“, -წერს ავტორი და დასძენს, რომ ჰარლინი ამ ფილმისთვის უცნაური არჩევანია, რადგან ის პოლიტიკური დრამის ჟანრში მუშაობით აქამდე არ იყო ცნობილი. „ამ ფილმის პოლიტიკური მესიჯი ნაკლებად მაინტერესებდა - ეს პროქართული და ანტირუსული ფილმია და არც ცდილობს თავი სხვაგვარად მოგვაჩვენოს“, წერს კიტინგი და დასძენს, რომ ამ პროექტის ავტორებს, სავარაუდოდ, ერთი მიზანი ამოძრავებდათ - ტრაგედიის ირგვლივ გარკვეული ნარატივის შექმნა და მისი საერთაშორისო ასპარეზზე გატანა. „მიიღეს თუ არა მათ გაღებული თანხების შესატყვისი შედეგი?“- სვამს კითხვას ავტორი და შეკითხვას იქვე უპასუხებს: „ვერ ვიტყოდი ასე“. შემდეგ კრიტიკოსი მოკლედ შეაჯამებს ფილმის სიუჟეტს და იქვე წერს, რომ ჰარლინი ცდილობს საქართველო ერთდროულად წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლადაც წარმოაჩინოს და ტურისტებისთვის საუკეთესო ადგილადაც. „ფილმს გარკვეული პრობლემები აქვს თხრობის ინტონაციასთან დაკავშირებით. ერთ მომენტში ვხედავთ მოხუც ქალს, რომელსაც ფეხებს დაუცხრილავენ და წყლის ნაკადში სასიკვდილოდ მიატოვებენ, მეორე მომენტში კი ქართველი სამხედროები ფანჯრების ლეწვით შემოცვივიან გადარჩენის ოპერაციის განსახორციელებლად“, - ვკითხულობთ რეცენზიაში. „სიუჟეტის ზოგიერთი ასპექტი აზრს მოკლებული ჩანს“, - წერს კიტინგი. თუმცა, მისი აზრით, „ამ ფილმის უფრო დიდი პრობლემა ის არის, რომ ბოლომდე ნათელი არ არის, რისი თქმა სურს და ვისთვის.“
„აგვისტოს 5 დღის“ შესახებ კრიტიკული რეცენზია დაიბეჭდა „ვაშინგტონ პოსტშიც“ 19 აგვისტოს. კრიტიკოსმა, ჯონ დეფორმა, მას დაბალი შეფასება მისცა - ხუთი ვარსკვლავიდან ერთი მიანიჭა. რეზენციაში ვკითხულობთ, რომ ფილმი უკიდურესად სწორხაზოვანია: „მხოლოდ მამაცი ქართველი ჯარისკაცები და რუსების პირისპირ აღმოჩენილი უმწეო მოქალაქეები - რუსებისა, რომელთა არამზადა ტატუირებული შეიარაღებული კაცები, პროვოცირების გარეშე, სიხარულით უხსნიან ცეცხლს ბებიებს“. ჟურნალისტი განაგრძობს: „ჰარლინის ხელწერა მთელ ფილმს ეტყობა. ის რეალურ შემზარავ ამბებს საზაფხულო გასართობი ჟანრის შესაფერისი გაქანებით იღებს. მანქანები ფეთქდება და ჰაერში ტრიალდება; ტყვიებით დაცხრილვის დროს მსხვერპლნი ჯვარცმულის პოზას იღებენ - მოქმედება შენელებულია და უხმოდ მიდის, რათა ამ ტლანქმა კადრებმა სათანადო ეფექტი გამოღოს. უამრავ კლიშეს შეხვდებით - იქნება ეს წამებული, რომელიც [მეგობარს] იხსნის თუ კეთილი და ბოროტი გმირების ჭადრაკის პარტია, რომლის დროსაც ბოროტი გმირი ომის გარშემო ფილოსოფოსობს“. რეცენზიის ბოლოს კრიტიკოსი დაასკვნის: „’აგვისტოს 5 დღე’ ჰოლივუდიზაციის ყველა ნაკლით გამოირჩევა და ვერ ახერხებს იმ თანაგრძნობის აღმძვრელი და საჭირო პათოსის გადმოცემას, რომელსაც მისი თემა იმსახურებს“.
15 აგვისტოს „ნიუ-იორკ ტაიმსში“ დაიბეჭდა პოლიტიკის ექსპერტების დანიელ ბაიმანისა და ჩარლზ კინგის სტატია - „მოჩვენებების საფრთხე“. სტატია „მოჩვენებით სახელმწიფოებს“ ეხება და სამხრეთ ოსეთის მაგალითზე განავრცობს საფრთხეებს, რასაც მსოფლიოს ასეთი რეგიონები უქმნის. „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა მოჩვენებითი სახელმწიფოების არსებობით შექმნილი მწვავე საფრთხეების პოტენციალი გამოააშკარავა - ადგილებისა, რომლებსაც ჰყავთ სამხედრო ძალები, ატარებენ არჩევნებს, აშენებენ ადგილობრივ ეკონომიკებს და განათლებას აძლევენ ბავშვებს - და მაინც ბუნდოვან, მოჩვენებების სამყაროს წარმოადგენენ, რომელიც დე ფაქტო ყოფნასა და საერთაშორისო ლეგიტიმურობას შორის არსებობს“, - წერენ ავტორები. საერთაშორისო პოლიტიკის ამ „უცნაურობებს“ შორის სტატიაში განხილულია სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, მთიანი ყარაბაღი, დნესტრისპირეთი, დასავლეთის სანაპიროსა და ღაზის სექტორის პალესტინელთა ტერიტორიები, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა და სხვ. სტატიის ბოლოს ავტორები დაასკვნიან: „საერთაშორისო თანამეგობრობამ ამ მოჩვენებებს რეფორმების გატარებისკენ უნდა უბიძგოს, მხოლოდ სახელმწიფოებრიობის მოპოვებაზე კონცენტრაციის ნაცვლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიოს მილიონობით მოქალაქე იურიდიულ და პოლიტიკურ გაურკვევლობაში დარჩება - მეამბოხეებად, რომლებსაც ამბოხების მიზეზი აქვთ, და ჯარისკაცებად, რომლებსაც უკმაყოფილების საბაბი მოეპოვებათ. ამ მოჩვენებების მეზობლები კი ომის საფრთხისგან ვერ განთავისუფლდებიან“.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG