Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 24 აგვისტო, 2011

  • ნიკო ნერგაძე

დღეს ქართული პრესისათვის კვლავინდებურად მნიშვნელოვანი განსახილველი თემაა, თუ რა არის და რა არ არის ქსენოფობია. ნაწილობრივ ეს დისკუსია რობერტ სტურუას გამონათქვამებს შეეხება, ნაწილობრივ კი - საქართველოს პრეზიდენტისას. ”ის, რაც ეპატიება სააკაშვილს, არ ეპატიება სტურუას?” - კითხულობს დღეს ”რეზონანსი”. ლაპარაკი ეხება პრეზიდენტის საჯაროდ წარმოთქმულ ფრაზას: "იქით არიან ბარბაროსები, აქეთ კი ცივილიზაციაა; იქით არის მონღოლოიდური გადმონაშთები და იდეოლოგია, ხოლო აქ - ნამდვილი უძველესი კოლხური ევროპაო”. ამ სიტყვებზე კომენტარს ”რეზონანსში“ ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი აკეთებს, რომელიც ამბობს: "სააკაშვილმა მონღოლოიდებს შეურაცხყოფა მიაყენა, ბარბაროსებად მოიხსენია - ერთ ადამიანს კია არა, მთელ ამ რასას მიაყენა შეურაცხყოფაო”, და კითხულობს: ”საინტერესოა, რა კომენტარს გააკეთებს ამაზე თავად ბატონი რურუა, რომლისთვისაც "კარგ და ცუდ ერებად" დაყოფა პრინციპულად მიუღებელიაო”. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი თამარ კორძაია კი ”რეზონანსთან“ საუბარში ამბობს: ”სააკაშვილმა ბარბაროსებში, ალბათ, რუსები და აფხაზები იგულისხმა და ნებისმიერი ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენება მიუღებელია. სააკაშვილის ეს განცხადება ქსენოფობიური განცხადებაა. შეიძლება ვიღაცამ განმარტოს, რომ რადგან რუსებსა და აფხაზებთან საომარ სიტუაციაში ვართ, იმიტომაც მოხდა ასეთი შეფასებაო, მაგრამ არ მესმის მონღოლოიდური გადმონაშთი რატომ არის ცუდი და მიუღებელი - ნახევარი აზია მონღოლოიდური რასისაა და, ამდენად, ეს მიუღებელი და არაეთიკური ტონია". სტატიას, რომელსაც ”რეზონანსში” წაიკითხავთ, ჰქვია ”ქსენოფობია პრეზიდენტის სიტყვებში”.

ქსენოფობიაზე ლაპარაკობს ”ყველა სიახლისათვის” მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტი ლალი მოროშკინა, უფრო სწორად, ქსენოფობიის არარსებობაზე. ”რომ არსებობდეს, პირველ რიგში, მე ვიგრძნობდიო”, - ამბობს ის და ნათქვამს ასე ხსნის: ”როდესაც ხელისუფლება გაიძახის, რუსეთი ჩვენი მტერია და რუსული მტრის ენააო, პირველი მე უნდა გავყვიროდე, ეს ჩემ წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებია-მეთქი.”

აფხაზეთში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას განიხილავს ”ახალი თაობისათვის” მიცემულ ინტერვიუში კონფლიქტოლოგი, რესპუბლიკური პარტიის წევრი პაატა ზაქარეიშვილი. "გალში ანქვაბიც ჩავიდა და შამბაც. მეტიც, შამბამ უპრეცედენტო ნაბიჯიც კი გადადგა და ქართველებს ქართულად მიმართა, რითაც საკმაოდ მოაწონა თავი გალელებს. შამბასგან განსხვავებით, ანქვაბს აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შანსი. მან დაიწყო გალელების უპრეცედენტო და სასწრაფო პასპორტიზაცია. მოგეხსენებათ, ეს პროცესი ანქვაბის ხელშია”, - ამბობს ის და შემდეგ განაგრძობს:”ბაღაფშის გამარჯვებისთვის გადამწყვეტი სწორედ გალელთა ხმები აღმოჩნდა. თუმცა დღეს, სავარაუდოდ, მთლად ასე ვეღარ იქნება, რადგან 2004 წელს არჩევნებში მონაწილეობის უფლება 20 ათას ქართველს ჰქონდა, დღეს კი, რაც უნდა სწრაფად გასცენ პასპორტები, არ მგონია, ეს რიცხვი 9 ათასს ასცდესო.” პაატა ზაქარეიშვილი პროგნოზირებს, რომ აფხაზეთში მეორე ტურის დანიშვნა გახდება საჭირო.
XS
SM
MD
LG