Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 26 ოქტომბერი, 2011

  • ნიკო ნერგაძე

პრესის მიმოხილვა დღესაც, ისევე როგორც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, უფრო იმის მიმოხილვა გამოდის, თუ ვინ რა თქვა ბიძინა ივანიშვილზე. შეიძლება, რა თქმა უნდა, სხვა თემების ამორჩევა, მაგრამ ამისათვის უნდა გადაახტე პირველ, მეორე, მესამე გვერდებს, არ შეხედო დიდად აკრეფილ სათაურებს, თვალი აარიდო ფოტოებს და ისე, სადღაც შუაში ნახო რამე სხვაზე დაწერილი, რაც, აბა, რა პრესის მიმოხილვა გამოვა. ამ შესავლის შემდეგ, ”რეზონანსით” დავიწყებთ, რომელიც დღეს წერს, იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება ეკრძალებათო. რა შუაშია აქ ბიძინა ივანიშვილი? გაზეთი წერს: ”მოქალაქეობის ჩამორთმევის მიუხედავად, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, მას აქვს უფლება, რომ მის მიერ დაარსებული იურიდიული პირების მეშვეობით დააფინანსოს პარტიაო”. ”რეზონანსი” განაგრძობს, როგორც ჩანს, ხელისუფლება მისთვის ამ შესაძლებლობის დაბლოკვასაც აპირებსო.

რაც შეეხება ხელისუფლების დამოკიდებულებას ივანიშვილის მიმართ, ”ვერსია” აქვეყნებს ინტერვიუს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილთან, რომელიც კიდევ ერთხელ ლაპარაკობს პუტინის კვალზე და ამბობს: ”ივანიშვილის რუსეთთან ბუნებრივ ბმაზე, მგონი, კითხვის ნიშნები აღარც არსებობს. მისი საბჭოს წევრებიც აკეთებენ კომენტარებს, რომ მას გავლენა აქვს რუსეთის წრეებში. მე კი პირიქით ვიტყოდი - ეს ნაცნობობა მის გავლენაზე კი არა, პირიქით, რუსული პოლიტიკური წრეებისა და ამ შემთხვევაში პუტინის გავლენაზე მეტყველებსო.” რაც შეეხება ივანიშვილის პარტნიორებს საქართველოში, მათ პავლე კუბლაშვილი წარუმატებელ ადამიანებს უწოდებს, რომლებიც მიეკედლნენ ივანიშვილს, როგორც ფინანსურ წყაროს, და საკუთარ თავს პოლიტიკურ პროექტებად სთავაზობენ.

რაღაც ხნის წინ აქტიური პოლიტიკოსების გეგმებზე ესაუბრება ”ყველა სიახლეს” გოგა ხაინდრავა, რომელიც საკუთარ თავზე და ლევან გაჩეჩილაძეზე ლაპარაკობს. ”ლევან გაჩეჩილაძესთან ვმეგობრობ და ვფიქრობთ, რომ დღეს ჩვენი განზე გაწევის დრო მოვიდა”, - ამბობს ის და შემდეგ ხსნის: ”არა სადმე წასვლის, დამალვის, არამედ იმ ძალებისთვის ასპარეზის დათმობის, რომლებიც სამართლებრივი გზით აპირებენ სიარულსო”.

დაბოლოს, ივანიშვილის პარტნიორების აზრიც რომ ვნახოთ, იგივე ”ყველა სიახლე” აქვეყნებს ინტერვიუს რესპუბლიკელების ერთ-ერთ ლიდერ ლევან ბერძენიშვილთან. ის ამბობს: "ივანიშვილის პოლიტიკურმა გააქტიურებამ უკვე სასარგებლო შედეგები მოიტანა. ერთი მხრივ, ძალიან გააქტიურდა ელექტორატი და მომავალ არჩევნებში, დარწმუნებული ვარ, გაცილებით ბევრი ადამიანი მივა საარჩევნო უბნებზე, მეორე მხრივ კი, ხელისუფლება უკვე ალაპარაკდა ახალ-ახალ სოციალურ პროექტებზე, ხელფასებისა და პენსიების გაზრდაზე და ა.შ., რაც ნამდვილად მისასალმებელიაო.”
XS
SM
MD
LG