Accessibility links

უმრავლესობამ პრეზიდენტს სამაგიერო გადაუხადა?


გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტ მარგველაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციათა ხელმძღვანელებს შორის 10 მარტს დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო. მართალია, მიზეზი ოფიციალურად არ სახელდება, მაგრამ ამ თემაზე გაკეთებული კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, უმრავლესობამ პრეზიდენტს ერთგვარად სამაგიერო გადაუხადა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის დანიშვნის გამო. უმრავლესობის წარმომადგენლები თვლიან, რომ პრეზიდენტმა ოპოზიციის წისქვილზე დაასხა წყალი.

შეხვედრა, რომელზეც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკაზე უნდა ემსჯელათ, ბევრისთვის მოულოდნელად არ შედგა. პარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადება გვამცნობს, რომ შეხვედრა „მხარეების ურთიერთშეთანხმებით გადაიდო“, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ინიციატივა პარლამენტიდან მოდიოდა. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თინათინ მჟავანაძემ განაცხადა, პრეზიდენტს უმრავლესობის ლიდერმა მიმართა:

„მიზეზს ვერ მოგახსენებთ, ჩემთვის უცნობია, მაგრამ დავით საგანელიძის თხოვნით, აღნიშნული შეხვედრა გადაიდო რამდენიმე ხნით“.

მართალია, ოფიციალურ მიზეზად არ დასახელებულა, მაგრამ მთელი რიგი კომენტარების შინაარსი იმაზე მიუთითებს, რომ პრეზიდენტის სასახლეში დანიშნული შეხვედრის გადადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომას უკავშირდება. "უმრავლესობის მხრიდან იყო მოსაზრება იმისა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ გამართულიყო, თუმცა რიგგარეშე სხდომა პრეზიდენტმა დანიშნა. ამის გამო ჩვენ თავს ვიკავებთ შეხვედრისგან", – უთხრა, მაგალითად, უმრავლესობის დეპუტატმა გოგი თოფაძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“.

საქართველოს პრეზიდენტის 10 მარტის განკარგულებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტს უნდა გაიმართოს. განსახილველ საკითხებად სახელდება „ეროვნული ვალუტის - ლარის - კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები“. აქვე ვთქვათ, რომ პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ წერილობითი და „თავისუფალი დემოკრატების“ ზეპირი მიმართვის საფუძველზე მიიღო.

შთაბეჭდილებას, რომ უმრავლესობამ პრეზიდენტს სამაგიერო გადაუხადა, ამძაფრებს უმრავლესობის წარმომადგენელთა მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სხდომის დანიშვნისადმი. ასე მაგალითად, როგორც 10 მარტს აღნიშნა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ, ამ საკითხებზე საკომიტეტო მოსმენა უკვე დანიშნული იყო, როდესაც პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომა დანიშნა და ამ გადაწყვეტილებით ის მხოლოდ ოპოზიციის ინტერესებს დაეყრდნო:

„’ნაციონალური მოძრაობის’ მოთხოვნით, თავისუფალი დემოკრატების შეგონებით, პრეზიდენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. ალბათ, საინტერესო იქნებოდა უმრავლესობასთანაც რაღაც კონსულტაცია, თუნდაც კითხვის დასმა: ის გუნდი, რომელიც კვორუმს ქმნის და სხდომას იწვევს, რეალურად, რამდენად მიზანშეწონილად და საფუძვლიანად თვლის, რომ სხდომა მოიწვიო მაშინ, როდესაც არის სასესიო პერიოდი“.

წინასწარი ინფორმაციით, რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ ეკონომიკური გუნდის მინისტრები. როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა აღნიშნა 10 მარტს, ის აზრს ვერ ხედავს, რადგან „პოლიტიკურ შოუში“ მონაწილეობით ვერც ლარი გამყარდება და ვერც ეკონომიკური განვითარება დაჩქარდება.

იმას, რაც მოხდა, ჩვენთან საუბრისას უმრავლესობის მიერ „პრეზიდენტის გარიყვის“ მცდელობას უწოდებს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. მართალია, მას ამ მხრივ არაფერი აკვირვებს, მაგრამ ყურადღებას ამახვილებს ერთ სახიფათო ტენდენციაზე:

„მმართველი უმრავლესობა და მთავრობა ვერ აცნობიერებს იმას, რომ ამით კონკრეტულად ისინი გიორგი მარგველაშვილს კი არ აკნინებენ, არამედ რეალურად აკნინებენ პოლიტიკურ ინსტიტუტებს, რადგანაც დღეს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია, მაგრამ ხვალ და ზეგ შეიძლება სხვა იყოს... აქედან გამომდინარე, ეს მთლიანად ეროზიას უქმნის სამართლებრივი სახელმწიფოს ცნებას“.

კორნელი კაკაჩიას დაკვირვებით, უმრავლესობის მიერ პრეზიდენტის გარიყვის ტენდენცია გიორგი მარგველაშვილის მიმართ ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის არაერთგზის გამომჟღავნებულ უარყოფით დამოკიდებულებას ეფუძნება და ამ მიდგომის შეცვლა კვლავ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია.

XS
SM
MD
LG