Accessibility links

logo-print

10 აგვისტოდან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იწყებს საარჩევნო კამპანიას - ოღონდ არა რომელიმე კონკრეტული პარტიის მხარდასაჭერად, არამედ ახალგაზრდა ამომრჩევლის გასააქტიურებლად. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი მთავარი სამიზნე 18-დან 35 წლამდე ამომრჩეველი იქნება. ვინ მიდის დღეს არჩევნებზე საქართველოში და რამდენად ესმის ქართველ ამომრჩეველს არჩევნების არსი, რა განაპირობებს მათ აქტიურობას და რას ნიშნავს უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, შეიძლება თუ არა ერთი ხმა გახდეს გადამწყვეტი?

2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ ახალი პარლამენტი უნდა აირჩიოს. 10 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაიწყო კამპანია, რომლითაც ყველა ამომრჩეველს მოუწოდებს მივიდეს საარჩევნო უბანზე და თავის რჩეულს ხმა მისცეს. ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ 2016 წლის არჩევნებს ვერ შევადარებთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რადგან დღეს ქვეყანაში არის უკეთესი საარჩევნო გარემო და, რაც მთავარია, ეს არ იქნება ორპოლუსიანი არჩევნები, სადაც ერთმა ძალამ უნდა დაამარცხოს მეორე. მარგველაშვილს კონკრეტული მიზანი აქვს - არჩევნებზე მიიყვანოს რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა:

„ვიწყებ კამპანიას, რომელიც ორგანიზებულია და ორიენტირებულია ამომრჩევლის გასააქტიურებლად. ეს არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერი კამპანია. ეს იქნება ახალგაზრდების კამპანია, რომ ჩვენ შევძლოთ და გამოვიყვანოთ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი. როგორც ჩანს, ყველაზე პასიური ამომრჩეველი 18-დან 35-წლამდე ამომრჩეველია და სწორედ ამ სეგმენტის გააქტიურება მინდა. ჩვენ გვინდა გამოვიყვანოთ ამომრჩეველი, მან გააკეთოს არჩევანი ნებისმიერი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, მივიდეს საარჩევნო ყუთთან. რიგები საარჩევნო ყუთებთან არის გარანტია ქართული დემოკრატიის“.

გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს უნდა იყოს არჩევნები არა ”ვიღაცის შესაცვლელად“, არამედ „ვიღაცის ასარჩევად”.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო - 63 %. 2014-ში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საარჩევნო ყუთთან მოსახლეობის, დაახლოებით, 36 % მივიდა, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე 2013 წელს - 47 %, თუმცა მათგან რამდენი იყო ახალგაზრდა ამომრჩეველი, ამის სტატისტიკა ცესკოში არა აქვთ, მაგრამ, როგორც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ გვითხრა, უკვე არსებობს საარჩევნო განვითარების სკოლები, სადაც 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდამ მიიღო მნიშვნელოვანი ინფორმაცია საარჩევნო პროცესის, არჩევნების არსისა და მასში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ.

გიორგი შარაბიძე განმარტავს, რომ, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით, არჩევნებში მონაწილეობა არის უფლება და არა ვალდებულება. მთავარია, ამომრჩეველს კარგად ესმოდეს, თუ რატომ უნდა გამოიყენოს მან ეს უფლება - ესმოდეს, რას ნიშნავს როგორც არჩევნებზე წასვლა, ისე მასში მონაწილეობაზე უარი:

„ამ უფლების გამოყენება ნიშნავს, რომ ეს არის შესაძლებლობა თითოეული მოქალაქისთვის მონაწილეობა მიიღოს საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლობის, თანამდებობის პირების არჩევაში, რაც ნიშნავს კონსტიტუციის იმ ჩანაწერის რეალიზებას, რომელიც ასე ჟღერს: ხელისუფლების წყარო არის ხალხი. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი არჩევნებში მონაწილეობა - ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს გამოცდილება იმისა, რომ სწორედაც რომ ერთ ხმას გადაუწყვეტია არჩევნების შედეგი, განსაკუთრებით კი მაჟორიტარულ არჩევნებზე. ამგვარი გამოცდილება საქართველოსაც აქვს, 90-იან წლებში სწორედ ერთი ხმით მოიგო ერთ-ერთმა მაჟორიტარმა არჩევნები“.

პოლიტიკოსებიც არჩევნებს უყურებენ, როგორც ხელისუფლებაში მოსვლის ინსტრუმენტს; ხალხსაც უყურებენ, როგორც ხელისუფლებაში მოსვლის ინსტრუმენტს და არა როგორც ამომრჩეველს, რომლის დაკვეთაც მათ უნდა მიიღონ არჩევნებზე და რომელი დაკვეთაც მათ შემდგომ არჩევნებამდე უნდა შეასრულონ...

რაც უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს არჩევნებში, მით მეტია სანდოობა იმ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, ვინც, მაგალითად, საკანონმდებლო ორგანოში მოხვდება, ამბობს გიორგი შარაბიძე. ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად კი, მისი თქმით, საჭიროა ქვეყანაში იყოს თანაბარი ველი საარჩევნო კამპანიის დროს, ამომრჩეველმა უნდა იცოდეს საკუთარი უფლებები, იცოდეს როგორ გადაამოწმოს საკუთარი თავი საარჩევნო სიაში და ა.შ.

„რადგან საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა არჩევნებში მონაწილეობას მაინც განიხილავს როგორც უფლებას და არა როგორც ვალდებულებას, ამიტომ თითოეული ამომრჩეველი თავად წყვეტს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა არჩევნებში. მოტივატორი, ალბათ, უნდა იყოს ის, რომ მისი მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან პროცესში სამი თუ ოთხი თუ მეტი წლით განსაზღვრავს მისივე ქვეყნის მომავალ ხელისუფლებას თუ საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოტივატორი იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა საკუთარი არჩევანი გააკეთოს და იყოს თანამონაწილე პროცესისა, რასაც არჩევნები ჰქვია“.

უკვე წლებია საარჩევნო პროცესს საქართველოში სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აკვირდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. მისი თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ საქართველოში არჩევნები ჯერ კიდევ ვერ აღიქმება დემოკრატიული პროცესის შემადგენელ ნაწილად, რასაც, მისი აზრით, ვერ დავაბრალებთ მხოლოდ ამომრჩევლის არაინფორმირებულობას - დიდია პოლიტიკოსების როლი, თავად ისინი როგორ უყურებენ არჩევნების მნიშვნელობას და არსს:

„პოლიტიკოსების აბსოლუტურ უმრავლესობას ამომრჩეველი მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ახსენდება, მხოლოდ იმისთვის, რომ მისგან ხმა მიიღოს. შემდეგ კი, როდესაც მოდის ხელისუფლებაში, ძალიან ნაკლებად აქვს ხალხთან კავშირი. პოლიტიკოსებიც არჩევნებს უყურებენ, როგორც ხელისუფლებაში მოსვლის ინსტრუმენტს; ხალხსაც უყურებენ, როგორც ხელისუფლებაში მოსვლის ინსტრუმენტს და არა როგორც ამომრჩეველს, რომლის დაკვეთაც მათ უნდა მიიღონ არჩევნებზე და რომელი დაკვეთაც მათ შემდგომ არჩევნებამდე უნდა შეასრულონ“.

ანა ნაცვლიშვილი

ანა ნაცვლიშვილი

ამომრჩევლის პასიურობას სხვა ფაქტორებიც განსაზღვრავს, - ფიქრობს ანა ნაცვლიშვილი, - მაგალითად, საარჩევნო პროგრამების არარსებობა. ვერც ხელისუფლებაში მოსვლამდე და ვერც მოსვლის შემდეგ ქვეყანაში ეს პოლიტიკოსები მოსახლეობისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას ვერ ახერხებენ. ესეც, ამბობს საიას თავმჯდომარე, ამომრჩეველში აჩენს განცდას, რომ პოლიტიკოსები ხალხისგან განყენებულად ცხოვრობენ. ამას ემატება თავად ამომრჩევლის დამოკიდებულება, რომ საარჩევნო პროცესში მონაწილეობა ხშირად ხალხს მხოლოდ საარჩევნო დღეს აქტიურობა ჰგონია. ანა ნაცვლიშვილი გვეუბნება, რომ თავისი წილი პასუხისმგებლობა ამომრჩეველსაც აქვს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს,რომ ბრძოლის კულტურის განვითარებასაც სჭირდება თავისი დრო, რათა ამომრჩეველმა მშვიდობიანი და სამართლებრივი გზებით აიძულოს პოლიტიკოსები იმუშაონ ხალხისთვის და არა პირიქით - ხალხმა შექმნას ის სიკეთე, რომელსაც ისევ ამ ხალხის ხმებით ხელისუფლებაში მოსული ასიოდე ადამიანი გაინაწილებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG