Accessibility links

logo-print

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პროკურატურამ ახალი სანქციები აამოქმედა. ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვაში დადანაშაულებული ყოფილი პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების ქონებას ყადაღა დაედო. დასავლეთი ამ თემას უწინდებურად მკაცრად ეხმაურება. რას ამბობენ ამ თემასთან დაკავშირებით ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები და რა აზრის არიან იურისტები?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონება პროკურატურამ დააყადაღა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 აგვისტოს, ხოლო სააპელაციო სასამართლომ 3 სექტემბერს მიიღო, პროკურატურამ კი 19 სექტემბერს აღასრულა. როგორც პროკურატურა განმარტავს, ქონების დაყადაღების მიზეზი ყოფილი პრეზიდენტის მიმართ წაყენებული ბრალდებაა - მას ბრალად ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვა ედება.

პროკურატურის ვებგვერდზე ვკითხულობთ: „ვინაიდან ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს გამოძიებას, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის აცილების მიზნით იგი გაასხვისებდა ან სხვაგვარად გადამალავდა მისი და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე გადარიცხულ ქონებას, რაც ხელს შეუშლიდა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას“.

დღეიდან ერთი კვირის მერე პრემიერი ღარიბაშვილი მიდის შეერთებულ შტატებში. მე გეტყვით, რომ ეს პოლიტიკურად ძალიან რთულად ჩანს. მე მინდოდა, რომ ჩვენს დელეგაციას ვაშინგტონში უკეთესი ფონი ჰქონოდა...

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის კუთვნილ ქონებასთან ერთად დააყადაღა მისი მეუღლის, სანდრა რულოვსის, დედის, ბებიისა და შვილის საკუთრებაში არსებული ქონებაც.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ ქონების დაყადაღება მხოლოდ მაშინ არის იურიდიულად გამართლებული, თუკი არსებობს კავშირი ჩადენილ დანაშაულსა და დასაყადაღებელ ქონებას შორის:

„ქონების მითვისება-გაფლანგვის მუხლი არსებობს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს წარდგენილი, მაგრამ მას ედავებიან არა მითვისებას, არამედ ქონების გაფლანგვას, ანუ არამიზნობრივ ხარჯვას ედავებიან. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდება იქნებოდა ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამ თანხით შეიძინა ყვარელში მიწის ნაკვეთი, ან ამ თანხით შეიძინა მიხეილ სააკაშვილის ბებიამ ტოიოტა რავ ოთხი, ამ შემთხვევაში ყადაღა კანონიერი და გამართლებული იქნებოდა“.

მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებას 19 სექტემბერსვე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ტელეკომპანია იმედის ეთერში საუბრისას მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღრიბაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე არცთუ კარგი ფონია:

„სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ერთი კვირის წინ გაკეთდა მძაფრი განცხადება, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი მნიშვნელოვანწილად შეერთებული შტატების პოლიტიკურ დახმარებაზეა დამოკიდებული. დღეიდან ერთი კვირის მერე პრემიერი ღარიბაშვილი მიდის შეერთებულ შტატებში. მე გეტყვით, რომ ეს პოლიტიკურად ძალიან რთულად ჩანს. მე მინდოდა, რომ ჩვენს დელეგაციას ვაშინგტონში უკეთესი ფონი ჰქონოდა“.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 12 სექტემბერს საქართველოში ოპოზიციის წევრების სისხლის სამართლებრივი დევნის გამო შეშფოთება გამოთქვა. დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის მარი ჰარფის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში პოლიტიკურ დევნაზე იყო საუბარი:

„ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა ქართულ პროდემოკრატიულ და პროევროატლანტიკურ ძალას, რომ ბოლოდროინდელ მიღწევებზე დაფუძნებულ საერთო ინტერესებზე გაამახვილონ ყურადღება... ჩვენ შეშფოთებულები ვართ გამოძიებებითა და სისხლის სამართლის დევნით, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ გრძელდება; ასევე იმ რისკებით, რომელთა წინაშეც, შესაძლოა, ქართული დემოკრატია ამ პოლიტიზებული დევნის გამო დადგეს“.

ამ თემაზე კომენტარი ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა, ბენ კარდინმაც გააკეთა. „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ის საქართველოს ხელისუფლებას სიფრთხილეს ურჩევს:

ბენ კარდინი

ბენ კარდინი

„გვიხარია, რომ ქვეყანამ მომავალი ევროპას დაუკავშირა, თუმცა პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ სისხლის სამართლებრივი ბრალდებები გამაფრთხილებელი სიგნალია. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლება ძალიან ფრთხილი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციას აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება ჰქონდეს“.

ლაშა ჩალაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან, ამბობს, რომ მათი ორგანიზაცია ამ თემის იურიდიულ მხარეებს ჯერჯერობით სწავლობს, თუმცა კარგი იქნებოდა, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ წაყენებული ბრალი უფრო დასაბუთებული ყოფილიყო:

„პროკურატურას შეუძლია მიმართოს საქართველოს სასამართლოს ქონების დაყადაღების მოთხოვნით, თუ დადასტურებულია, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა შეძენილი. ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ, ის ბრალი, რაც მიხეილ სააკაშვილს ედება, ანუ სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, მე, პირადად, ვისურვებდი, უფრო დასაბუთებული ყოფილიყო“.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი კი ოთარ კახიძე ამბობს, რომ მას საქართველოში ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმი აღარ დარჩა, ამიტომაც ფიქრობს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG