Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის (ქართულ-აფხაზური) კატა


გურამ ოდიშარიას წიგნი
გურამ ოდიშარიას წიგნი

გამომცემლობა „ინტელექტმა“ აფხაზურ ენაზე გამოსცა გურამ ოდიშარიას რომანი „პრეზიდენტის კატა“, რომელიც ქართულად ორჯერ გამოიცა - 2008 და 2015 წლებში. რომანის მთავარი გმირია გასული საუკუნის 60-80-იან წლებში აფხაზეთის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი მიხეილ ბღაჟბა, რომლის ცხოვრება - ქართველებისა და აფხაზების მეგობრობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების თვალსაჩინო მაგალითი - რომანში აღწერილია მდიდარი დოკუმენტური და მხატვრული ელემენტების საშუალებით. რომანის აფხაზური გამოცემის რედაქტორია ირმა ოსია, თუმცა თარგმანში ასევე აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული ინკოგნიტო მთარგმნელს აფხაზეთიდან.

პრეზიდენტის (ქართულ-აფხაზური) კატა
please wait

No media source currently available

0:00 0:09:07 0:00
გადმოწერა

ჟურნალისტი ირმა ოსია, გუდაუთელი აფხაზი და ქართველების რძალი, „პრეზიდენტის კატის“ აფხაზური გამოცემის რედაქტორი, რადიო თავისუფლების თხოვნით რომანიდან ფრაგმენტს კითხულობს. მიხეილ თემუროვიჩ ბღაჟბა მასპინძლობს ნიკიტა ხრუშჩოვს, რომელიც ბიჭვინთიდან სოხუმში მიჰყავს. სამთავრობო „ჩაიკას“ აჩერებს „სიდედრის ენასთან“ და გენერალურ მდივანს არწმუნებს კოლონიური კულტურების - ჩაისა და თამბაქოს - მავნებლობაში და, შესაბამისად, ითხოვს გეგმის ჩამოჭრას. მერე უმტკიცებს ღორის ადგილობრივი ჯიშის, გრძელდინგას, უპირატესობას, რომელიც თურმე ტყეში იზრდება თავისით და ზუსტად იმდენი ჯდება, რამდენიც ღორის მოსაკლავად საჭირო ტყვია. აი, როგორ ახასიათებს ირმა ოსია გურამ ოდიშარიას წიგნის მთავარ გმირს:

„ბღაჟბას ასეთი ჩვევა ჰქონდა: რაც კი აფხაზეთში იყო, ყველაფერი საუკეთესო და მსოფლიოში გამორჩეული იყო, დაწყებული მწვანილიდან, დამთავრებული არწივით. აფხაზურ ფუტკარს ჰქონდა ყველაზე გრძელი ნესტარი და ყველანაირ ნექტარს იღებდა, აფხაზური ღორები ტყეში იზრდებოდნენ და მათი ხორცი ერთი კაპიკი ჯდებოდა, სასწაული არწივები დაფრინავდნენ ორმეტრიანი ფრთებით... ასეთი პიროვნება იყო. წიგნში თავმოყრილია პატარ-პატარა ფრაგმენტები ბღაჟბას ცხოვრებაზე: ჩაწერილი, მოთხრობილი და მოსმენილი“.

გურამ ოდიშარია
გურამ ოდიშარია

წიგნის დასაწერად საჭირო მასალები გურამ ოდიშარიამ აფხაზი მეგობრების დახმარებით შეაგროვა, თუმცა რომანამდე დაიწერა მოთხრობა მიხეილ ბღაჟბაზე.

„იყო სოხუმის კოლორიტი, რეალურად არსებული კაცი, დედით ქართველი, მამით აფხაზი. მთელი თავისი ცხოვრება ემსახურებოდა მეგობრობის პრინციპებს და ყველაზე მეტად უხაროდა, თუ ორ განაწყენებულ კაცს შეარიგებდა ან თუ რაღაც წვლილს მიიღებდა ახალი ოჯახის შექმნაში. გარდაიცვალა ომის დროს. დააკლდა როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს. მისი გარდაცვალებიდან გავიდა დრო და მე დავწერე ერთი პატარა მოთხრობა. მოხდა ისე, რომ ეს მოთხრობა წაიკითხეს აფხაზეთში და მითხრეს, რომ შენ ბღაჟბაზე ბევრი არ გცოდნიაო. მომწერეს აფხაზეთიდან ამბები, მერე ქართველებმაც ბევრი მომიყვნენ და, საბოლოო ჯამში, შეიკრიბა და შეიკრა რომანი“, უთხრა გურამ ოდიშარიამ რადიო თავისუფლებას.

რომანის მთავარი პერსონაჟი საბჭოთა ფუნქციონერია, თუმცა მიხეილ ბღაჟბას პარტიულობა და თანამდებობა მხოლოდ დოკუმენტური ფაქტია. როგორც მწერალმა შოთა იათაშვილმა შენიშნა, ბღაჟბა გაჩენილია არა იმისათვის, რომ განაგებდეს, არამედ იმისათვის, რომ თავის პატარა სამოთხეს, სახელად „აფხაზეთს“, მოუაროს. სადაც მიხეილ თემუროვიჩია, იქ მშვიდობა და ჰარმონიაა, მიხეილ თემუროვიჩი კი მხოლოდ აფხაზეთით არ შემიფარგლებოდა. ფრაგმენტი წიგნიდან:

„ქუთაისელმა მასპინძლებმა პირდაპირ რიონში გაგვიშალეს სუფრა. აგვისტოა. ტრუსებისა და ხალათების ამარა ვართ. ფეხები რიონში, მუხლებამდე წყალში გვაქვს ჩაყოფილი. რიგ-რიგობით ყველა ვმღერით. მიხეილ თემუროვიჩი ორჯერ მღერის. პირველად - „ციცინათელას“, მეორედ - „ვარადას“. შემდეგ თავისი პორტატიული მაგნიტოფონით მომღერალი ვეშაპების სიმღერებს გვასმენინებს, წყნარ ოკეანეში ჩავწერეო. შემდეგ ბაყაყების ხმებს ვისმენთ. როგორც თვითონ გვიხსნის, ჯერ კალიფორნიული, შემდეგ აძიუბჟური ბაყაყების ხმებს. სულ ბოლოს აფხაზეთის მგალობელი ფრინველების, კერძოდ, შაშვების სიმღერებს ვისმენთ. აგვისტოა. რიონი გვაგრილებს. ტკბილად ღამდება“.

აფხაზური გამოცემის რედაქტორი ირმა ოსია ამბობს, რომ წიგნის თარგმნაში მონაწილეობა აქვს მიღებული აფხაზეთის მკვიდრს, რომელსაც, მთელი რიგი მიზეზების გამო, არ სურს ვინაობის გამხელა:

ირმა ოსია
ირმა ოსია

„პირველი შემთხვევაა, რომ თვითონ აფაზეთიდან გვთხოვეს თარგმნაში მონაწილეობის მიღება. მე დავიწყე, ნახევარი ვთარგმნე, მაგრამ შემდეგ გავაგზავნეთ და მეორე ნახევარი აფხაზეთში თარგმნეს. რედაქტირება ჩემი გაკეთებულია და, რაც ასევე დიდი პატივია, ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია აფხაზეთში. ელოდებიან ახალ გამოცემებს აფხაზურ ენაზე. თან უკვირთ, მეკითხებიან, რატომ აკეთებენ ამასო. მე ვეუბნები, რომ თქვენი აფხაზური სახელმწიფო ენად ითვლება საქართველოში და ამიტომ გეხმარებით ყველანაირად-მეთქი. ყოველივე ამას ძალიან პოზიტიურად უყურებენ“, უთხრა ირმა ოსიამ რადიო თავისუფლებას.

გურამ ოდიშარიას რომანის აფხაზურად თარგმნას სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს კობა ბენდელიანი, სოხუმელი ჟურნალისტი, რომელმაც მშობლიური ქალაქი 1993 წლის 27 სექტემბერს დატოვა:

„პროცესები, რომლებიც აფხაზეთში ვითარდება, - მარტო პოლიტიკურს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ ენობრივს, ლიტერატურულს, - აჩვენებს, რომ აფხაზეთი რუსეთის სამართლებრივ, ეკონომიკურ და კულტურულ სივრცეშია და რუსული ენა იქ იმდენად მძლავრად არის, რომ პარლამენტისა და მთავრობის სხდომები -ყველაფერი რუსულ ენაზე მიმდინარეობს და, ზოგადად, ამდენი წლის შემდეგ თბილისში აფხაზურ ენაზე წიგნის გამოცემა, მაშინ როცა თვითონ სოხუმში ჭირს აფხაზური გამოცემები, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. მართალია, ამგვარ ლიტერატურას არ ექნება მყისიერი შედეგი, მაგრამ ჩვენ მაინც იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ადრე თუ გვიან იგი სასარგებლო პროცესის დაწყებას შეუწყობს ხელს“.

აფხაზურ ენაზე გურამ ოდიშარიას წიგნის გამოცემა უდავოდ პოზიტიურ მოვლენად მიაჩნია კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს, რომელიც კატეგორიულად არ ეთანმხება აზრს, რომ ომებს იწყებენ ისტორიკოსები და მწერლები:

პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი

„როგორც წესი, ომებს იწყებენ და ამთავრებენ პოლიტიკოსები და ამაში საზოგადოებაა ხოლმე ჩართული. ასე რომ, როგორც ისტორიკოსები და მწერლები არ იწყებენ ომს, ასევე ვერც ამთავრებენ ისინი, მაგრამ ხელს უწყობენ როგორც ერთს, ასევე მეორეს. აი, გურამ ოდიშარია ყოველთვის იყო ადამიანი, რომელიც ხელს უწყობდა ომის დასრულებას. პოლიტიკოსს არ შეუძლია ხუთი წლის განმავლობაში იმის გაკეთება, რაც მწერალს შეუძლია გააკეთოს ერთი წიგნით. ეს ადამიანი კარგად გრძნობს იმ არაბუნებრივ გახლეჩილობას, რაც არის აფხაზებსა და ქართველებს შორის და ცდილობს შეწებებას. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი ამას ვერ მოერევა, მარტო მწერალი ვერ მოერევა. საჭიროა, რა თქმა უნდა, მთელი საზოგადოების ჩართულობა და პოლიტიკოსების ჩართულობა“.

აფხაზურად თარგმნილ „პრეზიდენტის კატას“, რომელშიც დიდი ადგილი უკავია ქართველებისა და აფხაზების მოგობრობის, ნათესაური კავშირებისა და სხვა, სითბოთი გაჟღენთილი, ყოფითი სიტუაციების აღწერას, მალე აფხაზეთშიც წაიკითხავენ, რაშიც ღრმად არის დარწმუნებული რომანის ავტორი, გურამ ოდიშარია, რომელიც პირადად აპირებს წიგნების ჩატანას სოხუმში:

„ჯერ არ ჩავსულვარ, მაგრამ მათ იციან, რომ წლის ბოლომდე 15 ენაზე გამოიცემა ეს წიგნი. და მე ვუთხარი, რომ ჩამოვალ, ჩამოვიტან ამ გამოცემებს, მათ აქვთ ცენტრალური ბიბლიოთეკა და სწორედ იქ დავდებთ ამ სხვადასხვა ენაზე გამოცემულ წიგნებს და აღვნიშნავთ და ვიტყვით ყველაფერს, რისი თქმაც გვინდა ერთმანეთისთვის. მიხარია, რომ ერთმა აფხაზმა ლიტერატორმა ამ წიგნზე დაწერა, რომ ეს არის ლიტერატურული ხიდი ქართველებსა და აფხაზებს შორის. ჩემთვის მთავარია ადამიანური ურთიერთობების აღდგენა დაიწყოს და მერე ყველაფერზე შეიძლება საუბარი - ნებისმიერ პოლიტიკურ კონცეფციაზე და ა.შ. მაგრამ შეიძლება გქონდეს ერთად თანაცხოვრების შესანიშნავი კონცეფცია, მაგრამ არ იყოს ამის ნება, ანუ მხარეები იმისთვის მზად არ იყვნენ, რომ ერთ მაგიდას მიუსხდნენ და ილაპარაკონ. მე გონი, ამ წიგნმა ერთი აგური მაინც უნდა დადოს ამ მიმართულებით“, უთხრა გურამ ოდიშარიამ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG