Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მაისს, სპორტისა და ახალგაზრდობისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ახალი მინისტრების გარდა, საზოგადოებას თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელიც წარუდგინა. გიგლა აგულაშვილი გარემოს დაცვის, ტარიელ ხეჩიკაშვილი სპორტის, ხოლო თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრებად - მთავრობის ხელმძღვანელმა კოალიციასთან კონსულტაციების შედეგად სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. პრეზიდენტისა და პარლამენტის მიმართ ღარიბაშვილის მოწოდების მიუხედავად, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გამოუცხადონ ნდობა განახლებულ მთავრობას, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარმოდგენილ სიას ხელი არ მოაწერა და მთავრობას და პარლამენტს დამატებითი კონსულტაციებისათვის ერთკვირიანი ვადა მისცა.

ორის ნაცვლად სამი ახალი მინისტრი: გიგლა აგულაშვილი გარემოს დაცვაში, ტარიელ ხეჩიკაშვილი სპორტში - ამ ორ მოსალოდნელ სიახლეს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის კანდიდატურაც დაუმატა. თქვა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები მთავრობის ეფექტურობის გაზრდას ემსახურება და პრეზიდენტსა და პარლამენტს მოუწოდა, რაც შეიძლება დაჩქარდეს მთავრობის ახალი გუნდისათვის ნდობის გამოცხადების პროცედურა.

ღარიბაშვილმა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მინდია ჯანელიძეს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პოსტზე დაბრუნება შესთავაზა, ამ თანამდებობაზე ამჟამად მყოფი დავით სუჯაშვილი კი, პრემიერის განცხადებით, დაზვერვის სამსახურის უფროსად დაბრუნდება.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას 1 მაისს ერთ საათშივე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ის წარმოდგენილ სიას ხელს კიდევ ერთი კვირა არ მოაწერს. ამის მიზეზად მარგველაშვილმა, მისი აზრით, მთავრობაში შექმნილი ფორსმაჟორული ვითარება დაასახელა:

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

„მე, როგორც ქვეყნის მთავარსარდალმა, მინდა ვიკითხო, რა სიხშირით უნდა ვცვლიდეთ თავდაცვის მინისტრებს? ამ რთული ვითარების ფონზე მე მინდა შესაძლებლობა მივცე როგორც პრემიერს, ისე პარლამენტს, უფრო მშვიდ გარემოში განახორციელონ კონსულტაციები და ისე ჩამოყალიბდნენ მთავრობის შემადგენლობაზე. ვიყენებ კონსტიტუციით ჩემთვის მონიჭებულ ერთადერთ შესაძლებლობას და ერთი კვირით გადავდებ მთავრობის სიაზე ხელმოწერას“.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მარგველაშვილს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების კონსტიტუციური უფლება აქვს და რომ პარლამენტმა ამ გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცეს.

რაც შეეხება წარმოდგენილ კანდიდატურებს, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, პროფესიით იურისტ გიგლა აგულაშვილს გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზეც მისი მუშაობა ეფექტური იქნება. პრემიერი იმედოვნებს, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრობას გაამართლებს საავტომობილო ჰოლდინგ „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ პრეზიდენტი და ქართული სპორტის ქომაგი ტარიელ ხეჩიკაშვილიც. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის პოსტზე პირველი ქალი მინისტრის დანიშვნას, თინა ხიდაშელს, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა იცნობს - ის იქნება ევროპაში მეხუთე და საქართველოში კი პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი.

მედიასთან მოკლე კომენტარებით შემოიფარგლნენ მინისტრობის „რესპუბლიკელი“ კანდიდატები თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი. პირველმა საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, აგულაშვილმა კი თქვა, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო სასურველი იქნებოდა განახლებული მთავრობა უფრო სწრაფად შესდგომოდა მოვალეობის შესრულებასო.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოიწონეს საპარლამენტო უმცირესობაში, რომლის ლიდერმა დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე პრეზიდენტთან ოპოზიციის შეხვედრა მოითხოვა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ ერთ კვირაში მარგველაშვილი უბრალოდ დროს კი არ გაწელავს, ეცდება ქვეყანაში რეალური ცვლილებები განხორციელდეს:

„ჩვენ ველით პრეზიდენტ მარგველაშვილისგან, რომ ეს ერთი კვირა იქნება არა დროის მექანიკური გაწელვა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი გადადგამს რეალურ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში საზოგადოებამ და ქვეყანამ რეალური ცვლილებები მიიღოს. ჩვენ მზად ვართ ამ პროცესში მონაწილეობისთვის და ვითხოვთ პრეზიდენტთან შეხვედრას, რათა საზოგადოებამ და ქვეყანამ აღარ მიიღოს ის ხელისუფლება და მთავრობა, რომელმაც შეიყვანა კრიზისში და ამ ერთკვირიან ვადას რეალური ცვლილებები მოჰყვეს".

ჩემთვის აუხსნელია, როგორ შეუძლია ამ ცვლილებებს მოახდინოს სასწაული და გააუმჯობესოს ეკონომიკური ვითარება. პრეზიდენტის გადაწყვეტილება ლოგიკურია, რომ მთავრობას საფიქრალად ერთკვირიანი ვადა მისცა...

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გამოწვეულ უკმაყოფილებას არ მალავს უმრავლესობა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ მარგველაშვილის გამოსვლას გაბრაზებული პოლიტიკოსის გადაწყვეტილება უწოდა.

პარტია „თავისუფალ დემოკრატებში“ კი ფიქრობენ, რომ პრეზიდენტმა მთავრობას აჩვენა, რომ მთავრობის დაკომპლექტების პროცესში ისიც სრულფასოვანი მოთამაშეა: „როგორც ჩანს, არ იყო საკმარისი კომუნიკაცია პრეზიდენტთან, რაც ამჯერადაც ნათლად გამოჩნდა“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები შეაფასა როგორც "აუხსნელი და ალოგიკური“.

„ჩემთვის აუხსნელია, როგორ შეუძლია ამ ცვლილებებს მოახდინოს სასწაული და გააუმჯობესოს ეკონომიკური ვითარება. პრეზიდენტის გადაწყვეტილება ლოგიკურია, რომ მთავრობას საფიქრალად ერთკვირიანი ვადა მისცა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

იმ შემთხვევაში, თუ ერთი კვირის შემდეგ პრეზიდენტი წარმოდგენილ სიას ხელს მოაწერს და პარლამენტს განახლებულ მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს, გიგლა აგულაშვილს პარლამენტში, სავარუდოდ, მისი ადგილმონაცვლე თემურ ნერგაძე შეცვლის; თინა ხიდაშელის, როგორც საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის, შემცვლელი შემოდგომაზე გაირკვევა, როცა იქ შუალედური არჩევნები ჩატარდება; ხიდაშელისა და აგულაშვილისათვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე კი პარლამენტი უახლოეს სხდომაზე იმსჯელებს.

დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს კონსტიტუციის 79-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, თავდაცვის, გარემოს დაცვისა და სპორტის მინისტრების დანიშვნის შესახებ ბრძანება გამოსცა. პირველ მაისსვე მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა პრეზიდენტის გამოსვლის საპასუხო განცხადება, რომელშიც გამოხატა სინანული, რომ მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის დაჩქარების თაობაზე პრეზიდენტმა მთავრობის თხოვნა არ გაითვალისწინა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG