Accessibility links

logo-print

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 9 აგვისტოს უარი განაცხადა ქორწინების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე, რომლის მთავარი შეკითხვა, საინიციატივო ჯგუფის წევრების მოთხოვნით, უნდა ყოფილიყო - „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაასახელა ორი მთავარი მიზეზი, რის გამოც უარი განაცხადა ქორწინების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე. მან თქვა, რომ რეფერენდუმი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს, რაც, ოკუპირებული ტერიტორიების გათვალისწინებით, დღეს ვერ მოხერხდება, ხოლო დღევანდელ რეალობაში რეფერენდუმის ჩატარება ოკუპანტ რუსეთს დამატებით სამართლებრივ არგუმენტს მისცემს:

„კანონში გარკვევით წერია, რომ რეფერენდუმი ტარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მე, როგორც ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, ვალდებული ვარ, პირველ რიგში, დავიცვა ქვეყნის ერთიანობა და სუვერენიტეტი. მაშინ, როდესაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, მაშინ, როდესაც 2008 წლის აგვისტოდან რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აღიარებული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ამ რეალობაში რეფერენდუმის ჩატარება დამატებით სამართლებრივ არგუმენტს აძლევს ოკუპანტს”.

და მეორე მიზეზი, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა დაასახელა, ეს არ ის, რომ საინიციატივო ჯგუფის წინადადებაში წარმოდგენილი ფორმულირება რეფერენდუმს არ ექვემდებარება და რომ ეს საკითხი უკვე განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით:

„დადგენილია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია. კანონმდებლობა კრძალავს კანონის ან კონსტიტუციური ცვლილების რეფერენდუმით მიღებას. შესაბამისად, თუ არსებობს ასეთი სურვილი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულ იქნას კონსტიტუციური ცვლილება, ასეთ შემთხვევაში, მე სრულიად ვეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ შესაბამისი კანონპროექტი უნდა განიხილოს საქართველოს პარლამენტმა”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ანა დოლიძე

ანა დოლიძე

ამ განცხადებამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩაიშალა 9 აგვისტოს დაგეგმილი პრეზიდენტისა და საინიციატივო ჯგუფის წევრების შეხვედრა, რომლის დროსაც სწორედ რეფერენდუმის შესახებ უნდა ესაუბრათ. როგორც ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განუცხადა, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა აირჩია „კონფრონტაციის და შანტაჟის ენა და უარი განაცხადა ამ კონსულტაციაზე, რაც ნათლად ავლენს ამ ჯგუფის ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს. აქედან გამომდინარე, დათქმული შეხვედრა აღარ შედგება”.

ქორწინების შესახებ რეფერენდუმის დანიშვნა საინიციატივო ჯგუფის წევრებს - ალექსანდრე ბრეგაძეს, სოსო მანჯავიძესა და ზვიად ტომარაძეს - ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღესვე სურდათ. ისინი მოითხოვდნენ, საქართველოს კონსტიტუციაში გარკვევით ჩაიწეროს, რომ სამოქალაქო ქორწინება არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. ასე ჟღერს რეფერენდუმის კითხვაც. 9 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, სანდრო ბრეგაძემ, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტმა მხარი დაუჭიროს მოქალაქეების დიდი ნაწილის მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არალეგიტიმური პრეზიდენტი იქნება. მან განაცხადა ასევე, თუ პრეზიდენტი უარს იტყვის რეფერენდუმის დანიშვნაზე, მაშინ საინიციატივო ჯგუფის წევრები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს დაიწყებენო:

„საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დაადასტუროს, არის ის საქართველოს პრეზიდენტი თუ არის გარკვეული მარგინალური შავბნელი პოლიტიკური ჯგუფების მძევალი და უცხო ქვეყნის გარკვეული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ყურმოჭრილი მონა. თუ ის მიიღებს გადაწყვეტილებას ნახევარი მილიონი მოქალაქის გადაწყვეტილების მიხედვით, მაშინ ის დაადასტურებს, რომ ის არის საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო თუ ის თავისი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის წინააღმდეგ წავა, ნებისმიერი თანამდებობის პირი - და, მით უმეტეს, პრეზიდენტი - თავის ლეგიტიმაციას კარგავს“.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინიციატივო ჯგუფმა წარმოადგინა 224 ათასი ხელმოწერა. აქედან გაბათილდა 23 652 და დარჩა 200 348 ხელმოწერა, რომელიც პრეზიდენტს გაეგზავნა.

კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს ჰქონდა ერთადერთი გამოსავალი - უარი ეთქვა რეფერენდუმზე იმ მოტივით, რომ მისი ჩატარება არის ანტიკონსტიტუციური ქმედება და აი, რატომ:

კოტე ჩოკორაია

კოტე ჩოკორაია

„ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან პირდაპირ ამბობს საქართველოს კონსტიტუცია და რეფერენდუმის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი, რომ დაუშვებელია რეფერენდუმის მოწყობა კანონის მისაღებად და გასაუქმებლად. ეს არის პირდაპირი სამართლებრივი არგუმენტი, იქიდან გამომდინარე,რომ აღნიშნულ საკითხზე კონსტიტუციური კანონპროექტი შესული იყო საქართველოს პარლამენტში და ვერ დაამტკიცა ის. ანუ გამოდის, ეს არის მოთხოვნა რეფერენდუმის გზით კანონის მიღებისა, რაც არის ყოვლად დაუშვებელი“.

კონსტიტუციაში ცვლილებას და მასში ქორწინების განმარტების შეტანას ემხრობა მმართველი ძალა. მიმდინარე წელს მან ვერ მოახერხა საკონსტიტუციო ცვლილების მიღება იმის გამო, რომ პარლამენტში არ აღმოჩნდა საკითხის მხარდამჭერი დეპუტატების საკმარისი რაოდენობა. ახლა, საინიციატივო ჯგუფის მიერ ხელმოწერების შეგროვების, ცესკოში წარდგენისა და ცესკოს მიერ პრეზიდენტისთვის მიმართვის შემდეგ, მმართველი ძალა კვლავაც გამოხატავს საკონსტიტუციო ცვლილების იდეისადმი მხარდაჭერას. ასე ფიქრობს, მაგალითად, უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე:

„ეს არ არის „ქართული ოცნების“ მიერ აგორებული საკითხი. ეს არის სწორედ რომ არაკეთილმოსურნე პარტიების თუ სხვა ჯგუფების მიერ აგორებული თემა, რადგან ისინი ძალიან ხშირად აცხადებენ, თითქოს სექსუალური უმცირესობების უფლებები ქვეყანაში ირღვეოდა და რომ ხელისუფლებას შიშის ფაქტორის პრევენცია უნდა მოეხდინა. ჩემი აზრით, სწორი იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ საკონსტიტუციო ცვლილება შეგვეტანა ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც საზოგადოებაში ყველანაირ შიშს გააქრობდა. თუმცა, რადგან ეს მაშინ ვერ მოხერხდა, თუ დღეს მოხდება იგივე, ვფიქრობ, ამაში არაფერი ცუდი არ არის, პირიქით, საზოგადოებაში ის შიში, რომ ერთი სქესის მქონე ადამიანებს შორის ქორწინება შესაძლოა ოდესმე დაკანონდეს, გაქრება. ამიტომ მგონია, რომ თუ ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება, სწორედ ეს იქნება შიშის პრევენცია“.

თუმცა ასე არ ფიქრობს სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თათა ცოფურაშვილი, რომელიც, ამავე დროს, არის ერთ-ერთი ორგანიზატორი 4 აგვისტოს გავრცელებული პეტიციისა, რომლის ხელმომწერებიც პრეზიდენტისგან მოითხოვენ "არ დანიშნოს ქორწინების შესახებ რეფერენდუმი", რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ პეტიციის ავტორები იზიარებენ პრეზიდენტის ორი თვის წინანდელი განცხადების პათოსს, რომ ამ რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნა რეალურად არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიერ ქვეყანაში არსებული სოციალური, საგარეო პოლიტიკური, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა:

„და ეს ხდება იმიტომ, რომ მათ ამ რეფერენდუმის არჩევნების დღეს დამთხვევით მოახდინონ საკუთარი გაკოტრებული პოლიტიკური კაპიტალის ხელახალი კაპიტალიზაცია და მოსახლეობას დაანახვონ ის საფრთხეები, რომლებიც რეალურად არ არსებობს. ცხადია, რომ ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და ცხადია ისიც, რომ ასეთი განცხადებები ემსახურება ქვეყანაში პრორუსული განწყობების გაძლიერებას“.

ამგვარი ნაბიჯი ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებებს, მორალსა და ტრადიციებს შორის ხელოვნურად შექმნილი დაპირისპირების კიდევ უფრო გაძლიერებას, ლგბტ თემის მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობების წახალისებას და საზოგადოების მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას...

აქვე უნდა ითქვას, რომ სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლში წერია: „ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, ტერიტორიულ სამსახურში“. კონსტიტუციაში ქორწინების საკითხს ეძღვნება 36-ე მუხლი და მასში წერია: "1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. 2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას. 3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით".

„ლგბტ - საქართველოს“ წარმომადგენელი ბექა გადაბაძე კი ასევე რადიო თავისუფლების ეთერში აცხადებს, რომ ამ რეფერენდუმით მისი ინიციატორები ბოლომდე კლავენ ყველანაირ მსჯელობას ქორწინების უფლების შესახებ, კერძოდ, თუ ვინ შეიძლება იქორწინოს. ბექა ამბობს, რომ ასეთი აქცენტი მას სამოქალაქო საზოგადოების მიერ გავრცელებულ პეტიციაშიც დააკლდა.

9 აგვისტოს პლატფორმამ „არა ფობიას“, რომელშიც 12 არასამთავრობო ორგანიზაცია შედის, საგანგებო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნა არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო და რომ „ამგვარი ნაბიჯი ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებებს, მორალსა და ტრადიციებს შორის ხელოვნურად შექმნილი დაპირისპირების კიდევ უფრო გაძლიერებას, ლგბტ თემის მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობების წახალისებას და საზოგადოების მარგინალიზებული ჯგუფების უფლებების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას, რაც პირდაპირ აისახება დისკრიმინაციულ პრაქტიკებში, ლგბტ ჯგუფისა თუ ჯგუფის ცალკეული წევრების მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში“.

არასამთავრობო სექტორი მოუწოდებდა საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის გარანტს სახელმწიფოში, არ დაენიშნა რეფერენდუმი და ამ გზით ხელი შეეწყო ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეებზე დაფუძნებული პოლიტიკური გარემოს მშენებლობისათვის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG