Accessibility links

logo-print

ორდღიანი განხილვის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ქუთაისში დეპუტატები ამ თემაზე 2 სექტემბრიდან მსჯელობდნენ, თუმცა პირველი მოსმენისას კენჭისყრა ვერ მოესწრო. რა არგუმენტები ჰქონდათ მხარეებს და რა მოლოდინი იყო სხდომის დასრულებამდე?

პრეზიდენტის ვეტოს რომ დაძლევდნენ, ეჭვი არ ეპარებოდათ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს. დღევანდელი კანონმდებლობით, მათ ამისთვის პარლამენტის შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ანუ 76 ხმა, სჭირდებოდათ. საბოლოოდ, ორდღიანი განხილვის შემდეგ, საპარლამენტო უმცირესობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის კონტრარგუმენტების მიუხედავად, კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა აზრი არ შეიცვალეს.

საპარლამენტო უმრავლესობა ერთხმად ეთანხმება აზრს, რომ ეროვნულ ბანკს საბანკო-საფინანსო კონტროლის ფუნქცია უნდა გამოეყოს. როგორც სხდომაზე გამოსვლისას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნოდარ ებანოიძემ ილაპარაკა, მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი საბანკო-საფინანსო კონტროლის მექანიზმს გააძლიერებს:

„მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის 2015 წლის იანვარში მითითებულ მრავალ რეკომენდაციასთან ერთად, აღნიშნულია ზედამხედველობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობა და ზედამხედველობის ფუნქციის მთავარი როლის მინიჭება. ამ მიზანს ემსახურება ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები“.

თუმცა სწორედ ამაში ხედავს პრობლემას საპარლამენტო უმცირესობა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია. გიორგი მარგველაშვილის მრჩევლის ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილის განმარტებით, პრეზიდენტის ვეტო სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების რჩევების გაუთვალისწინებლობამ და ეროვნული ბანკის დასუსტების რისკმა გამოიწვია:

„შექმნილი სააგენტო პრაქტიკულად დამოუკიდებელი ორგანო იქნება. მას ფუნქციებში პირდაპირ უწერია, რომ ეროვნულ ბანკს არ ემორჩილება და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამ სააგენტოს ფუნქციონირებაში ლომის წილი მიუძღვის მთავრობას, მისი წევრების დაკომპლექტება პოლიტიკური ნიშნით მოხდება. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, ვქმნით ეროვნული ბანკის საპირწონე ორგანიზაციას, რომელიც ეროვნულ ბანკს კონკურენციას გაუწევს - კონკურენციას, ცუდი გაგებით“.

პრეზიდენტის მრჩეველმა დაახლოებით ერთსაათიანი გამოსვლისას ილაპარაკა იმაზეც, რომ არ შეიძლება სახელმწიფომ არ გაითვალისწინოს იმ ორგანიზაციების აზრი, რომლებიც ქვეყანას სხვადასხვა დროს მნიშვნელოვნად ეხმარებოდნენ ფინანსურად. გიორგი აბაშიშვილის აზრით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ ასაბუთებს, თუ რატომაა აუცილებელი ეროვნული ბანკისაგან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისათვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის არგუმენტები მისაღები აღმოჩნდა. საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის აზრით, თუ ეს კანონპროექტი დამტკიცდა, ეროვნული ბანკი დამოუკიდებლობას დაკარგავს:

„როდესაც ეროვნული ბანკი დამოუკიდებლობას კარგავს, სანდოობა არ ექნება და ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ პრობლემას უქმნის არა მხოლოდ დაპირებებს (ის, რაც ვერ გააკეთეთ, ერთი პრობლემაა), არამედ ყველას კუთვნილ თანხებს“.

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, პოლიტიკური ინტერესები არაფერ შუაშია. მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა არგუმენტი. კენჭისყრის შედეგად, პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისწინა, ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ კანონი ხელახლა მიიღო. დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება და თუ იგი ხელს არ მოაწერს, ამ უფლებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოიყენებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG