Accessibility links

logo-print

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები განაგრძობენ ბრძოლას საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგ და ამ მიზნით 16 მაისს ისინი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ. ამ ეტაპზე სწორედ პრეზიდენტის ქმედებაზეა დამოკიდებული საქართველოს პარლამენტის მიერ 14 მაისს (81 ხმით) დამტკიცებული საკანონმდებლო პაკეტის მოთხოვნათა ბედი.

არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას დაასუსტებს, „უხეშად არღვევს დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს და საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას“. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რას და როდის მოიმოქმედებს პრეზიდენტი.

ვეტოს დადება თუ ხელმოწერა – ამ არჩევანს პრეზიდენტი მარგველაშვილი „პროცესში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარესთან“ კონსულტაციის შედეგად რომ გააკეთებს. ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ 14 მაისს გაახმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და ხაზი გაუსვა პრეზიდენტის შეშფოთებას საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიანი მუშაობის საფრთხესთან დაკავშირებით.

ბევრად სწორი იქნება, ჩემი აზრით, რომ პრეზიდენტმა ვეტო არ დაადოს კანონს, თუმცა, მეორე მხრივ, მოგვცეს გარკვეული დრო არასამთავრობო ორგანიზაციებს...

გამოცხადებული კონსულტაციების ფარგლებში, 16 მაისს პრეზიდენტი მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უსმენდა. მათი დიდი ნაწილი აზრს ვერ ხედავს ვეტოს დადებაში, რადგანაც, როგორც ბოლო პროცესებმაც აჩვენა, საპარლამენტო უმრავლესობას აბსოლუტურად არ გაუჭირდება პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად საჭირო 76 ხმის მოპოვება. ამასთან, როგორც, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ აღნიშნა, ვეტო პროცესს ისევ პოლიტიკურ ჩარჩოებში დატოვებს, რაც არამომგებიანი იქნება საქმის წარმატებისთვის:

„ბევრად სწორი იქნება, ჩემი აზრით, რომ პრეზიდენტმა ვეტო არ დაადოს კანონს, თუმცა, მეორე მხრივ, მოგვცეს გარკვეული დრო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ სრულად დავამუშაოთ საკითხი, რათა სრულყოფილად, სამართლებრივად სწორი პოზიციით წარვდგეთ სასამართლოს წინაშე“.

ვეტოს დადებას აზრი რომ არა აქვს და პრობლემას გასაღები ისევ საკონსტიტუციო სასამართლომ რომ უნდა მოარგოს, ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძეც ლაპარაკობს და განმარტავს, რომ 14 მაისს სწრაფი ტემპით დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს, მესამე სექტორის გარდა, პრეზიდენტმაც უნდა მიმართოს. ამ ჭრილში ყურადღება რამდენიმე საკითხზე მახვილდება და, უპირველეს ყოვლისა, ეს პლენუმის (სასამართლოს სრული შემადგენლობის) მიერ გადაწყვეტილების მიღებას უკავშირდება.

თუკი დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, გადაწყვეტილების მისაღებად 9-წევრიანი შემადგენლობიდან 6 წევრის დასწრება და მათი უმრავლესობის (ანუ 4 წევრის) თანხმობაც კმარა, ცვლილებები მიხედვით, სასამართლოს პლენუმი გადაწყვეტილებებს (მათ შორის, ნორმის შეჩერების თაობაზე) მხოლოდ 9 მოსამართლიდან 7-ის დასწრების შემთხვევაში მიიღებს და ისიც მაშინ, თუკი სრული შემადგენლობის 2/3–ის (ანუ 6 წევრის) მხარდაჭერას მოიპოვებს. გიორგი გოცირიძე ამ მაჩვენებლების გაზრდის უკან პროცესების შეფერხების საფრთხეს ხედავს:

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ხელოვნური ბარიერი, რაც შეექმნება ზოგადად საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელების დაკმაყოფილებას

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ხელოვნური ბარიერი, რაც შეექმნება ზოგადად საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელების დაკმაყოფილებას, პირველ რიგში, იმიტომ რომ უმცირესობაში მყოფ მოსამართლეებს ექნებათ შესაძლებლობა ხელოვნურად დააბრკოლონ განხილვა იმით, რომ არ გამოცხადდნენ პლენუმის სხდომაზე, ან სასამართლოს უმცირესობას ექნება იმის შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებისთვის არასასურველ გადაწყვეტილებას, ასე ვთქვათ, ვეტო დაადოს“.

პარლამენტის მიერ 14 მაისს დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების ამ და სხვა მიუღებელ აქცენტებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“. კოალიცია შეშფოთებულია იმით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის შეფერხება მნიშვნელოვნად დააზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და შესაძლოა პრობლემები შეექმნას კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას, ხელისუფლების დანაწილებასა თუ კონსტიტუციური მართლმსაჯულების შესაბამის აღსრულებას. განცხადების ტექსტში ასევე ხაზი ესმება ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის უგულებელყოფის საკითხსაც.

„2016 წლის 11 მაისს, საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა გამოაქვეყნეს განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განზრახვას, საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას, რათა მომზადდეს შესაბამისი დასკვნა კანოპროექტის მე-2 მოსმენით განხილვამდე. საკანონმდებლო ორგანომ არა მხოლოდ დაარღვია აღნიშნული პირობა, არამედ კანონპროექტის პლენარულ სესიაზე მე-2 მოსმენით მიღებიდან მხოლოდ რამდენიმე საათში (არასამუშაო საათებში) ხსენებულმა კომიტეტმა უკვე მე-3 მოსმენით მიიღო ცვლილებები, რაც შემდგომ პლენარულ სესიაზე დამტკიცდა“, – ნათქვამია კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიერ 14 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

16 მაისს, ჟურნალისტებთან საუბრისას, გარკვეული უკმაყოფილება სახალხო დამცველმაც გამოხატა. უჩა ნანუაშვილის თქმით, საკითხავია, რამდენად აუცილებელი იყო ასეთი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება და, ასევე, სამწუხაროა, რომ პარლამენტში პროცესები ფორსირებულად, გარკვეული პროცედურული დარღვევებით წარიმართა.

პრეზიდენტი როგორც მოიქცევა, იმის მიხედვით იქნება ყველაფერი.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებების ძირითად მიზანს წარმოადგენს „სასამართლოს გათავისუფლება პოლიტიკური გავლენებისგან“. თუმცა, მაგალითად, ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარწმუნებულნი არიან, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით ხელისუფლებამ დასაჯა საკონსტიტუციო სასამართლო ბოლო პერიოდის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებების გამო, რომლებიც უკავშირდებოდა, მაგალითად, თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავასა თუ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს.

„ძალიან ბევრი პროცედურული ბარიერი ექნება ამ კანონს გადასალახავი. პრეზიდენტის ხელშიც ბევრი რამ არის და მერე – დეპუტატების ხელშიც... პრეზიდენტი როგორც მოიქცევა, იმის მიხედვით იქნება ყველაფერი. მას აქვს დრო, საკმაო დრო აქვს – ბევრი პროცედურა, ბევრი თვლა და ანგარიში იქნება, რომელი სუბიექტი როგორ მოიქცევა ამ საქმეში.“

დავით ბერძენიშვილის თქმით, პრეზიდენტი თავად გადაწყვეტს, ვეტო დაადოს თუ სხვა რა ფორმით შეაფერხოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული სადავო საკანონმდებლო ცვლილებები. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პრეზიდენტი კიდევ შეხვდება მე-3 სექტორის წარმომადგენლებს. მას შემდეგ, რაც პარლამენტი კანონპროექტის დამტკიცებულ ვარიანტს გადაუგზავნის, პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად 10-დღიანი ვადა რჩება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG