Accessibility links

logo-print

1 ივნისს საქართველოს პარლამენტში დაიწყო განხილვა იმ მოტივირებული შენიშვნებისა, რომლებზე დაყრდნობითაც საქართველოს პრეზიდენტმა (31 მაისს) ვეტო დაადო საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. თუკი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნების“ ლიდერის გიორგი კვირიკაშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებებით ვიმსჯელებთ, პარლამენტი არ შეეცდება პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და, დიდი ალბათობით, გაიზიარებს მის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს. თუმცა არასამთავრობო სექტორს არც პარლამენტის პოზიცია აკმაყოფილებს და არც პრეზიდენტის. რამდენად გაითვალისწინეს საქართველოში ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის შენიშვნები?

ვიდრე პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინში იყო, “ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებდა, რომ 76 ხმის მოგროვება და ვეტოს დაძლევა არ გაუჭირდებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დაადო ვეტო საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, აღმოჩნდა, რომ ვეტოს დაძლევა სულაც აღარ არის საჭირო. 1 ივნისს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, როცა გადაწყდა, რომ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატები პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მიმდინარე კვირაში განიხილავენ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 14 მაისს დამტკიცებული კანონპროექტის შეცვლის აუცილებლობას გაუსვა ხაზი:

დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილი

„დიდი ამბით ვემზადებით ჩვენ მიერ მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს კანონპროექტის თაობაზე სხვა გადაწყვეტილების მისაღებად, იმიტომ რომ ვიღაცამ დაგვარწმუნა, სწორი არ იყოო ის, რაც მიიღეთო“.

თუ ვის გულისხმობს ხსენებულ „ვიღაცაში“, პარლამენტის თავმჯდომარეს აღარ დაუკონკრეტებია, თუმცა ფაქტია, რომ 14 მაისს პარლამენტში დაჩქარებული წესით დამტკიცებული ცვლილებების პაკეტიდან არცთუ ცოტა რამ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამაც დაიწუნა და სწორედ მის დასკვნებს ეყრდნობა საქართველოს პრეზიდენტი, როდესაც ვეტოს მოტივაციაზე საუბრობს.

თავიდან ცოტა ვინმე თუ მოელოდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ძალებს არ მოიკრებდა პრეზიდენტის ვეტოს წინააღმდეგ, თუმცა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 31 მაისის განცხადების შემდეგ აშკარა გახდა, რომ რეალობა შეიცვალა და 27 მაისს გამართულმა შეხვედრამ, რომელშიც პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობდნენ, კონკრეტული შედეგი გამოიღო:

„ჩვენ შევთანხმდით ისეთ მოდელზე, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნება ვენეციის კომისიის მოთხოვნებთან და, ამავე დროს, გათვალისწინებული იქნება ჩვენი შენიშვნებიც. ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი პრეცედენტი შედგა ასეთი კონსტრუქციული დიალოგის. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ უმრავლესობა დაეთანხმოს ვეტოში გამოთქმულ შენიშვნებს და აღარ იყოს საუბარი დაძლევაზე და ჩვენ, ალბათ, პირდაპირ მივიღებთ ამ შენიშვნებს".

სიტყვასიტყვით, ის, რაც წერია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში, გათვალისწინებულია ჩვენს ვეტოში. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ერევათ თავისი მოსაზრებები ვენეციის კომისიის მოსაზრებებში...

პრემიერ-მინისტრის მსგავსად, პრეზიდენტიც მიიჩნევს, რომ მან სრულად გაითვალისწინა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მითითებები. 1 ივნისს გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ, თუკი პარლამენტი მის მოტივირებულ შენიშვნებს გაიზიარებს, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონპროექტში ასახული იქნება ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია.

„სიტყვასიტყვით, ის, რაც წერია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში, გათვალისწინებულია ჩვენს ვეტოში. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ერევათ თავისი მოსაზრებები ვენეციის კომისიის მოსაზრებებში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველას მოსაზრებები მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობასთან მოლაპარაკებებში ამოსავალი წერტილი იყო სწორედ ვენეციის კომისიის დოკუმენტი. ეს იყო ის დოკუმენტი, რომლის ირგვლივაც ჩვენ ვსაუბრობდით. გასაგებია, რომ, ზოგ შემთხვევებში, შეიძლება რომელიღაცა ექსპერტისა და ვენეციის კომისიის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვეოდეს, მაგრამ ჩვენთვის ამოსავალი იყო ვენეციის კომისიის დოკუმენტი”, - განაცხადა ოთხშაბათს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

თუმცა ასე არ ფიქრობენ მესამე სექტორში. მაგალითად, როგორც„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანალიტიკოსი გიორგი ბერაია ეუბნება რადიო თავისუფლებას, პრეზიდენტმა გარკვეულწილად მართლაც გაითვალისწინა ვენეციის კომისიისა და არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციები, მაგრამ შენიშვნები ბოლომდე მაინც არ იქნა გათვალისწინებული. ანალიტიკოსის შეფასებით, ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა სადავო ნორმის შეჩერების პროცედურების გართულებას უკავშირდება და ეს საკითხი უყურადღებოდ დარჩა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში:

„საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია ნორმის შეჩერება, რომ არ დადგეს გამოუსწორებელი შედეგი კონკრეტული პირის – მოსარჩელის – უფლებებისთვის. ასე იყო, მაგალითად „რუსთავი 2-ის“ შემთხვევაში, როდესაც სასამართლომ ორჯერ შეაჩერა ნორმა, რათა, დაუყოვნებლივი აღსრულებით (რომელიც საქალაქო სასამართლომ მიიღო) გამოუსწორებელი შედეგი არ მისდგომოდა ტელეკომპანიის ინტერესებს... შესაბამისი გადაწყვეტილება (საკონსტიტუციო სასამართლოში) მიიღო ოთხმა მოსამართლემ, ხოლო, ამ ცვლილებებით, 9 მოსამართლე იქნება უფლებამოსილი, რომ იმსჯელოს ამ საკითხზე. ვენეციის კომისიას და ჩვენც მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან არასწორი“.

ნარჩუნდება 2/3-იანი უმრავლესობის საჭიროება რიგ კომპეტენციებთან დაკავშირებით და ერთ-ერთი ასეთია ორგანული კანონების კონსტიტუციურობა. ჩვენ პრობლემურად მიგვაჩნია და არც ვენეციის კომისიას გამოუყვია თავის დასკვნაში, რომ ორგანულ კანონთან მიმართებით მისაღებია ამგვარი მაღალი კვორუმი...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ისევე როგორც კოალიციაში „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შემავალი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლავაც პრობლემატურად თვლიან კიდევ რამდენიმე საკითხს და ეს, უპირველეს ყოვლისა, პლენუმის (სასამართლოს სრული შემადგენლობის) მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმს უკავშირდება.

მართალია, ვეტოს ჭრილში პრეზიდენტმა გარკვეულწილად შეარბილა ეს ნორმა, მაგრამ, გიორგი ბერაიას თქმით, კვლავაც არსებობს პრობლემური დეტალი, რომელსაც არ შეეხო პრეზიდენტის ვეტო:

„ნარჩუნდება 2/3-იანი უმრავლესობის საჭიროება რიგ კომპეტენციებთან დაკავშირებით და ერთ-ერთი ასეთია ორგანული კანონების კონსტიტუციურობა. ჩვენ პრობლემურად მიგვაჩნია და არც ვენეციის კომისიას გამოუყვია თავის დასკვნაში, რომ ორგანულ კანონთან მიმართებით მისაღებია ამგვარი მაღალი კვორუმი“.

ჯერჯერობით პარლამენტში განხილვის პროცესი მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაში მიიჩნევენ, რომ დაძლევს თუ გაიზიარებს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს, ორივე შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მაინც არასასურველი რეალობა იქმნება და, შესაბამისად, დამტკიცებული ცვლილებები საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას ვერ ასცდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG