Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი უნივერსიტეტში


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლევან ალექსიძე წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლევან ალექსიძე წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.
თითქმის ორსაათ-ნახევარი გაგრძელდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო და, შესაბამისად, რა ძირითადი აქცენტები დაისვა მასზე, მხოლოდ სტუდენტთა შეფასებების მიხედვით შეიძლება განისაზღვროს. სტუდენტების თანახმად კი, შეხვედრა ძირითადად კითვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ისეთ საკითხებს შეეხო, როგორიცაა თსუ-ს სტატუსი, შრომის კოდექსი, პრეზიდენტისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მოღვაწეობის 9 წლიანი ვადის შეცდომები და შედეგები და სხვ. პრეზიდენტისა და სტუდენტების დახურული შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

პრეზიდენტთან შეხვედრის მოსურნე სტუდენტების ონლაინრეგისტრაცია 2 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. პრეზიდენტი ფეისბუკის საკუთარი გვერდიდან მოუწოდებდა სტუდენტებს, თვითცენზურისგან თავი შეეკავებინათ და მისთვის მათთვის მნიშვნელოვანი ნებისმიერი შეკითხვა დაესვათ. შეკითხვები დაისვა, თუმცა სტუდენტთა ნაწილმა უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი შეხვედრის დასრულებამდე პროტესტის ნიშნად ძირითადად იმის გამო დატოვა, რომ, მათი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილმა მწვავე შეკითხვებს თავი აარიდა:

საინტერესო იყო შეხვედრა, ღია იყო, რაც მთავარია. სხვა შეხვედრებისაგან განსხვავებით, რაც აქამდე ყოფილა, ღია იყო. ყველას შეეძლო კითხვის დასმა, ასევე რეპლიკები იყო დარბაზიდან...
სტუდენტი
”ფორმატი იყო ის, რომ ჩვენ დავუსვამდით კითხვებს და თვითონ გვიპასუხებდა. და ის არ პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს. ერთი კითხვა იყო, აი, როგორ ხედავს თავის პასუხისმგებლობას ციხის კადრებთან დაკავშირებით და საერთოდ არ გასცა პასუხი, ანუ მიედ-მოედო, როგორც სჩვევია, ისე.

პრეზიდენტთან შეხვედრა სტუდენტთა დაახლოებით 20-კაციანმა ჯგუფმა დემონსტრაციულად - შეძახილებით, საყვირებისა და სასტვენების ხმაურით -დატოვა, თუმცა დარბაზში დარჩა სტუდენტთა დიდი უმრავლესობა, რომელთა ნაწილი პრეზიდენტის სტუმრობითა და საუბრით კმაყოფილი იყო,
ნაწილისთვის კი ამ შეხვედრის არსი და მიზანი გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდა:

”საინტერესო იყო შეხვედრა, ღია იყო, რაც მთავარია. სხვა შეხვედრებისაგან განსხვავებით, რაც აქამდე ყოფილა, ღია იყო. ყველას შეეძლო კითხვის დასმა, ასევე რეპლიკები იყო დარბაზიდან”.

” ეს არის პრეზიდენტის მორიგი ფარსი, რომელიც პოპულისტურია, წმინდა პოპულისტური. და ეს არც არაფერს ემსახურება. უბრალოდ, მოდის და ვითომ ხვდება სტუდენტებს. არადა, ეს არის სრული ტყუილი და ცხრაწლიანი სისტემის გაგრძელება, მაგრამ დიდხანს ვერ გააგრძელებს“.

”ასეთი შეხვედრები მას უნდა გაეკეთებინა მანამ, სანამ მის ხელში იყო ძალაუფლება. ახლა დღეს მას არანაირი მორალური უფლება არა აქვს”.

საპროტესტო აქცია უნივერსიტეტის ეზოში
საპროტესტო აქცია უნივერსიტეტის ეზოში
სტუდენტთა ამ უკანასკნელი ნაწილის დარად ფიქრობდნენ უნივერსიტეტის ეზოში გამართული აქციის მონაწილეეები, მათ შორის, პოლიტპატიმართა ერთი ჯგუფი, რომელსაც პრეზიდენტისთვის შეკითხვების დასმის საშუალება არ მიეცა:

”ჩვენ გვაქვს თქვენთან კითხვები და კეთილი ინებეთ და უკანა კარიდან და ფანჯრიდან ძრომიალს მოეშვით. ჩამოდით ქვემოთ და ადამიანურად გაგვეცით პასუხი. ნუ გაგვექცევი, მიშა. ჩამოდი და გვიპასუხე. რატომ დაგვიჭირე სრულიად უდანაშაულოდ, რატომ ჩაგვამწყვდიე ციხეში, როდესაც ბრალი, რომელიც ჩვენ დაგვდეს, ბუნებაში არ არსებობს”.

უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ პოლიტპატიმრებს შორის იყო მელორ ვაჩნაძეც, რომელიც, მისი თქმით, უნივერსიტეტის სტუდენტი არ არის, მაგრამ მაინც დაჟინებით ითხოვდა სხდომათა დარბაზში შესასვლელად რეგისტრაციის გავლას:

”ველოდებით მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას, ვინაიდან არ მოხდა ჩვენი შეშვება და არ მოგვცეს საშუალება დაგვესვა ჩვენთვის საინტერესო კითხვები და მწვავე კითხვები. მიხეილ სააკაშვილი გაურბის, როგორც წესი, იმ ხალხს, ვინც 9 წლის განმავლობაში მას აპროტესტებდა. ამიტომ ჩვენი აქ მოსვლა, რა თქმა უნდა სხვა იყო, რომ რეგისტრაცია გაგვევლო, მაგრამ ფორმა შეიცვალა და გადავედით საპროტესტო რეჟიმში და ვაპროტესტებთ მიხეილ სააკაშვილს, მის დემაგოგობას და გვინდა მოვთხოვოთ მას შეხვედრა, ვინაიდან გვაქვს შეკითხვები”.

რაც მთავარია, იყო ძალიან თბილი შეხვედრა, გადაჭედილი იყო დარბაზი და ეს ძალიან გვახარებს, ბუნებრივია, იმიტომ რომ ინტერესი სტუდენტებში იყო ძალიან მაღალი. იქ იყო 10-15 სტუდენტი, რომელმაც პროტესტის ნიშნად დატოვა შეხვედრა...
ანდრო ბარნოვი
მელორ ვაჩნაძემ საქართველოს პრეზიდენტისთვის შეკითხვის დასმა ვერც მიხეილ სააკაშვილის შენობიდან გამოსვლის დროს შეძლო. პრეზიდენტმა უნივერსიტეტი კომენტარის გარეშე დატოვა. მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა კი განაცხადა, რომ პრეზიდენტისა და სტუდენტების შეხვედრა ორმხრივად საჭირო და საინტერესო იყო:

”საკითხები ბევრი იყო, იყო ძალიან საინტერესო კითხვები. რაც მთავარია, იყო ძალიან თბილი შეხვედრა, გადაჭედილი იყო დარბაზი და ეს ძალიან გვახარებს, ბუნებრივია, იმიტომ რომ ინტერესი სტუდენტებში იყო ძალიან მაღალი. იქ იყო 10-15 სტუდენტი, რომელმაც პროტესტის ნიშნად დატოვა შეხვედრა. ეს, ცხადია, მათი უფლებაა, მაგრამ ჩვენი ფორმატი ითვალისწინებდა იმას, რომ ნებისმიერს შეეძლო დასწრება ამ შეხვედრაზე და საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა იყო. იყო ძალიან საინტერესო კითხვები, მაგრამ იყო რამდენიმე ადამიანი, ვინც ვერ მოასწრო კითხვების დასმა”.

ანდრო ბარნოვის თანახმად, ის ადამიანები, ვისაც პრეზიდენტისთვის შეკითხვის დასმის საშუალება ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში არ მიეცა 10 მაისს, ამის გაკეთებას 11 მაისს შეძლებენ ილიას უნივერსიტეტში, სადაც პრეზიდენტის სტუდენტებთან ანალოგიური შეხვედრა გაიმართება. 10 მაისს კი ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში პრეზიდენტის სტუმრობას ინციდენტის გარეშე მაინც არ ჩაუვლია. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის უკანა შესასვლელთან, საიდანაც შენობაში გაძლიერებული დაცვის პირობებში პრეზიდენტი შევიდა, დააკავეს პოლიტპატიმარი რეზი რევაზიშვილი, რომლის მხრიდანაც, თვითმხილველთა თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სიტყვიერ გადაცდომას ჰქონდა ადგილი. მიხეილ სააკაშვილმა უნივერსიტეტი შენობის უკანა შესასვლელიდანვე დატოვა და ავტომანქანაში ჩაჯდომამდე აქციის მონაწილეებს ხელის აწევით მიესალმა.

მოგვიანებით, სოციალური ქსელებისა და ცალკეული მედიასაშუალებების დახმარებით, გავრცელდა პრეზიდენტის სტუდენტებთან შეხვედრის ამსახველი რამდენიმე ვიდეო და აუდიოჩანაწერი. ამ ფრაგმენტების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი კრიმინალად მოიხსენიებს კორტების ოპერაციის დროს დაღუპულ ზურაბ ვაზაგაშვილს და სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ არ შეხვდა გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანის დედას. რაც შეეხება ციხის სკანდალს, მიხეილ სააკაშვილი სტუდენტებთან ამბობს, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გასაჯაროვებული მასალები ბიძინა ივანიშვილმა ვლადიმერ ბედუკაძისაგან გამოქვეყნებამდე 3 თვით ადრე 2 მილიონად შეიძინა.
XS
SM
MD
LG