Accessibility links

logo-print

შეერთებულ შტატებში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაციის „ფრიდომ ჰაუსის“ (Freedom House) შეფასებით, პრესის თავისუფლების თვალსაზრისით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიგშია, 49 ქულით. საქართველო ამ სტატუსის მქონე ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში. 2016 წლის პრესის თავისუფლების ამსახველი ანგარიშის თანახმად, კავკასიაში პრესა ყველაზე არათავისუფალია აზერბაიჯანში (89 ქულა). ფრიდომ ჰაუსის ანგარიშში 0 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია, ხოლო 100 – ყველაზე ცუდი.

პრესის თავისუფლების შესახებ „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში საქართველო რომ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალშია, უკვე ბევრ საკითხზე მეტყველებს მედიასამართლის სპეციალისტ ნათია კაპანაძისთვის. მისი თქმით, ის მდგომარეობა, რომ ქვეყანა რეგიონში მოწინავე ადგილზეა, თავის დასამშვიდებლად ვერ გამოდგება, ვინაიდან ქვეყანაში შექმნილი მედიაგარემო და ინფორმაციის მოპოვებისთვის ხელის შემშლელი პირობები, მათ შორის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თაობაზე დავა, ნათია კაპანაძის თქმით, არის ის ხარვეზი, რომელიც საქართველოს მედიაგარემოზე საუბრისას ყველა გავლენიანი ორგანიზაციის ანგარიშში ქვეყანას ქულებს აკლებს.

ნათია კაპანაძე

ნათია კაპანაძე

„[რუსთავი 2-თან მიმართებით] საქმე არ არის ცხადი და გამჭვირვალე და პროცესები, რომელიც ვითარდება, იწვევს კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშნებს. რაც შეეხება დადებით ტენდენციებს, მისასალმებელია, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ გაჩნდა მეტი მედიაპლატფორმა და მოსახლეობისთვის ინფორმაცია არის უფრო მეტი საშუალებით ხელმისაწვდომი. არსებობს პრობლემები, რომელიც ჯერ კიდევ უკავშირდება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. კვლევები უჩვენებს, რომ საჯარო დაწესებულებები, კანონმდებლობის მიუხედავად, ვერ აკმაყოფილებენ იმ სტანდარტს, რომელიც უნდა იყოს საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით კანონით უზრუნველყოფილი“.

Freedom House, მედიის თავისუფლების ხარისხთან ერთად, სხვადასხვა გარემოს შეფასებასაც იძლევა. მათ შორის, საქართველოში არსებული სამართლებრივი გარემო 13 ქულითაა შეფასებული, პოლიტიკური - 20 ქულით, ეკონომიკურ გარემო კი - 16-ით.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის მონაცემებით, 2015 წელს მსოფლიოში გაუარესდა ვითარება პრესის თავისუფლების მხრივ და ყველაზე დაბალ დონეზეა, ბოლო 12 წლის განმავლობაში პოლიტიკური, დანაშაულებრივი და ტერორისტული ელემენტებისგან მომდინარე ზეწოლის გაძლიერების შედეგად. 27 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, „პრესის თავისუფლების მოწინააღმდეგე ძალები ყველაზე ძლიერი იყო ახლო აღმოსავლეთსა და თურქეთში, სადაც მთავრობები და ექსტრემისტული ჯგუფები ზეწოლას ახდენდნენ ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებზე რომელიმე პოზიციის დასაკავებლად, რის შედეგადაც იქმნებოდა გარემო - “ჩვენთან ერთად ან ჩვენს წინააღმდეგ“.

"რუსთავი 2"-ის საქმე ჯერ არ დასრულებულა, ეს არის მიმდინარე საქმე და ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ეს პროცესი მივიდეს თავის ლოგიკურ დასასრულამდე ისე, რომ კითხვები, რაც არსებობდა აქამდე უკვე გამართულ პროცესებთან მიმართებით, აღარ არსებობდეს სამომავლო პროცესებთან დაკავშირებით...

საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე მომზადებულ ანგარიშში, რომელიც 20 აპრილს გამოქვეყნდა, ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ აღნიშნა, რომ საქართველოში მედია მკვეთრად პოლარიზებულია და, გარკვეული პროგრესის მიუხედავად, მედიის მესაკუთრეები სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენას ახდენენ, წამყვანი სატელევიზიო არხების ფლობისთვის ბრძოლა კი, მედიის პლურალიზმის მომავლის თვალსაზრისით, შეშფოთებას იწვევს.

მედიაპლურალიზმს კი ქვეყანაში მთავარი საფრთხე შეიძლება შეუქმნას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობის გარშემო დავის საქმემ, უთხრა გასულ კვირაში რადიო თავისუფლებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა.

„’რუსთავი 2’-ის საქმე ჯერ არ დასრულებულა, ეს არის მიმდინარე საქმე და ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ეს პროცესი მივიდეს თავის ლოგიკურ დასასრულამდე ისე, რომ კითხვები, რაც არსებობდა აქამდე უკვე გამართულ პროცესებთან მიმართებით, აღარ არსებობდეს სამომავლო პროცესებთან დაკავშირებით“.

მედიის მკვლევრები მიიჩნევენ, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების შენარჩუნებისა და გაღრმავებისთვის გამოწვევა იქნება 2016 წელი, როგორც საარჩევნო წელი. გამოჩნდება, ექნება თუ არა ხელისუფლებას მცდელობა გავლენა იქონიოს როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონალურ მედიაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG