Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის პრემიერი მნიშვნელოვანი გამოსვლისთვის ემზადება


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი პარასკევს, 18 იანვარს, გამოვა სიტყვით, რომელსაც ბევრი ელოდება და რომელმაც ევროკავშირში ბრიტანეთის ადგილი და მნიშვნელობა უნდა განსაზღვროს. კამერონის გამოსვლა დაგეგმილზე ოთხი დღით ადრე შედგება, რათა არ დაემთხვეს საფრანგეთსა და გერმანიას შორის მეგობრობის შეთანხმების - ელისეს ხელშეკრულების - გაფორმების იუბილეს.

როგორც ევროკავშირის პოლიტიკაზე სპეციალიზებული საინტერნეტო გამოცემა EU Observer-ი იუწყება, პრემიერ-მინისტრი თავისი შეხედულებების საჯაროდ გამოთქმას 22 იანვარს გეგმავდა, მაგრამ ეს დღე დაემთხვა ელისეს ხელშეკრულების 50-ე წლისთავს.

კამერონის სიტყვისთვის მზადებას თან სხვა ტიპის დიპლომატიური სირთულეებიც ახლავს. გამოსვლა ჰოლანდიაში შედგება, თუმცა ამ ქვეყნის ლიბერალი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე მასზე დასწრებას არ აპირებს.
როგორც ვარაუდობენ, ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერი იტყვის, რომ აპირებს სამომავლო შესწორებები შეიტანოს ევროკავშირის ხელშეკრულებებში, რათა ბრიტანეთის წევრობის პირობები უფრო მკაფიოდ განისაზღვროს. იმ ტექსტებს შორის, რომლებიც განხილვას დაექვემდებარება, იქნება ევროს მოქმედების ზონაში ეკონომიკური და ფისკალური ინტეგრაციის გეგმებიც.
კამერონი მხარს არ უჭერს ევროკავშირში ბრიტანეთის დარჩენა-არდარჩენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების იდეას, თუმცა, როგორც იუწყებიან, პარასკევის გამოსვლაში ის იტყვის, რომ კავშირში ბრიტანეთის წევრობის პირობების გადახედვა კონსერვატიული პარტიის საარჩევნო მანიფესტის ნაწილი იქნება 2015 წელს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე.

თუმცა, როგორც ვარაუდობენ, ეს დაპირება საკმარისი არ იქნება პარტიის მომხრეთა დასაშოშმინებლად.

ვებსაიტ „Conservative Home”-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კონსერვატორთა წევრების 48 პროცენტს სურს ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერენდუმი გაიმართოს, რაც, მათი აზრით, უნდა წინ უსწრებდეს ან დაემთხვას 2014 წლის ივნისში დანიშნულ ევროპის პარლამენტის არჩევნებს.
პარალელურად, გამოკითხულთა მხოლოდ 16 პროცენტი უჭერს მხარს კამერონის სტრატეგიას, რომელიც ბრიტანეთისათვის უფლებამოსილებათა დაბრუნებას ისახავს მიზნად; 40 პროცენტს სურს ევროკავშირში ბრიტანეთის წევრობა მხოლოდ ერთიანი ბაზრის ხელმისაწვდომობით შემოიფარგლოს, 38 პროცენტი კი ევროკავშირის დატოვებას უჭერს მხარს.

კამერონზე ზეწოლას მისი თანაპარტიელი დეპუტატებიც ახდენენ. გავრცელებული ცნობებით, ამ კვირაში 100-ზე მეტი კონსერვატორი პარლამენტარი გამოაქვეყნებს დოკუმენტს, რომელშიც გამოთქმული იქნება მოწოდებები ევროკავშირის კანონების დიდი სპექტრის გადახედვისა და ბრიტანეთისთვის უფლებამოსილების დაბრუნების შესახებ ისეთ სფეროებში, როგორიცაა დანაშაულთან ბრძოლა და სოციალური პოლიტიკა.

რამდენიმე მინისტრმა - მათ შორის, ფინანსთა მინისტრმა ჯორჯ ოსბორნმა - მწვავე განცხადებები გააკეთა: თუ სხვა ქვეყნები ამ მოთხოვნებს არ დასთანხმდებიან, ბრიტანეთს ევროკავშირის დატოვება მოუწევსო.

დისკუსიაში ევროპის მომხრეებიც ჩაერთნენ. გასულ კვირაში შეიქმნა ევროპაზე ბრიტანეთის გავლენის ცენტრი, რომელიც სხვადასხვა პარტიის წევრებს აერთიანებს, მათ შორის, ვეტერან კონსერვატორ მინისტრს კენ კლარკს და ევროკავშირის ვაჭრობის ყოფილ კომისარს, პეტერ მანდელსონს. ცენტრი გამოდის დაპირებით, რომ ევროკავშირში ბრიტანეთის წევრობის საჭიროებას „პატრიოტული არგუმენტაციით“ დაასაბუთებს.

ოპოზიციაში მყოფი ლეიბორისტული პარტია ჯერჯერობით უარს აცხადებს რეფერენდუმის ჩატარების დაპირებით გამოვიდეს. ოპოზიციის ლიდერმა ედ მილიბენდმა კამერონის სტრატეგიას ბრიტანეთის მომავალთან მიმართებით გადადგმული სარისკო ნაბიჯი უწოდა და კამერონს ბრალი დასდო, რომ ის ზოზინით უახლოვდება ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას.

კამერონის კოალიციური პარტნიორები - ლიბერალ-დემოკრატები, რომლებსაც სათავეში ნიკ კლეგი უდგას - ასევე ეწინააღმდეგებიან ბრიტანეთის სტატუსში ნებისმიერი ცვლილების შეტანას.
XS
SM
MD
LG