Accessibility links

logo-print
დეპუტატი ელისო ჩაფიძე პარლამენტს ბეჭდური მედიის მოგების გადასახადისგან გათავისუფლების საკანონმდებლო ინიციატივით მას შემდეგ მიმართავს, რაც, წინასწარი კონსულტაციების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოში საკმარის მხარდამჭერს მოიპოვებს. ელისო ჩაფიძის სიტყვებით, საკანონმდებლო იდეას ჯერ უმრავლესობაშიც ჰყავს მოწინააღმდეგეები, თუმცა საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავს თავად ბეჭდური მედიის წარმომადგენელთა შორის. ეკონომიკის სფეროს ექსპერტთა შეფასებით კი, კონკრეტული მედიის გათავისუფლება მოგების გადასახადისგან ლობირების სისტემას შექმნის.

მოგების გადასახადისგან გათავისუფლება სერიოზული მხარდაჭერა იქნება ბეჭდური მედიისთვის, ხოლო ბიუჯეტისთვის უმნიშვნელო დანაკარგი, ფიქრობს ყოფილი ჟურნალისტი, ამჟამად ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე. მისი სიტყვებით, ბიუჯეტში, ბეჭდური მედიის მიერ გადახდილი მოგების გადასახადის სახით, ყოველწლიურად 60-70 ათასი ლარი შედის. ამ თანხის გადახდისგან მედიის გათავისუფლება მისი განვითარებისთვის კარგ ნიადაგს შექმნიდა:

”თავად ჩვენს გუნდშიც არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ თუკი პრესა გათავისუფლდება მოგების გადასახადისაგან, მხოლოდ იმ პირობით, რომ ისევ რეინვესტირება მოხდება ამ სფეროში, ისინი თვლიან, რომ სხვა სოციალური სფეროს თუ ბიზნესის წარმომადგენლებსაც გაუჩნდებათ ანალოგიური პრეტენზიები და მხოლოდ ამის გამო არ სურთ ასეთი პრეცედენტის დაშვება. ასევე არის გარკვეული საუბრები უმცირესობის წარმომადგენლობასთან, რომლებიც მედიის საშუალებების წარმომადგენლები იყვნენ წარსულში. მათ გამოთქვეს სურვილი, რომ მხარი დამიჭირონ ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღების დროს”.

”პრესის ასოციაციის“ წარმომადგენელი, გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში ყოფილი კოლეგის საკანონმდებლო ინიციატივას ემხრობა. მისი სიტყვებით, მოგების გადასახადისგან გათავისუფლებით მედიას მიეცემა შესაძლებლობა ეს რესურსი გავრცელების სისტემის ასამუშავებლად ან გამოცემის ხარისხის გასაუმჯობესებლად გამოიყენოს:

”ასეთ რთულ სიტუაციაში, როდესაც მთლიანად ვართ დამოკიდებული პრაქტიკულად ქუჩის ვაჭრობაზე, პრესისთვის არ არსებობს სარეკლამო ბაზარი, ძალიან მწირია ისედაც რესურები, ძალიან ძვირია ქაღალდი, რომელიც ჩვენთან არ იწარმოება და შემოგვაქვს, ელექტროენერგია ძვირია, სტამბის ხარჯები ძვირია, ამ დროს, მოგეხსენებათ, თავისუფალი რესურსები პრაქტიკულად არ არსებობს. ეს ყველაფერი, მთლიანობაში, ქმნის ძალიან რთულ ვითარებას პრესისთვის და აქედან გამომდინარეც ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ინიციატივა”.

მოგების გადასახადისგან გათავისუფლებით პრესას გამოხატვის მეტი თავისუფლებაც მიეცემა, მიიჩნევს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე:

”ამ შემთხვევაში ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ მედიის მუშაობას აქვს ორი ძირითადი მიმართულება. ერთი - ეს არის გამოხატვის თავისუფლების ხელშეწყობა და მეორე - ბიზნესი. ბიზნესის წარმატება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ხოლმე მედიის გავრცელებაზე, მის მიერ შემუშავებული პროდუქტის ხარისხზე. ამიტომ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ასეთი მხარდაჭერა დღეისათვის განხორციელდეს”.

”პალიტრა მედიის” საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კრეატიული განყოფილების დირექტორი მარიკა დარჩია კი თვლის, რომ ბეჭდურ და ელექტრონულ მედიას შორის მკაცრი კონკურენციის პირობებში, მაშინ როცა პროცესები მსოფლიოში ელექტრონული მედიის სასარგებლოდ ვითარდება, გარკვეულ ეტაპზე ბეჭდური მედიის ფინანსური ვალდებულებებისგან გათავისუფლება პრესისთვის დიდი შეღავათი იქნება:

”რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ურიგო გარკვეულ ეტაპზე - აი, სწორედ განვითარების ამ ეტაპზე, როდესაც პრესას ჯერ კიდევ აქვს დიდი ძალა, მაგრამ მას სჭირდება სათანადო ყურადღება და ეს იქნება ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი, თუკი გავიდა”.

ბეჭდური მედიის წარმომადგენლობისგან განსხვავებით, მოგების გადასახადისგან კონკრეტული მედიის გათავისუფლებას არასამართლიანად მიიჩნევს ”ახალი ეკონომიკური სკოლის” ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი. მისი სიტყვით, ბეჭდური მედიის რაოდენობრივი შემცირება და ხარჯების ოპტიმიზაცია გაცილებით ეფექტური შედეგის მომტანი იქნებოდა:

”პირველ რიგში, ეს შექმნის ლობირების პრეცედენტს და მერე სხვებიც მოითხოვენ. ჯობია, რომ ყველასთვის თანაბარი პირობები იყოს. მეორე, ის, რომ მე არ მგონია, რომ ქართულ ბეჭდურ მედიას აქვს სერიოზული პრობლემები, ვიდრე ნებისმიერ სხვა მედიას, ან ვიდრე ნებისმიერ სხვა სფეროს საქართველოში. თან, არ მგონია, რომ ბეჭდური მედია არის არასამთავრობო, არამომგებიანი საქმიანობა. მომგებიანი საქმიანობაა და არა მგონია, ეს არის სწორი მიმართულება, რომ მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობა გაათავისუფლო მოგების გადასახადისგან”.

თავად საკანონმდებლო იდეის ავტორის, ელისო ჩაფიძის სიტყვებით, ის პარლამენტს მხოლოდ მაშინ წარუდგენს კანონპროექტს, როდესაც კონსულტაციები დასრულდება და მისი მიღება რეალურად შესაძლებელი გახდება.
XS
SM
MD
LG