Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის ციხის აუტანელი პირობები


ალა ჯიოევა
ალა ჯიოევა
დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ალა ჯიოევა ცხინვალის ციხეს ესტუმრა. ეს ოპოზიციის ყოფილი ლიდერის პირველი სამუშაო ღონისძიება იყო, მთავრობის ერთ-ერთი ხელმძღვანელის სტატუსით. აღსანიშნავია, რომ გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც ჯიოევა აცხადებდა, რომ ციხეში მივიდოდა და იქ არსებულ არაადამიანურ პირობებს ბოლოს მოუღებდა.

ცხინვალის ციხე ამჟამად ყოფილი გამოსაფხიზლებლის შენობაშია განთავსებული და რამდენიმე ათეული ადამიანი მკაცრ პირობებში იხდის სასჯელს. ჩაბნელებულ კამერებში ერთმანეთის გვერდით სხედან ტუბერკულოზით დაავადებული და ჯანმრთელი პატიმრები. მედიკამენტებიდან მათთვის მხოლოდ ანალგინი და ასპირინი არსებობს. დღეში ერთხელ აჭმევენ, ამიტომ დაკავებულთა ნათესავებს ციხეში ყოველდღიურად ამანათების მიტანა უწევთ. თვითმკვლელობა აქ უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. ალა ჯიოევამ ჩვენი რადიოს ჟურნალისტთან საუბარში ცხინვალის ციხის დაფარული მხარეები საჯარო გახადა. მისი თქმით, ამნისტია უკვე მზადდება, თანამოაზრეებთან ერთად კი თიბილოვის წინაშე ახალი კოლონიის მშენებლობის საკითხს დააყენებს, რათა ცხინვალის სამარცხვინო ციხეს ბოლო მოეღოს.

ოს უფლებადამცველ ფატიმა მარგიევას, რომელიც ცხინვალის ციხის პატიმარი იყო, აღარც კი ახსოვს ხელისუფლებამ ბოლოს როდის გამოაცხადა ამნისტია. მისი თქმით, პატიმრები 2008 წლის შემდეგ იმედით ელოდებოდნენ გათავისუფლებას, მაგრამ დღემდე არაფერი შეცვლილა.

მარგიევა და ჯიოევა გამოძიების ხარვეზებსა და დაბალ დონეზე ალაპარაკდნენ. მათი აზრით, ყველა სისხლის სამართლის საქმე გადასახედია. ჯიოევა ამბობს, რომ ახლაც ციხეში არაერთი ადამიანი დაუმსახურებელ სასჯელს იხდის და, ამნისტიის მიუხედავად, მათი საქმეები უნდა გადაიხედოს.

ამჟამად ცხინვალის ციხეში 88 პატიმარია. 4 მათგანი საქართველოს მოქალაქეა, რომელთა გათავისუფლებას ქართული მხარე ყველა მოლაპარაკების დროს ითხოვს. თავის მხრივ, ოსური მხარე საქართველოს ციხეებში მყოფი ოსი პატიმრების სასჯელების გადახედვას მოითხოვს.

ალა ჯიოევას ყოფილი საარჩევნო შტაბის წევრები ვიცე-პრემიერს სთხოვენ არა მარტო ცხინვალის ციხის პატიმრების ბედით დაინტერესდეს, არამედ ვლადიკავკაზში დაკავებული თავისი თანამებრძოლების გათავისუფლებაზეც იზრუნოს. შეგახსენებთ: ალა ჯიოევას წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისი შტაბის წევრები ვლადიკავკაზში ნარკოტიკებისა და იარაღის შენახვის ბრალდებით დააკავეს. რუსულმა მართლმსაჯულებამ მათ უკვე სასჯელი დააკისრა და ახლა ჯიოევას და თიბილოვს კრემლის მოხელეებთან მოუწევთ საუბარი მათი გათავისუფლების შესახებ.
XS
SM
MD
LG