Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიბოთი დაავადებული პატიმარი გათავისუფლებას ითხოვს


კიბოთი დაავადებული პატიმარი გათავისუფლებას მოითხოვს. იგი აცხადებს, რომ კიბო მას ციხეში, ცემის შედეგად განუვითარდა. ადვოკატის მტკიცებით, დაავადების ეს ფორმა პატიმრის უპირობო გათავისუფლებას ითვალისწინებს, თუმცა, მორიგი ამნისტიის მიუხედავად, პატიმარი ჯერაც ციხეშია.

პატიმრობაში მყოფმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომლის ვინაობას ეთიკური მოსაზრებების გამო არ ვასახელებთ, ადამიანის უფლებათა ცენტრს ჯერ კიდევ 2011 წლის ივნისში მიმართა. მიმართვის თანახმად, პატიმარს უმოწყალოდ სცემეს გლდანის მე-8 საპყრობილეში, რის შემდეგაც მას საშინელი ტკივილები დაეწყო.

ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი ამბობს, რომ ნაცემ პატიმარს არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, რამაც განაპირობა კიდეც მისი დაავადება: „სასტიკად გაუსწორდნენ, ცემეს, განსაკუთრებით დაზიანება მიიღო სასქესო ორგანოზე. განიცდიდა ძლიერ ტკივილებს. ჰქონდა შიში, რომ თუ ცემის ფაქტს გაამჟღავნებდა, უფრო დიდი ზეწოლა ელოდა.“
ნინო ანდრიაშვილი
ნინო ანდრიაშვილი

ანდრიაშვილის თქმით, პატიმრის უფლებები დაირღვა მაშინაც, როცა იგი, ბოლოს და ბოლოს, სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს: „მე-17 საპყრობილიდან მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გააგზავნეს დიაგნოზით, რომ ჰქონდა ანთება სასქესო ორგანოზე და მხოლოდ გამოკვლევები ესაჭიროებოდა. აღმოჩნდა, რომ მას მოტყუებით მოაწერინეს ხელი ცარიელ თაბახზე, თითქოს ნაცხის აღება სურდათ, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას სასქესო ჯირკვლის ამპუტაცია გაუკეთეს.“

ამის შემდეგ პატიმრის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, მას კიდევ სამი ოპერაცია დასჭირდა. ამჟამად უჭირს გადაადგილება. მისი დაავადება შეტანილია იმ მძიმე და უკურნებელ დაავადებათა ნუსხაში, რომელთა საფუძველზე პატიმარი გათავისუფლებას ექვემდებარება. ნინო ანდრიაშვილის თქმით, ამ საქმის განსახილველად მან ჯერ კიდევ თებერვალში მიმართა შესაბამის კომისიას, მაგრამ პატიმარი დღემდე მე-17 საპყრობილეში რჩება. 21 ივნისს ადვოკატმა პროკურატურასაც მიმართა, რის შემდეგაც დაკითხეს თავად მსჯავრდებული, ექიმები და ციხის თანამშრომლები, თუმცა საქმე ამის იქით არ წასულა. თავად პატიმარი ამბობს, რომ გამომძიებელმა მას არც კი დაუჯერა:

„მე გამომძიებელსაც ავუხსენი, წლების წინ დავიწყე ამაზე ლაპარაკი, არავინ ყურადღებას არ მაქცევდა. გამომძიებელს რომ ვუთხარი, 14-16 კაცი მირტყამდა 40 წუთის განმავლობაში-მეთქი, ირონიულად გაიცინა, შემომხედა, როგორ შეიძლებაო. ამის მტკიცება მე თვითონ ვარ, სიმსივნე განმივითარდა, 130 კილო ვიყავი და 68 კილო ვარ ახლა. იქ მორგში ჩაყვანები... „კასკა“ დამაფარეს და ბეისბოლის „ბიტას“ მირტყამდნენ.“

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით მჭედლიშვილი ამბობს, რომ ყველა მსგავსი საქმე აუცილებლად იქნება გამოძიებული; სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მრჩეველი ლალი მოროშკინა კი აცხადებს, რომ ამ პატიმარზე ინფორმაცია აქვს და მის გათავისუფლებას უწინ თავადაც ითხოვდა: „მე თვითონაც როცა ვიყავი მონიტორინგში, ამ ადამიანზე გავამახვილე ყურადღება და ვთქვი, რომ სასწრაფოდ უნდა დატოვოს დაწესებულება. რა თქმა უნდა, ახლაც აუცილებლად მივაქცევ ყურადღებას.“
ნათია იმნაძე
ნათია იმნაძე

სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნათია იმნაძის თქმით, მსგავსი საქმეები სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი კომისიის გადასაწყვეტია: „ეს არის კომისიის გადასაწყვეტი. რა თქმა უნდა, არის იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომელიც ექვემდებარება გათავისუფლებას. ფაქტობრივად, მომაკვდავი თუ არ არის ადამიანი, ამ ჩამონათვალში ვერ ხვდება. ასეთი დაავადებული კი არის ძალიან ბევრი. მათი საქმეები აუცილებლად უნდა გადაიხედოს და ისინი უნდა გათავისუფლდნენ სასჯელისგან.“
  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG