Accessibility links

logo-print

უნდა აკონტროლონ თუ არა სასჯელაღსრულების დაწესებულებები უფლებადამცველთა სხვა ჯგუფებმაც.

საქართველოში პატიმართა გაზრდილი რიცხვისა და ახალ-ახალი საპყრობილეების გახსნის ფონზე ციხეებში არსებული რეალური ვითარების გასაგებად მხოლოდ ერთი მაკონტროლებელი რგოლის - სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის - მუშაობა საკმარისი არ არის, ფიქრობს ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელი, ადვოკატი ლია მუხაშავრია. მისი ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ხელს აწერენ 3 სექტემბერს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელზე გაგზავნილ მიმართვას, საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს შექმნის მოთხოვნით. ამ დრომდე არასამთავრობოებს პრეზიდენტი არ გამოხმაურებია.

დღის ნებისმიერ მონაკვეთში ციხეში შესვლის შეუზღუდავი უფლება საქართველოში მხოლოდ ერთ, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში მომუშავე მონიტორინგის ჯგუფს შეუძლია. მასში, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების გარდა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებიც შედიან. სწორედ ამ ჯგუფის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს ისმენს ხოლმე საქართველოს პარლამენტი ყოველწლიურად, სახალხო დამცველის ანგარიშების წარდგენისას. 2011 წელს ამ ჯგუფმა ციხეებში 472 ვიზიტი განახორციელა, 2012-ში, რვა თვის განმავლობაში, - 380 ვიზიტი, ამბობს ნათია იმნაძე, სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

”საჭიროების შემთხვევაში დგება ჯგუფი, რომელიც ციხეში შედის ყოველთვის გაუფრთხილებლად და ამოწმებს იქ ან კონკრეტული პატიმრის მდგომარეობას, ან საკანსა თუ სხვა ადგილას პატიმრების მდგომარეობას და პირობებს. ანუ ინფორმაციის მოსაპოვებლად, ჩემი აზრით, ეს სრულიად საკმარისი იყო. ჩვენ პრობლემა გვქონდა ამ ინფორმაციის გადაცემის შემდეგ იმ ორგანოებთან, ვისაც უკვე ეს ინფორმაცია უნდა დაემუშავებინა და გამოეყენებინა. ვგულისხმობ პროკურატურას, საგამოძიებო ორგანოებს. სამწუხაროდ, არანაირი რეაგირება ამ ყველაფერს არ მოჰყვებოდა.”

თუმცა ეს რესურსი, რომელიც პრევენციის ეროვნულ მექანიზმს აქვს, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული სრულყოფილი სურათის შესაქმნელად საკმარისი არ არის, ფიქრობს ადვოკატი ლია მუხაშავრია:

”სანდოობისთვის, გამჭვირვალობისთვის და იმისთვის, რომ საზოგადოება მშვიდად იყოს და ასეთი საშინელი მოლოდინი და განცდა არ ჰქონდეს, რომ მისი ოჯახის წევრს, მის ახლობელს საპყრობილეში ასე შეიძლება მოექცნენ, უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი მონიტორინგის სხვა მექანიზმებიც. არსად წერია, რომ ასეთი მექანიზმი მხოლოდ ერთი უნდა იყოს. შეიძლება შევქმნათ იმდენი ჯგუფი, რამდენსაც საზოგადოება ჩათვლის საჭიროდ.”
მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ რამდენიმეწლიან მონაკვეთში ჩამოყალიბდა ეს საშინელი სისტემა, რომელთანაც გამკლავება დემოკრატიულად განწყობილ საზოგადოებას ძალიან გაუჭირდება, თუ არ იქნა გამოკვეთილი პოლიტიკური ნება ...

ლია მუხაშავრია იხსენებს, რომ საზოგადოებრივი საბჭო, რომლის წევრებსაც ციხეებში შესვლის და მონიტორინგის შეუზღუდავი უფლება ჰქონდათ, ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს შეიქმნა. ამ საბჭოს შექმნასაც წინ ძალადობის კონკრეტული ფაქტებით აღშფოთებული საზოგადოების პროტესტი უძღოდა წინ:

”ეს სწორედ იმ სკანდალურ ამბებს მოჰყვა, გაგახსენებთ, რაც ხდებოდა დიღომში, პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობის მეექვსე სართულიდან ვითომ თვითმკვლელობის მიზნით ხალხი რომ ხტებოდა და ეს იყო წელიწადში ხუთი-ექვსი შემთხვევა. მაშინ ხალხმა ეს ფაქტები გააპროტესტა. სწორედ ამას მოჰყვა იმ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა. შემდეგ ასეთი ფაქტები თითქოს შემცირდა, ”ჩაითვალა”, რომ რაკი ეს იყო რევოლუციური მთავრობა და დემოკრატიის შუქურა, სხვებისთვის ასეთი საბჭო საჭირო აღარ იყო”...

ეს საბჭო მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. 2009 წლიდან ციხეების მონიტორინგს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმი შეუდგა, მანამდე კი, დაახლოებით სამი წლის განმავლობაში, სასჯელაღსრულების დაწესებულებები მიზანმიმართულად იკეტებოდა საზოგადოებისათვის, მედიისათვის, უფლებადამცველებისთვის, იხსენებს ლია მუხაშავრია:

”მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ რამდენიმეწლიან მონაკვეთში ჩამოყალიბდა ეს საშინელი სისტემა, რომელთანაც გამკლავება დემოკრატიულად განწყობილ საზოგადოებას ძალიან გაუჭირდება, თუ არ იქნა გამოკვეთილი პოლიტიკური ნება.”

ციხეებში შესვლის უფლება, ოღონდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და არაერთი ბარიერის გადალახვის შემდეგ, სახალხო დამცველთან არსებული მონიტორინგის ჯგუფის გარდა, საქართველოს პარლამენტის წევრებსაც შეუძლიათ. პარლამენტის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც ასეთ საპარლამენტო კომისიაში შედიოდა და მოგვიანებით მას ეს კომისია დაატოვებინეს როტაციის მიზეზით, ამბობს, რომ, რეგლამენტის მიხედვით, 24 საათის განმავლობაში შესვლა ციხეში შეუძლია მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს, კომისიის წევრებს მთელი რიგი ბარიერების გადალახვა უწევთ. და ისედაც, ლორთქიფანიძე დარწმუნებულია, რომ სასჯელაღსრულების სისტემას საზოგადოებრივი მონიტორინგის სულ ცოტა სამი ჯგუფი მაინც უნდა აკონტროლებდეს:

”ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც ციხეში შესვლის სურვილს გამოთქვამს, ვალდებულია მიმართოს პარლამენტის თავმჯდომარეს მოტივირებული შუამდგომლობით, რომელმაც უნდა გაიაროს იურიდიულ საკითხთა ან ადამიანის უფლებათა კომიტეტის ფილტრი და მხოლოდ ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ერთჯერადი საშვით მისი კონკრეტულ ციხეში შეშვების შესახებ.”

ციხეში შედიან ცალკეული ადვოკატებიც, თუმცა რეაგირება მათ საჩივრებს, როგორც წესი, იშვითად მოჰყვება. ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი, რომელიც ასეთ ადვოკატთა რიცხვშია, ამბობს, რომ მის მიერ წარმოებული საქმეების 98% დღეს ევროსასამართლოშია გაგზავნილი:

მესმის მათიც, ვისაც სურს, რომ უფრო მეტი ადამიანი იყოს ამ პროცესში ჩართული, მაგრამ არის კიდევ სხვა საკითხები, რაც ასევე უნდა გავითვალისწინოთ, მაგალითად, ციხის უსაფრთხოება ...

”ეს იმიტომ ხდება, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე საქართველოში ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწიეთ, სამართალი ვერ ვიპოვეთ. შედეგში ვგულისხმობ იმას, რომ საქმე დროულად და ეფექტურად გამოეძიებინათ, ექსპერტიზა ჩაეტარებინათ ნაცემი პატიმრებისათვის, რაც დღეს არ ხდება. თუ გამოძიება იწყებოდა ჩემი განცხადების საფუძველზე, რვა თვის შემდეგ შედიოდა გამომძიებელი დაზარალებულთან დაკითხვაზე და ამ დროისათვის მას აღარც ეტყობოდა დაზიანებების კვალი და აზრს კარგავდა ექსპერტიზის ჩატარება.”

თუმცა, უფლებადამცველების განცხადებების მიუხედავად, მთავრობაში მიიჩნევდნენ, რომ დამატებითი საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს აუცილებლობა არ არსებობდა. რამდენიმე ხნის წინ რადიო თავისუფლებასთან საუბარში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მდივანი ბაია პატარაია აცხადებდა, რომ მთავრობა ვერ ხედავს ამის საჭიროებას:

”პრევენციის ეროვნული მექანიზმი ძალიან ეფექტურად მუშაობს და მასში სამოქალაქო საზოგადოების წევრებიც არიან ჩართულები. მესმის მათიც, ვისაც სურს, რომ უფრო მეტი ადამიანი იყოს ამ პროცესში ჩართული, მაგრამ არის კიდევ სხვა საკითხები, რაც ასევე უნდა გავითვალისწინოთ, მაგალითად, ციხის უსაფრთხოება. იცით, რომ ადრე სხვადასხვა გზებით ციხეებში შედიოდა ნარკოტიკული საშუალებები, ახლა კი ასეთი ფაქტები მინიმუმამდეა დაყვანილი და, ცხადია, ეს იმიტომ, რომ ციხე კონტროლდება.”

საინტერესოა, შეიცვლის თუ არა ხელისუფლება აზრს ამ საკითხის თაობაზე გლდანის მერვე საპყრობილეში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელების შემდეგ. მით უმეტეს, რომ დღეს პატიმართა სიკვდილიანობის სავალალო სტატისტიკის უკან (2006 წელს ციხეებში გარდაიცვალა 89 პატიმარი, 2007 წელს - 101, 2008-ში - 90, 2009-ში - 91; 2010-ში - 142; 2011-ში -140) ციხეებში ადამიანების წამების კონკრეტული ფაქტები დგას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG