Accessibility links

პრივატიზაცია ერთ-ერთი ის წყაროა, რომელმაც საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინება უნდა უზრუნველყოს და ქვეყნის ეროვნული ვალუტის სტაბილურობას საფუძველი შეუქმნას. გასულ წელს ხელისუფლებამ ვალუტის დევალვაციის შესაჩერებლად ერთ-ერთ გზად სწორედ ეს დაასახელა და მაშინ მედიაში ხუმრობდნენ კიდეც, ლარის დასაჭერად მთავრობამ საპრივატიზაციოდ ეროვნული ბანკისა და ეკონომიკის სამინისტროს შენობები გამოიტანაო. რამდენად გაამართლა ამ სტრატეგიამ და შეძლო თუ არა სახელმწიფომ მიზნის მიღწევა, ამაზე პასუხს ლარის მდგომარეობაც გვაძლევს, თუმცა, ვფიქრობთ, საინტერესოა გადაიხედოს, რა თანხის მობილიზება შეძლო საქართველომ 2015 წლის პრივატიზაციით:

როგორც მთავრობა ამბობს, გეგმა გადაჭარბებით არის შესრულებული: 2015 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში მთლიანი საპრივატიზებო გეგმით გათვალისწინებული იყო 280 მლნ ლარის მობილიზება, ბიუჯეტში ჩარიცხული თანხა კი 285 311 504 ლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" მიერ 2015 წელს პრივატიზებულია 184 მილიონ 272 ათასი ლარის ქონება, საიდანაც ბიუჯეტში ჩარიცხულია 105 მილიონ 947 ათასი ლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი მიმდინარე და მომდევნო წლებში ჩაირიცხება.

ამ თანხის მობილზებისთვის 2015 წლის განმავლობაში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2 685 აუქციონი გამოაცხადა. 2015 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საინვესტიციო პირობებით პრივატიზებულია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 10 მსხვილი ობიექტი, რომელთა პრივატიზებიდან შემოსული თანხა 47,8 მლნ აშშ დოლარზე მეტს და 33,9 მლნ ლარს შეადგენს. ამასთან, ინვესტორებმა აიღეს ვალდებულება, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე განახორციელონ მინიმუმ 72,7 მილიონი აშშ დოლარის და 37 მილიონი ლარის ინვესტიცია, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პრივატიზების შედეგებთან დაკავშირებით გასულ კვირას კომენტარი საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. „პრაქტიკულად ყველა ობიექტი, რომელიც გაყიდვადი იყო, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტროს შენობა, გაიყიდა. ეკონომიკის სამინისტროს შენობა გაიყიდა 9.5 მლნ დოლარად. კითხვები იმის შესახებ, თუ რამდენად მონდომებული ვიყავით პრივატიზებაზე, მე მგონი, ზედმეტია. ყველაფერი, რაზეც ინტერესი იყო, გავყიდეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გავყიდოთ ობიექტები, თუ ეს ობიექტები იყიდება სახელმწიფოს საზიანოდ. ის ობიექტები, რომლის გაყიდვაც არის შესაძლებელი, მაქსიმალურად გაყიდულია. 2 500-ზე მეტი აუქციონი ჩატარდა", - განაცხადა მინისტრმა და ამით პრაქტიკულად დაადასტურა, რომ საპრივატიზაციო ეფექტი საქართველოში მოსალოდნელზე ნაკლები იყო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG