Accessibility links

logo-print

პრივატიზაცია ლარს გაამყარებს


"ტექნოლოგიური უნივერსიტეტის" შენობა ბათუმში

"ტექნოლოგიური უნივერსიტეტის" შენობა ბათუმში

ეკონომიკის სფეროს ექსპერტები პრივატიზაციას განიხილავენ იმ მნიშვნელოვანი ღონისძიებების ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად, რომლებიც უნდა გატარდეს ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის. მთავრობამ მსხვილი ობიექტების გაყიდვის მზადყოფნა უკვე გამოხატა და სააუქციონო პროცესიც დაიწყო, თუმცა ექსპერტთა ნაწილი პრივატიზების პროცესის გამოცოცხლებას დაგვიანებულად მიიჩნევს.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში 16 მსხვილ ობიექტს ვხვდებით. მათ შორის არის, მაგალითად, ათონელის რეზიდენცია, ეკონომიკის სამინისტრო, წყნეთის სამთავრობო აგარაკები, „ბათუმის თაუერი“, ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრი თუ წყალტუბოს სანატორიუმები. ამ ნუსხიდან ფასი მხოლოდ ორ ობიექტზეა დადგენილი. ერთ დროს ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის გამიზნული შენობა„ბათუმის თაუერი“ 25 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ხოლო დ. აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის საწყისი საპრივატიზაციო ფასი 3 550 000 დოლარს შეადგენს.

ორივე ამ ობიექტის შესახებ ინფორმაციას უკვე ვხვდებით ელექტრონული აუქციონის ვებსაიტზე. აუქციონის ვადა ორივე შემთხვევაში 11 მარტს 17 საათზე იწურება. დანარჩენი ობიექტების ბედის გასარკვევად რადიო თავისუფლებამ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართა. პასუხში, რომელიც 2 მარტს, სამუშაო დღის ბოლოს, წერილობით მივიღეთ, ნათქვამია: „რაც შეეხება დანარჩენ ობიექტებს, ინვესტორების მხრიდან დაინტერესების გამოხატვის საფუძველზე მოხდება მათი განთავსება ელექტრონულ აუქციონზე, სადაც მითითებული იქნება ობიექტების საწყისი საპრივატიზებო საფასური“. ეს კი, ლოგიკურად, იმას ნიშნავს, რომ''ბათუმი თაუერისა“ და „ყოფილი ნარკოლოგიურის შენობის“ გარდა, სამინისტროს ხსენებული ჩამონათვალიდან სხვა ობიექტებით ჯერ არავინ დაინტერესებულა.

სახელმწიფომ მსხვილი ობიექტების გაყიდვის განზრახვა 25 თებერვალს გაახმაურა. საუბარია ნუსხაზე, რომელიც იმ დღეს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა ბიზნესმენებს ლარის კურსის მკვეთრად ვარდნის კვალდაკვალ გამართულ საგანგებო შეხვედრაზე. ეკონომიკის მინისტრმა სავარაუდო შემოსავალიც დაასახელა:

„მარტო ამ ობიექტებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2-3 თვის პერიოდში შევძლებთ დაახლოებით 300–350 მილიონი დოლარის მობილიზებას“.

საპრივატიზაციო პროცესის წამოწყება სახელმწიფოს მოუწონეს ექსპერტებმაც, თუმცა იქვე ხაზი ესმება აუცილებლობას, რომ ეს პროცესი სწრაფად წარიმართოს. ლარის სტაბილურობის კონტექსტში გადასადგმელ ნაბიჯებზე ლაპარაკისას ამგვარ ამოცანაზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში რომან გოცირიძემ:

„სასწრაფოდ უნდა დაიწყოს პრივატიზაცია, რომელიც დავივიწყეთ საერთოდ და ორი წელიწადია არ გვსმენია... და როგორც ამბობენ, დაახლოებით 300–350 მილიონის მოზიდვა შეიძლება ძალიან სწრაფად იმ ობიექტებით, რომლებიც მოაზრებულია საპრივატიზაციოდ“.

პრივატიზების თემა ფიგურირებს ირაკლი ლექვინაძის კომენტარშიც და, ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში საკმაოდ ოპტიმისტურ პროგნოზსაც აყალიბებს:

„პრივატიზების პროცესი, იგივე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ნაწილი იქნება ის საკითხები, რომლებიც უნდა აისახოს ბაზარზე... და ვფიქრობ, რომ კურსი იქნება ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე დღეს დაფიქსირებული ოფიციალური კურსი“.

უახლოეს თვეებში ლარის ბევრად უფრო გამყარებას არ მოელის ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ბესო ნამჩავაძე, თუმცა, როგორც მან უთხრთა რადიო თავისუფლებას, პრივატიზებიდან შემოსული თანხა დიდი დახმარება იქნება ლარისთვის, ვიდრე ტურისტული სეზონი მოვიდოდეს:

„აი, მანამდე, მინიმუმ 3 თვეში, გვჭირდება, რომ ამ შენობების ნახევარი მაინც გაიყიდოს და დაახლოებით 200 მილიონი დოლარი რომ შემოვიდეს... ეს უკვე კარგი იქნებოდა, რომ დაახლოებით 2 ლარიდან 2 ლარ და 10 თეთრამდე შუალედში იმოძრაოს ლარის კურსმა (დოლართან მიმართებით)“.

მსხვილი ობიექტების გაყიდვის პროცესის დაწყებას, ბევრი სხვა ექსპერტის მსგავსად, ბესო ნამჩავაძეც დაგვიანებულად მიიჩნევს და თვლის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სრულიად გაუმართლებლად მისდევდა ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში შენარჩუნების პრაქტიკას და არაერთი ობიექტი, პირიქით, სახელმწიფომ გამოისყიდა კიდეც კერძო მფლობელებისგან. თუმცა, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, სახელმწიფო ამ ობიექტებს მანამდე იმიტომ არ ასხვისებდა, რომ უკეთეს დროსა და უკეთეს შემოთავაზებებს ელოდებოდა.

XS
SM
MD
LG