Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯარიაშენში რუსი მესაზღვრეები ფერმერებს მიწის დამუშავებას უკრძალავენ


არცევში აშენებული რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც ქართულ სოფელ ჯარიაშენს გაადმოჰყურებს
არცევში აშენებული რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც ქართულ სოფელ ჯარიაშენს გაადმოჰყურებს
გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობას რუსი მესაზღვრეები მიწის ნაკვეთების დამუშავების საშუალებას არ აძლევენ. ეს სოფელი ოსურ სოფელ ზემო არცევს ესაზღვრება. რუსმა მესაზღვრეებმა საკუთარ ნაკვეთებში გასულ ჯარიაშნელებს ტრაქტორის წართმევა დაუპირეს და ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვება მოსთხოვეს. შეშინებულმა მოსახლეობამ დახმარებისთვის პოლიციას და ხელისუფლებას მიმართა. ადგილობრივების განცხადებით, რუსებმა ახალი საზღვარი გაავლეს და დაახლოებით 30 ჰექტარი მიწა მიიტაცეს. ჯარიაშენის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი ნიკოლოზ პეტრიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ეს მიწა მათი საკუთრებაა, მესაზღვრეები კი პრობლემას ხშირად ქმნიან.

ჯარიაშენში მოსახლეობასთან სამართალდამცავები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ. რუსების მიერ ახალი ეგრეთ წოდებული საზღვრის მონიშვნა და ადგილობრივი გლეხებისთვის მიწის უსაფრთხოდ დამუშავების გარანტიები ერგნეთის მომავალი შეხვედრის მთავარი თემა იქნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი ამ საკითხებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრაზე დასვამს. წინა შეხვედრებზე ოსურ მხარესთან ფერმერებისთვის მიწის უსაფრთხოდ დამუშავების საკითხზე შეთანხმდნენ, მაგრამ პირობა დღემდე არ სრულდება.

შესაძლოა ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ახალგორშიც შეექმნას. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ადგილობრივ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ახალგორთან საზღვრის ჩაკეტვას გეგმავს. ინფორმაციის მიხედვით, საზღვრის ჩაკეტვის შემთხვევაში ახალგორელები ცხინვალში ერგნეთის გავლით შევლენ. ასევე ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, რომელიც გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების გამარტივებას ეხება. რადიო თავისუფლების ახალგორელი წყაროს ცნობით, დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი ჯემალ ჯიკაევი აფხაზეთში იმყოფებოდა და გალის რაიონში მიმოსვლის საკითხი შეისწავლა. წყაროს ცნობით, ჯიკაევი ამ მოდელის გადმოღებას ახალგორისთვისაც გეგმავდა და დაბაში იქ მცხოვრებთა ნათესავებისა და სტუმრების შეშვების ინიციატივით გამოდიოდა, თუმცა წინააღმდეგობას ცხინვალიდან წააწყდა და ურთიერთობა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთანაც გაუმწვავდა, რაც შესაძლოა მისი გათავისუფლებით დასრულდეს.

ახალგორის მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ დაბის მიმართულებით გადაადგილება ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს. საზღვრის ჩაკეტვის ან გადაადგილების გამარტივების შესახებ გავრცელებული ხმები მის ყურამდეც მისულა, თუმცა კონკრეტულად რა შეიძლება მოხდეს, ამის თქმა უჭირს.

ბოლო 10 დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა მოლაპარაკების შედეგად, საქართველოს 6 მოქალაქე გაათავისუფლეს, რომლებიც ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით იყვნენ დაკავებულები. შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსის გიორგი დვალიშვილის განცხადებით, მოლაპარაკება სხვა დაკავებულთა გათავისუფლების თაობაზეც გრძელდება.

ოსური მხარე საქართველოს ციხეებში დაკავებული ოსი ეროვნების პირთა გათავისუფლებას ითხოვს. ჯარიაშენის ინციდენტის, ფერმერთა უსაფრთხოების, დაკავებულთა გათავისუფლების საკითხებზე მხარეთა წარმომადგენლები ერგნეთში 16 აპრილს იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG