Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსტი თვითმმართველობის პოლიტიკური პრობლემები


ნინო ხითარიშვილი (მარცხნივ) და ნინო ლომჯარია
ნინო ხითარიშვილი (მარცხნივ) და ნინო ლომჯარია
55 გამგებელი და 31 საკრებულოს თავმჯდომარე შეიცვალა, საქართველოს მასშტაბით, 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ - ასეთ დასკვნას აქვეყნებს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“. მიმდინარე წლის 3 აგვისტომდე ჩატარებული კვლევის მიხედვით, მუნიციპალიტეტებიდან გათავისუფლებულ პირთა უმრავლესობამ სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება თავად დაწერა, რაც მკვლევართ პოლიტიკური ზეწოლის შტაბეჭდილებას უქმნის. საშტატო ერთეულთა შეცვლის თაობაზე დავობდნენ თბილისის საკრებულოშიც.

თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომას, სადაც ახალი საშტატო განრიგი განიხილება, საკრებულოს უმცირესობა არ დაესწრო იმ მიზეზით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებას, გაათავისუფლოს მუნიციპალიტეტების აპარატის თანამშრომლები, პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, საკრებულოს წევრის თემურ გრიგალაშვილის სიტყვებით, კოალიცია „ქართული ოცნება“ 35 თანამშრომლის გათავისუფლებას და მათ ნაცვლად კოალიციის მიერ შერჩეული თანამშრომლების დანიშვას გეგმავს:

„ეს არის სკამებისთვის ბრძოლის მეორე ტალღა. პირველ ეტაპზე მათ მოახერხეს თანამდებობების დაკავება, ახლა დაიწყო მეორე ტალღა, ანუ აპარატის დონეზე საკუთარი ახლობლების დასაქმების გეგმა და ეს ჟინი იმდენად დიდია, რომ უწყებათაშორისი კომისიის არანაირ რეკომენდაციას ისინი არ ითვალისწინებენ და ეს ყველაფერი ხდება პარტიული ნიშნის მიხედვით, რაც ყოვლად დაუშვებელია. მე მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ასე უკანონოდ იქნება გათავისუფლებული, მიმართოს სასამართლოს და ჩვენ თითოეულ მათგანს გვერდში დავუდგებით, მივყვებით სასამართლოში და ვიბრძოლებთ მათი უფლებების დაცვისთვის“.

რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებას უწოდებს, საკრებულოს უმრავლესობა საშტატო რეორგანიზაციას არქმევს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ჯაბა სამუშიას განმარტებით, მუნიციპალიტეტებში გაბერილი შტატები იყო, ახლა კი რეორგანიზაცია განხორციელდება, რის შედეგადაც 13 საშტატო ერთეული უქმდება დასახელებული 35-ის ნაცვლად:

„ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ მოხდეს ოპტიმიზაცია და ასეთი გაბერილი შტატები და ასეთი მკვდარი სულები აღარ იყვნენ თბილისის საკრებულოში და აღარ იღებდნენ ხელფასს, რომელიც, სულ მცირე, ორჯერ აღემატება პედაგოგის ანაზღაურებას და არ იყვნენ ადამიანები, რომლებიც არანაირად არ არიან დაკავშირებული თბილისის საკრებულოსთან. და მინდა ვუპასუხო ჩემს კოლეგებს „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომ თავი დაანებონ ჭორების გავრცელებას“.

თბილისის საკრებულოში მიმდინარე პროცესს დედაქალაქის მერიც გამოეხმაურა. გიგი უგულავამ საკრებულოს უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებაც შეახსენა, რომლის მიხედვითაც კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებამდე სახელმწიფო უწყებებში საკადრო ცვლილებებისგან თავშეკავების რეკომენდაცია გასცა:

„5 ათასზე მეტი ადამიანია გათავისუფლებული 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თვითმმართველობებიდან და, სამწუხაროდ, ეს პროცესი გრძელდება. მიუხედავ იმისა, რომ წულუკიანის კომისიამ მოუწოდა არჩევნებამდე არანაირი რეორგანიზაცია და შემცირებები არ განხორციელდეს, პროცესი გრძელდება და დღეს განიხილება საკითხი, როგორ უნდა გამოყარონ საკრებულოს თანამშრომლები და მთავრობამ უკვე ოფიციალურად გადადო კონკურსებით თანამშრომლების აყვანის ვალდებულება და, შესაბამისად, ამან მწვანე შუქი აუნთო ნეპოტიზმს“.

ადგილობრივ თვითმმართველობებში საკადრო ცვლილებებს მიეძღვნა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ ჩტარებული გამოკვლევის პრეზენტაციაც. გამოკვლევაში ვკითხულობთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 3 აგვისტომდე, ქვეყნის მასშტაბით, 55 გამგებელი შეიცვალა და შესარჩევი კონკურსი მხოლოდ 19 მუნიციპალიტეტში ჩატარდა. საკრებულოს თავმჯდომარე შეიცვალა 31 მუნიციპალიტეტში. ასევე „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას სიტყვებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებული 2321 თანამშრომელი გათავისუფლდა. ამასთან, როგორც ნინო ლომჯარია აღნიშნავს, ნათლად ჩანს, რომ ცვლილებებს პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა. თავდაპირველად კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა იძულებით ჩაანაცვლეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში, შემდეგ უკვე თავად კოალიციის შიგნით არსებულ პარტიებს შორის მოხდა საკადრო გადანაწილება მუნიციპალიტეტებში:

„თუ თავიდან სასწრაფოდ იკავებდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვაკანტურ ადგილებს, მეორე ტალღაზე დაიწყო უკვე კოალიციის შიგნით არსებული პარტიების კანდიდატებს შორის ბრძოლა და იყო შემთხვევები, როცა დეპუტატის მიერ წარდგენილ კანდიდატსა და ადგილზე არსებული პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატს შორის იყო კონკურენცია, ანუ, ვთქვათ, დეპუტატი არ ემხრობოდა გამგებლის წარდგენილ კანიდატს და ესეც იწვევდა გარკვეულ პრობლემებს, თუმცა, საერთო ჯამში, პოლიტიკური ზეწოლა იყო“.

ნინო ლომჯარიას სიტყვებით, 40 მუნიციპალიტეტში გაიმართა აქციები საკრებულოს თავმჯდომარეების გადადგომის მოთხოვნით და მათგან 27 მუნიციპალიტეტში აქციებმა უკანონო ფორმა მიიღო და გადაიზარდა ძალადობაში. ბოლო ხანებში საპროტესტო აქციები შეწყდა და საკრებულოს თავმჯდომარეების გადაყენება ხდებოდა პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირების ფონზე. მთლიანობაში, ნინო ლომჯარიას შეფასებით, არსებულმა პროცესებმა ცხადყო, თუ რამდენად სუსტია ადგილობრივი თვითმმართველობა და დაგვანახვა რეფორმის საჭიროება. ამასთან, ნინო ლომჯარიას სიტყვებით, აუცილებელია საპრეზიდენტო არჩევნების წინა ხანებში ადგილობრივ დონეზე ცვლილებები პოლიტიკური შინაარსისგან გათავისუფლდეს, ვინაიდან ამას უთუოდ გავლენა ექნება საპრეზიდენტო არჩევნებზე.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG