Accessibility links

logo-print

„იუნისეფი“ საბავშვო ბაღებში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ვითარების შეფასებას იძლევა


„იუნისეფის“ კვლევის შედეგების პრეზენტაცია

„იუნისეფის“ კვლევის შედეგების პრეზენტაცია

საქართველოს ბაგა-ბაღებში გაეროს ბავშვთა ფონდის („იუნისეფის“) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბავშვთა ჰიგიენური ქცევა დამაკმაყოფილებელი, ინფრასტრუქტურა კი მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებელია. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიზანი იყო საბავშვო ბაღებში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასება. მონიტორინგი 554 როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღს ჩაუტარდა, კვლევის შედეგების პრეზენტაცია კი 25 აპრილს საქართველოს პარლამენტში გაიმართა.

სუფთა წყლის ხელმისაწვდომობა, მოწესრიგებული სანიტარული კვანძი, სწორი ჰიგიენური ქცევა - ეს ის კომპონენტებია, რომლებიც სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარებას უზრუნველყოფს. გაეროს ბავშვთა ფონდი დაინტერესდა რამდენად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს საქართველოს საბავშვო ბაღებში ამ მხრივ არსებული ვითარება, რა გაუმჯობესდა დღემდე და რა რჩება გადაუჭრელ პრობლემად. მონიტორინგი დედაქალაქსა და რეგიონებში 554 ბაღს ჩაუტარდა და ის მოიცავდა როგორც ინტერვიუებსა დ ფოკუსჯგუფებში მუშაობას, ისე უშუალო დაკვირვებას წყლისა და სანიტარიის ინფრასტრუქტურასა და ბავშვების ჰიგიენურ ქცევაზე.

კვლევის მიხედვით, საბავშვო ბაღების სანიტარული წერტილების 88%-ში მდგომარეობა გაუმჯობესებულია, 12 %-ში კი - გასაუმჯობესებელი. თუმცა, თუ „იუნისეფის“ წინასწარი ანგარიშის ფოტოებს ჩავხედავთ, რომელზეც ბავშვებისათვის განკუთვნილი შედარებით მოწესრიგებული და ნაკლებად მოვლილი ტუალეტებია ასახული, მათ შორის მინიმალურ განსხვავებას დავინახავთ და კითხვაც გაგვიჩნდება: რა იგულისხმება გაუმჯობესებაში, როცა იქ პირობები აშკარად არადამაკმაყოფილებელია? ჯანდაცვის პროგრამების სპეციალისტი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი თამარ უგულავაც სწორედ ამას გულისხმობს, როდესაც ამბობს:

”ახლა უკვე საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად მისაღებია განვითარებული საქართველოსთვის საბავშვო ბაღებში ამ ტიპის ტუალეტების არსებობა, რომლებშიც ზოგან ფეხის დასადგმელი ადგილიც კი არ არის.”
გამოვავლინეთ რეგიონები, რომლებიც ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია - მაგალითად, რაჭა-ლეჩხუმი, ტუალეტების შენობის გარეთ განთავსების თვალსაზრისით, ან კახეთი, უწყლობის კუთხით...

საქართველოს საბავშვო ბაღების კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ სველი წერტილები, განსაკუთრებით რეგიონებში, შენობისგან 15 მეტრითაა დაშორებული, იქამდე მისვლა კი პატარებისათვის, განსაკუთრებით ზამთარში, ძალიან რთულია:

”ტუალეტების 35% შენობის გარეთაა მოთავსებული და მათ შორის 57% 15 მეტრითაა საბავშვო ბაღს მოშორებული და თქვენ წარმოიდგინეთ, ზამთარში ეს ასაკობრივი ჯგუფი უნდა გამოვიდეს შენობიდან და ცალკე არსებულ სანიტარულ კვანძში მივიდეს და ისარგებლოს. თან, საქმე ისაა, რომ იქვე მიბმული არ არის ხელსაბანი და ალბათობა იმისა, რომ ამ დიდი დისტანციის გამო ბავშვი ხელს არ დაიბანს, რა თქმა უნდა, არსებობს.”

პრობლემაა პირსაბანების რაოდენობაც. ის სველი წერტილიდან მოშორებით დგას, თან ისეთ სიმაღლეზე, რომელსაც ბავშვი ვერ სწვდება და სველდება. ეს ხშირად გამხდარა მშობლების უკმაყოფილების მიზეზი. თამარ უგულავა იმასაც უსვამს ხაზს, რომ სხვაობა განსაკუთრებით შესამჩნევია ქალაქისა და სოფლის საბავშვო ბაღებს შორის - შეიძლება ითქვას, დისკრიმინაციულიც კი:

”გამოვავლინეთ რეგიონები, რომლებიც ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია - მაგალითად, რაჭა-ლეჩხუმი, ტუალეტების შენობის გარეთ განთავსების თვალსაზრისით, ან კახეთი, უწყლობის კუთხით.”

„იუნისეფის“ კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ბავშვების თითქმის 100% ხელებს საპნით იბანს ჭამის წინ და ტუალეტის შემდეგ. თუმცა ამ ნაწილს თამარ უგულავა კვლევის სუსტ წერტილად მიიჩნევს, რადგან ეს მხარე დამკვირვებლების ადგილზე ყოფნისას მოწმდებოდა, მათ დასანახად კი ეს პროცედურა არავის დაურღვევია. სოფლის ბაღებში პრობლემაა წყალმომარაგებაც. მაგალითად, სოფელ წყაროსთავის ბაღში წყლის მილი შენობამდე არ მიდის:

”წყალი, რა თქმა უნდა, არ ცხელდება არც ზამთარში.”

თბილისში ბაღებს უკვე ერთი წელია თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი ამოწმებს. ემთხვევა თუ არა მათი შეფასებები „იუნისეფის“ კვლევის დასკვნებს? თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი ირინა რუხაძე ამბობს, რომ დედაქალაქის ბაღებში ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა, თუმცა რჩება საბავშვო ბაღები, რომლებსაც ეს პრობლემა ჯერაც არ მოუგვარებიათ:
რამდენად სუფთაა წყალი და მოწესრიგებული ჰიგიენა - ეს პირდაპირაა მიბმული ბავშვების ჯანმრთელობასთან. თუ ეს ნორმები ირღვევა, ნაწლავურ ინფექციებსა და დიარეულ დაავადებებში ვლინდება და ეს პრობლემა ყველგან არსებობს - მათ შორის, საქართველოშიც - 0-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებში...

”ვგულისხმობ სანიტარულ პირობებს,სარემონტო სამუშაოებს, თუმცა ეს დროის ამბავია, დაგეგმილია და ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელდება.”

რა წილი აქვთ ზემოთ ნახსენებ გარემოს ფაქტორებს ავადობაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ბავშვთა ავადობას ეხება? დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნია გიუაშვილი შენიშნავს, რომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ეს წილი 24%-ია, სიკვდილიანობის შემთხვევაში კი - 23%, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია:

”რამდენად სუფთაა წყალი და მოწესრიგებული ჰიგიენა - ეს პირდაპირაა მიბმული ბავშვების ჯანმრთელობასთან. თუ ეს ნორმები ირღვევა, ნაწლავურ ინფექციებსა და დიარეულ დაავადებებში ვლინდება და ეს პრობლემა ყველგან არსებობს - მათ შორის, საქართველოშიც - 0-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.”

„იუნისეფის“ მიერ ჩატარებული კვლევა საბავშვო ბაღებში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის საკითხების შესახებ შევსებული სახით მალე დაიბეჭდება. მას ის შენიშვნები და მოსაზრებებიც დაემატება, რომლებიც მისმა ავტორებმა 25 აპრილს საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე მოისმინეს.
საბოლოო ანგარიშის მომზადება ამ შეხვედრის შემდეგ დაიგეგმა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG