Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააგენტო Standard & Poor's-ის პროგნოზები საქართველოსთვის


საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's-მა საქართველოს მთავრობის გრძელვადიანი და მოკლევადიანი საკრედიტო რეიტინგი უცხოურ და ადგილობრივ ვალუტაში BB-/B დონეზე, პროგნოზით „სტაბილური", დაადასტურა.
როგორც S&P-ის ანგარიშშია აღნიშნული, რეცესია, რომელიც საქართველოს რეგიონალურ პარტნიორებს შეეხო, ნეგატიურად აისახა ქვეყნის ექსპორტსა და ფულად გადარიცხვებზე, რამაც, თავის მხრივ, შეამცირა საქართველოს ეკონომიკური ზრდა.

„ჩვენი პროგნოზით, 2016 წელს საქართველოს მშპ-ს ზრდის ტემპი იმავე დონეზე შენარჩუნდება, რაც 2015 წელს იყო. ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ გაურკვევლობა, რომელიც საქართველოში მომავალ არჩევნებს უკავშირდება, აისახება შიდა მოხმარებასა და ინვესტიციების შემოდინებაზე“, - აღნიშნავენ Standard & Poor's-ის ანალიტიკოსები.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,7 პროცენტი შეადგინა, რამდენიმე დღის წინ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით კი, 2014 წლის ]მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა, წინა წელთან შედარებით, 4,6 პროცენტით განისაზღვრა.

სააგენტო Standard & Poor's, საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის პროგნოზებთან შედარებით, ეკონომიკის დაბალ - 2.1 %-იან - ზრდას პროგნოზირებს, 2016 წელს - 2 %-იან ზრდას, ხოლო მომდევნო ორი წელი შედარებით მაღალი - 3.5 %-იანი და 4.2 %-იანი - ზრდაა ნავარაუდევი. მომდევნო სამი წლის განმავლობაში, სააგენტოს პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 3 % იქნება, რაც, წინა პროგნოზთან შედარებით, 0,8 პროცენტული პუნქტით გაუარესებული მაჩვენებელია.

სარეიტინგო სააგენტო საქართველოში ინვესტიციების ზრდას პროგნოზირებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ის არ იქნება ისეთი მაღალი, როგორიც 2014 წელს იყო. ანგარიშში წერია, რომ, შარშანდელთან შედარებით, თითქმის განახევრდება ინვესტიციების ზრდის ტემპი, ხოლო 2016 წელს იქნება კიდევ უფრო დაბალი - 2%. 2017-2018 წლებში კი ნავარაუდევია 4 %-იანი ზრდა.

ამასთან, სააგენტო ვარაუდობს, რომ 2015 წლის ბოლოსთვის ექსპორტის წლიური შემცირება იქნება 20 %, 2016 წლიდან კი ტენდენცია იქნება ზრდადი. კერძოდ, 2016 წელს - 4 %, 2017 წელს - 5 %, 2018 წელს კი ექსპორტის 8 %-იანი ზრდაა პროგნოზირებული. რაც შეეხება მთავარ გამოწვევას, უმუშევრობას, სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზით, 2015 წელს უმუშევრობა მცირედით გაიზრდება და იქნება 14.8 %, ასევე მცირედი იქნება კლება 2016-2017 წლებში, 2018 წლისთვის კი ნავარაუდევია უმუშევრობის დონის 14 %-მდე შემცირება.

ანგარიშში ქართული საბანკო სექტორის მდგომარეობაზეც არის საუბარი. ამერიკული სარეიტინგო სააგენტო საბანკო სექტორს კარგად კაპიტალიზებულად და ლიკვიდურად აფასებს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში დოლარიზაციის მაჩვენებელი 60 %-ია, სააგენტო საბანკო სექტორის აქტივების ხარისხის გაუარესებას და დაკრედიტების ზრდის ტემპის შემცირებას ელოდება. დაკრედიტების შემცირება, ბუნებრივია, გავლენას იქონიებს ეკონომიკის ზრდაზეც, რასაც პროგნოზირებენ ქართველი ეკონომისტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG