Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ 44 ბენეფიციარი ჰყავს


სამთავრობო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ 44-ე ბენეფიციარი შეემატა. საქართველოს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ, "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში, შპს „სეზანთან” გააფორმა ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ორი წლის განმავლობაში კომპანიას არ მოუწევს საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული ხარჯის გაღება. ორი წლის მანძილზე სახელმწიფო დაფარავს სესხის პროცენტის თანხას, რაც მიღებული 1,3 მილიონი აშშ დოლარის სესხისთვის წელიწადში 130 ათასი აშშ დოლარი გახლავთ.კომპანია სესხის თანხით შესაფუთი მასალების (კრაფტის ქაღალდის ჩანთების, ქაღალდის ჭიქების, პლასტმასის თავსახურებისა და სწრაფი კვების ინდუსტრიაში გამოსაყენებელი სხვა მასალების) წარმოებას აპირებს. დღემდე ეს პროდუქცია საქართველოში სრული სპექტრით არ იწარმოება და თითქმის მთლიანად იმპორტირებულია.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობისა და ფიზიკური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის კომპონენტით, აღნიშნული კომპანიის გარდა, უკვე სარგებლობს 43 ბენეფიციარი. პროექტების ჯამური მოსალოდნელი ინვესტიცია დაახლოებით 110 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებშია.
დამტკიცებული პროექტები ხორციელდება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, მათ შორის, კახეთში, იმერეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამეგრელოში, აჭარასადა გურიაში.
აჭარის რეგიონში, მაგალითად, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში. ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ქვეშ დამტკიცებულია კონცენტრატის საწარმოს გაფართოება — სამაცივრე/სასაწყობე მეურნეობა, შპს „TCF GEORGIA”. ფინანსური მხარდაჭერა 1, 7 მილიონი აშშ დოლარია, საპროცენტო განაკვეთი - 11 %. სესხი გასცა „ქართუ ბანკმა“. მეწარმეს პირველი ორი წლის განმავლობაში მოუწევს 1%-ის გადახდა, რადგან პროგრამის ფარგლებში მას დაუფინანსდება საპროცენტო განაკვეთის 10%.ჯამური ინვესტიცია 2,4 მილიონი აშშ დოლარია. სახელმწიფოს წილი მხარდაჭერაში წელიწადში სესხის 10 პროცენტს, ანუ 170 ათას აშშ დოლარს, შეადგენს.

ასევე, იმავე აჭარაში, ფიზიკური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის ფარგლებში, დამტკიცებულია სამშენებლო მასალის მწარმოებელისაწარმო- შპს „DAR CAPITAL“. ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა — გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულებაა 325 ათასი ლარი და მოსალოდნელი ინვესტიცია — 1, 3 მილიონი ლარი.

ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, რამდენად რეალურია 111 მილიონიანი ინვესტიციის პერსპექტივა. ეკონომიკის სამინისტროს გათვლებით, ამ პროექტებმა 2 200-ზე მეტი ადამიანის დასაქმება უნდა მოიტანოს.

პროგრამა წელს ივნისში დაიწყო და 2014 წლის ნოემბრამდე სამ ძირითად მიმართულებას მოიცავდა. მეწარმეობის განვითარების სააგენტო ბენეფიციარი ფირმის კომერციული საპროცენტო განაკვეთის 10%-ით თანადაფინანსებას უზრუნველყოფს. სააგენტო ბენეფიციარ ფირმებს ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერასაც სთავაზობს - ბენეფიციარს შეუძლია სიმბოლურ თანხად საკუთრებაში მიიღოს მიწის ნაკვეთი იმ ვალდებულებით, რომ ის საწარმოს ააშენებს. ნოემბრიდან პროგრამას ახალი მიმართულება - სალიზინგო პროექტების დაფინანსება - დაემატა. სახელმწიფო მეწარმეებთან თანამონაწილეობით ლიზინგის საფასურს დაფარავს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო მაქსიმუმ ორწლიან პროექტებს დააფინანსებს. მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტო პროგრამის ფარგლებში გაცემულ სალიზინგო პროექტებზე 15%-იან ლიმიტს აწესებს, საიდანაც სახელმწიფო 12%-ს დაფარავს. სალიზინგო პროექტის საწყისი ღირებულება 50,000-დან იწყება და 2 მილიონ აშშ დოლარამდე იქნება.

პროექტის შედეგებზე უფრო დეტალურად საუბრის საშუალება, სავარაუდოდ, პროექტის დაწყებიდან მინიმუმ ერთ წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა ინვესტიციებმა რეალური გამოხატულება უნდა ნახოს რეალური ქარხნების მშენებლობასა თუ რეალურ დასაქმებაში. ზემოთ მოყვანილი ციფრები მოწმობს, რომ თითოეულ პროექტზე წელიწადში სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯი არცთუ მცირეა და, შესაბამისად, მისი ეფექტურობა შეფასებას და აქტიურ საზოგადოებრივ ყურადღებას საჭიროებს.

XS
SM
MD
LG