Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაინტერესდება თუ არა პროკურატურა თარგამაძე-ბაზიაშვილის საქმით


მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავარ პროკურატურას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გამოიძიოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი თარგამაძესა და საპატრულო პოლიციის უკვე ყოფილ თანამშრომელ რუსლან ბაზიაშვილს შორის ფარული თანამშრომლობის ფაქტი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაზიაშვილმა სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში არასამსახურებრივი მიზნებისათვის მოიძია ინფორმაცია რამაზ დევაძის შესახებ და გივი თარგამაძეს გაუგზავნა. თარგამაძე და მისი თანაგუნდელები ამ ფაქტს გივი თარგამაძის ნდობის ჯგუფის წევრობით ხსნიან და შესაბამის ორგანოებს გამოვლენილი დანაშაულის გამოძიებას ურჩევენ. საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რისთვის იყენებდა უმცირესობის წევრი პოლიციელისგან მიღებულ ინფორმაციას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არ ყოფილა პარლამენტარ გიორგი (გივი) თარგამაძესა და საპატრულო პოლიციის თანამშრომელ რუსლან ბაზიაშვილს შორის თანამშრომლობის პირველი შემთხვევა - თარგამაძისათვის ბაზიაშვილს ინფორმაცია ადრეც მიუწოდებია. პოლიციის თანამშრომელი სამსახურიდან დათხოვნილია, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, თავი შეიკავონ მსგავსი მეთოდებით პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობისაგან. მომხდარს პრემიერი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა და საქართველოს მთავარ პროკურატურას საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებისაკენ მოუწოდა:

„მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურატურას - დაუყოვნებლივ დაიწყოს აღნიშნული საკითხის შესწავლა და თუ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, დროულად მოახდინოს რეაგირება კანონის შესაბამისად. ეს არის ყოვლად დაუშვებელი ფაქტი. არავინ დგას კანონზე მაღლა, ვინც არ უნდა იყოს – პარლამენტის, მთავრობის წევრი თუ სხვა თანამდებობის პირი. ასე რომ, იქნება ეს პარლამენტის წევრი თარგამაძე? რა თქმა უნდა, მან კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი, ვინაიდან მისი ქმედება შეურაცხმყოფელია პოლიციელებისთვის, მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის".

არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბარში ასევე განაცხადა, რომ სულ გამოვლენილია უწყებაში დაცული ინფორმაციის არაკანონიერად გაცემის 9 ფაქტი. თარგამაძე-ბაზიაშვილის შემთხვევაში კი, თალაკვაძის განმარტებით, პოლიციელი თანამშრომლობდა გიორგი თარგამაძესთან არა როგორც ნდობის ჯგუფის წევრთან, არამედ პიროვნულად მასთან, ეს უკანასკნელი კი მიღებულ ინფორმაციას „პარტიული ინტერესებისთვის იყენებდა".

თავად გიორგი თარგამაძემ ბაზიაშვილისაგან ინფორმაციის მიღების ფაქტი სწორედ ნდობის ჯგუფის წევრობით ახსნა და განაცხადა, რომ ბაზიაშვილმა მას ეს ინფორმაცია როგორც პარლამენტისა და ნდობის ჯგუფის წევრს გადასცა, ხოლო რადგან ნდობის ჯგუფი პარლამენტში არ მოქმედებს, მან ეს ინფორმაცია საჯარო გახადა.

არჩილ თალაკვაძე ამის პასუხად აცხადებს, რომ არსებობს სხვა, კანონით დადგენილი პროცედურა, რომლითაც ნდობის ჯგუფმა შსს-დანინფორმაცია უნდაგამოითხოვოს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი კი განმარტავს, რომ ნდობის ჯგუფის წევრს დამოუკიდებლად მოქმედების უფლება არა აქვს:

საქართველოს პარლამენტის წევრს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს. დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი მასალის დაყადაღება. შსს-მ ჯობს უპასუხოს შეკითხვას...
მიხეილ მაჭავარიანი

„ნდობის ჯგუფის შესახებ კანონის მე-6 მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ ნდობის ჯგუფი არის კოლეგიალური ორგანო, მას ნებისმიერი სახის ინფორმაციის გამოთხოვის უფლება აქვს მხოლოდ ნდობის ჯგუფის გადაწყვეტილების შემთხევვაში და თავმჯდომარის მიერ წერილობითი განცხადების გაგზავნის შემდეგ, რაც ამ შემთხვევაში ნამდვილად არ მომხდარა და, მეტიც, ის ინფორმაცია, რასაც გივი თარგამაძე ითხოვდა, სავარაუდოდ, საერთოდ სცილდება ნდობის ჯგუფის კომპეტენციას“.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება კანონდამრღვევის დასჯის მაგივრად იმ ადამიანებს სთხოვს პასუხს, ვინც დანაშაულს გამოავლენს. უმცირესობის წევრის, სერგო რატიანის, განცხადებით, გივი თარგამაძე სწორედ ის ადამიანია, ვისაც პარლამენტარის მანდატი და ნდობის ჯგუფის წვერობა აძლევს უფლებას მიიღოს ინფორმაცია, თუ როგორ ირღვევა კანონი. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ მაჭავარიანმა კი, საქართველოს ხელისუფლებას კონსტიტუციის 52-ე მუხლი შეახსენა და პასუხი შს სამინისტროსგანაც მოითხოვა:

„ამ მუხლში შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც პარლამენტის წევრს. დაუშვებელია ამ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი მასალის დაყადაღება. შსს-მ ჯობს უპასუხოს შეკითხვას, დანაშაული მოხდა და მართლაც გავიდა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი საზღვარზე თუ დანაშაული არ მომხდარა“.

ჩვენი შეფასებით, უფრო მნიშვნელოვანია საქმე აღიძრას იმ ფაქტზე, რაც გავრცელებულ კადრებში ვიხილეთ, და გაეცეს პასუხი კითხვას, მართლაც დაარღვიეს თუ არა კანონი ფირზე აღბეჭდილმა ადამიანებმა...
ანა ნაცვლიშვილი

მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოს იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა. მან განაცხადა, რომ პოლიციელმა იმუნიტეტით დაცულ პარლამენტარს მიაწოდა ისეთი ინფორმაცია, რომლითაც დაიცვა საჯარო ინტერესები. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, კადრებში, რომელიც თარგამაძემ გაავრცელა, ჩანს მნიშვნელოვანი კანონდარღვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიონ შესაბამისმა უწყებებმა:

„ჩვენი შეფასებით, უფრო მნიშვნელოვანია საქმე აღიძრას იმ ფაქტზე, რაც გავრცელებულ კადრებში ვიხილეთ და გაეცეს პასუხი კითხვას, მართლაც დაარღვიეს თუ არა კანონი ფირზე აღბეჭდილმა ადამიანებმა. რაც შეეხება პოლიციელს, ვფიქრობთ, რომ ის არის ადამიანი, რომელმაც სისტემა შიგნიდან ამხილა იმ მანკიერების შესახებ, რაც მან დაინახა, ჩვენი კანონმდებლობა კი - კერძოდ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი - ასეთ ადამიანებს იცავს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს ადამიანიც და მისი ქმედებაც დაცული უნდა იყოს“.

20 მარტს ცნობილი გახდა, რომ მთავარ პროკურატურაში შსს-ს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, რომელსაც საფუძვლად დაედო 2015 წლის 20 მარტს პროკურატურაში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან მიღებული სამსახურებრივი შემოწმების მასალები.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG