Accessibility links

პროკურატურა მარგველაშვილსა და პაპუაშვილს გამოძიების დაწყებით უპასუხებს


საქართველოს პროკურატურის შენობა

საქართველოს პროკურატურის შენობა

საქართველოს პროკურატურამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის, განცხადებაში მითითებულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო - პრეზიდენტი პოლიციის მხრიდან მისი ოჯახის წევრზე, მინდია გოგოჭურზე, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებზე ლაპარაკობდა. გიორგი პაპუაშვილი პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პრემიერთან შეხვედრას ელის და აცხადებს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ შეხვდება მთავარ პროკურორს. პროკურატურა კი იუწყება, რომ, გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების გადამოწმების მიზნით. გამოძიებამ უნდა დაადგინოს ასევე, გადაამეტა თუ არა პოლიციამ უფლებამოსილებას პრეზიდენტის ოჯახის წევრის მიმართ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უკვე გამოითხოვა სისხლის სამართლის საქმის მასალები პრეზიდენტის ოჯახის წევრის, მინდია გოგოჭურის მიმართ სამართალდამცველთა მხრიდან ზეწოლის თაობაზე. გამოძიება დაწყებულია პოლიციელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებით, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის I ნაწილით.

„პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება იმის დასადგენად, შს სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან ხომ არ ჰქონდა მოქალაქე მინდია გოგოჭურის მიმართ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს ადგილი“, - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

მე მოთმინებით ველოდები პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას სწორედ იმ მუქარების შესახებ, რომელსაც თვეების განმავლობაში ვისმენდით სხვადასხვა ფორმით, ხან ვიდეოგრაფიკების სახით და ხან სხვა ფორმით და, ასევე, იმ ვიდეომასალის შესახებაც, რომელიც გავრცელდა...

პროკურატურა იუწყება, რომ გამოძიება დაიწყო, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით, სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევის, ასევე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის II ნაწილითა და 1571 მუხლის I ნაწილით. გავიხსენოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ ასევე საჯაროდ ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ განხორციელებულ მიზანმიმართულ ზეწოლაზე. მაშინ პაპუაშვილმა განაცხადა, რომ დეტალების შესახებ პრეზიდენტსა და პრემიერთან შეხვედრაზე ილაპარაკებდა, მანამდე კი პროკურატურასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

საქართველოს მთავრობაში მიიჩნევენ, რომ რადგან პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო, პაპუაშვილმა საგამოძიებო ორგანოებთან უნდა ითანამშრომლოს.

„როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ძალიან მაღალი თანამდებობის პირი, მართლაც გარანტი სასამართლოში კონსტიტუციის მოქმედებისა, ამბობს, რომ ზეწოლა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე, პირველ რიგში, მან უნდა მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებს. გამოძიებას აქვს თავისი წესები და მან უნდა მისცეს ჩვენება“, - განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა კი თქვა, რომ ის ელის, თუ როგორ დასრულდება გამოძიება მუქარებისა თუ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების თაობაზე, რადგან, მისი სიტყვებით, ისიც იყო მსგავსი დანაშაულის მსხვერპლი და ამ საქმეების გამოძიება პრინციპულად მნიშვნელოვანია:

„მე მოთმინებით ველოდები პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას სწორედ იმ მუქარების შესახებ, რომელსაც თვეების განმავლობაში ვისმენდით სხვადასხვა ფორმით, ხან ვიდეოგრაფიკების სახით და ხან სხვა ფორმით და, ასევე, იმ ვიდეომასალის შესახებაც, რომელიც გავრცელდა. ჩემი აზრით, დღესაც რომ ამაზე ვლაპარაკობთ, არის შედეგი იმისა, რომ ეს პროცესი არ არის დასრულებული“.

ჩვენ მოვისმინეთ საკმაოდ სერიოზული ბრალდებები და როდესაც სახელმწიფოს პირველი პირი ასეთ ბრალდებებზე ლაპარაკობს, აუცილებელია დაუყოვნებლივ გამოიძიოს ეს საქმე პროკურატურამ...

საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ, მიუხედავად პაპუაშვილის უარისა, ეთანამშრომლა პროკურატურასთან და მიეწოდებინა მის ხელთ არსებული ინფორმაცია, მისასალმებელი ფაქტია, რომ პროკურატურამ მაინც დაიწყო გამოძიება. ასე ფიქრობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ყველა კითხვას უპასუხებს:

„პროკურატურა მოიპოვებს ყველა მტკიცებულებას, თუკი რამე არსებობს ამ საქმეებზე, და ყველა კითხვას გასცემს პასუხს, თუმცა ამისათვის საჭიროა, რომ ყველა პირმა, ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს, საგამოძიებო ორგანოებთან ითანამშრომლოს“.

პოლიტიკურად ანგაჟირებულად მიაჩნია პრეზიდენტის განცხადება და მის მართებულობაში ეჭვი შეაქვს უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვოლსკის, რომლისთვისაც გაუგებარია, რატომ დუმდა პრეზიდენტი მომხდარის შესახებ მთელი თვე, თუ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლა სწორედ ერთი თვის წინ მოხდა.

უმცირესობაში კი, პირიქით, ფიქრობენ, რომ პროკურატურის გადაწყვეტილებამ დაეწყო გამოძიება მომხდარზე, გაამყარა პრეზიდენტის განცხადება. ასე ფიქრობს, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგო რატიანი. დამნაშავის დასჯას მოითხოვენ „თავისუფალი დემოკრატებიც“. პარტიის ერთ-ერთი წევრის, ალექსი პეტრიაშვილის, განცხადებით, პროკურატურამ ამ საქმეების გამოძიებით ერთხელ და სამუდამოდ უნდა გააჩინოს იმის განცდა, რომ დამნაშავე ისჯება:

„ვითხოვთ იმას, რომ გაჩნდეს იმის განცდა ამ ქვეყანაში, რომ ასეთი საქციელი ისჯება. და ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, რომელი თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს გარეული ამაში, მას პასუხი უნდა მოეთხოვოს“.

გიორგი პაპუაშვილი

გიორგი პაპუაშვილი

თავად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ელის, რომ პრემიერს შეხვდება და მხოლოდ ამის შემდეგ არის თანახმა მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე:

„იმედი მაქვს, პრემიერს შევხვდები და მოვიფიქრებთ იმ სქემას, თუ როგორ უნდა აღუდგეს დაკარგული ნდობა პროკურატურას, რადგან მას საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული არც ერთი საქმე არ გამოუძიებია, არც ერთ წერილზე პასუხი არ გაუციათ“.

ქვეყნის ორი მაღალჩინოსნის ბრალდებებს ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც. მან 26 ივლისს განაცხადა, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში:

„ჩვენ მოვისმინეთ საკმაოდ სერიოზული ბრალდებები და როდესაც სახელმწიფოს პირველი პირი ასეთ ბრალდებებზე ლაპარაკობს, აუცილებელია დაუყოვნებლივ გამოიძიოს ეს საქმე პროკურატურამ“.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ კი განაცხადა, რომ სასამართლომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი საქმეები პოლიტიკური ზეწოლისა და კონტროლის გარეშე უნდა განიხილოს. მისი სიტყვებით, ის ბრალდებები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ისმის პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან, წუხილის საფუძველს იძლევა. არასამთავრობო სექტორი კი საჭიროდ მიიჩნევს, ამ საქმეებზე შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებს გამოიძიებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG