Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავრობა პროკურატურის რეფორმირებას იწყებს - ამის შესახებ ცნობილი გახდა მთავრობის სხდომაზე, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმის მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა. სამუშაო პროცესში მონაწილეობის რეკომენდაცია მიიღეს ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა. ამ ეტაპზე უცნობია, რეფორმირების რა მოდელს მიანიჭებს უპირატესობას მთავრობა, თუმცა ცნობილია, რა იქნება მთავარი პრინციპი. წინასწარი განცხადებების თანახმად, რეფორმამ პროკურატურის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა უნდა უზრუნველყოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, რეფორმირების შედეგად უნდა ჩამოყალიბდეს ინსტიტუციურად დაბალანსებული მოდელი, რომლის ფარგლებშიც პროკურორთა ნეიტრალიტეტი კანონით იქნება დაცული:

„რომელი მოდელისკენ წავალთ, ეს უნდა გვაჩვენოს მუშაობის პროცესმა. გამოიკვეთება სხვადასხვა აზრი. საუბარია იმაზე, რომ პროკურორი კიდევ უფრო დამოუკიდებელი გახდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ანგარიშვალდებულების საკითხი იყოს მკაფიოდ განსაზღვრული“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მთავრობის ამოცანაა პროკურატურის ორგანოები ჩამოყალიბდეს დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიან მექანიზმად, გაძლიერდეს, მაგრამ, ამავე დროს, ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობის განმტკიცებას საქართველოში.

მოქმედი კანონით, პროკურატურის ორგანოები იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შედიან და მათ საერთო ხელმძღვანელობას იუსტიციის მინისტრი ახორციელებს. ამ მიმართულებით პრაქტიკაში არსებულ სირთულეებზე, როგორც სისტემის სისუსტეზე, ამ ცოტა ხნის წინ საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან ყურადღება გაამახვილა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა:

“ჩვენ ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის დროს, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეს რომ ეხებოდა, მე მგონი, ერთად აღმოვაჩინეთ ძალიან ბევრმა, ვინც აქ ვსხედვართ, რომ იუსტიციის მინისტრი, რომელსაც ვითომდა ფორმალურად ეს უწყება რაღაცნაირად, ორგანიზაციულად თუ ფორმალურად, ექვემდებარება თუ იმ სისტემაშია, იუსტიციის მინისტრი აღმოჩნდა ყველაზე ნაკლებ და ყველაზე გვიან ინფორმირებული ყველაფერზე, საერთოდ. მოდი ვაღიაროთ, რომ ჩვენ რაღაცები შეგვეშალა ამ თვალსაზრისით. იმ ადეიშვილით შეშინებულები, რომ იუსტიციის მინისტრი არასწორად მართავდა პროკურატურას და იმან დააქცია პროკურატურა, პრაქტიკულად გავწყვიტეთ ხაზი მინისტრსა და პროკურატურას შორის“.

დავით უსუფაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მმართველ კოალიციას და მთავრობას წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებები შეახსენა და ძალოვანი სტრუქტურების ინსტიტუციური ცვლილებების აუცილებლობა დღის წესრიგში დააყენა. ქრონოლოგიურად, ამ შეხსენებას 10 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების, ანუ უშიშროებისა და საპოლიციო სისტემების გაყოფის შესახებ დისკუსიის დაწყება მოჰყვა, შემდგომ ნაბიჯად კი 18 დეკემბერს უკვე პროკურატურის რეფორმირების დაწყების შესახებ განაცხადი იქცა. ამ განაცხადს ბევრი მიესალმა. მათ შორისაა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი:

“ჩვენ იმიტომ ვარსებობთ, რომ ის გამოწვევები, რაც არის, დავძლიოთ. ასე რომ, სამართლიანი და თავისუფალი ქვეყნის აშენება, მეგობრებო, ეს არ არის თითების გატკაცუნება. სამართლიანი და თავისუფალი ქვეყნის აშენებას სჭირდება დიდი შრომა“.

ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ არა მარტო პროკურატურა საჭიროებს რეფორმას, არამედ თავიდანაა გასააზრებელი მთლიანად მართლმსაჯულების მოწყობის სისტემა. პროკურატურის რეფორმირების სამუშაო ჯგუფში ჩასართავად, თავის მხრივ, თავისი შეხედულებებით მზადაა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. მისი ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე, მაგალითად, ამბობს, რომ აუცილებელია მთავარი პროკურორისთვის თანამდებობრივი გარანტიების შექმნა, რათა პროკურორი არ იყოს დამოკიდებული პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაზე. აქვე იგი ხელისუფლებას შეახსენებს 2012 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სამთავრობო პროგრამას, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ პროკურატურის რეფორმირება იყო:

“დამტკიცებულ სამთავრობო პროგრამაში ეწერა ის, რომ პროკურორი არ უნდა ინიშნებოდეს პრემიერ-მინისტრის მხრიდან და მას უნდა ნიშნავდეს, პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტი. ანუ პროკურატურა არ უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების რაღაც დანამატი, რათა ის იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუცია. ფაქტია, რომ ასეთი დამოუკიდებელი ინსტიტუცია არ გვაქვს“.

პროკურატურის მოწყობის შესახებ პროექტი, თავის მხრივ, საკონსტიტუციო კომისიაში წარადგინა კონსტიტუციური სამართლის დამოუკიდებელი სპეციალისტების ერთმა ჯგუფმა. ჯგუფის მიერ შეთავაზებულია პროექტი, რომლის თანახმად, მთავარი პროკურორობის კანდიდატებს პარლამენტს პრეზიდენტი წარუდგენს, თანამდებობაზე მთავარ პროკურორს პარლამენტი განამწესებს და სისხლის სამართლის პოლიტიკას მთავარ პროკურორს მთავრობა განუსაზღვრავს. როგორც ამ მოდელის ერთ-ერთი ავტორი, ვახუშტი მენაბდე, ამბობს, პროექტის მომზადებისას ზემოხსენებული ჯგუფი მიზნად ისახავდა პროკურორის დამოუკიდებლობის მაღალი სტატუსის განსაზღვრას, მთავრობის განტვირთვას და მთავარი პროკურორის ბმის შენარჩუნებას მთავრობასთან. პროექტით ამ პროცესებში მნიშვნელოვნად იზრდება პარლამენტის როლიც:

“დღეს, ფაქტობრივად, არავითარი ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა არ არსებობს პარლამენტის წინაშე მთავარი პროკურორის და, ჩვენი პროექტით, უკვე პარლამენტის როლი ძალიან მნიშვნელოვნად ძლიერდება და საპარლამენტო კონტროლი ძალიან მაღალი ხარისხის ხორციელდება მთავარი პროკურორის საქმიანობის“.

პროკურატურაზე ქმედითი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი მოსწონს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს, რომელიც, ჩამოთვლის რა პროკურატურის მოწყობის შესაძლო მოდელებს, ასკვნის, რომ მთავარია ორი მნიშვნელოვანი ელემენტის დაცვა -პროკურატურა იყოს დამოუკიდებელი, რაც მის უკონტროლობას არ ნიშნავს. პროკურატურის ანგარიშვალდებულების საკითხს აყენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომლის თანახმად, პროკურატურის რეფორმაზე უკვე მუშაობს ყოფილი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ევროპული არჩევანი“. ორგანიზაცია პროექტის მთავარი პრინციპების გასაჯაროებას ჯერ არ აპირებს.

XS
SM
MD
LG